Digest Logo

„არ დაგვტოვეს ბედის ანაბარა“ - ომანიდან სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქე საქართველოს მთავრობას და დიპლომატიურ კორპუსს მადლობას უხდის

1772825146
ომანიდან სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქე

საქართველოს მოქალაქე ელენე ბაჩილავა სოციალურ ქსელში დუბაიდან და ომანიდან საქართველოში დაბრუნების რთულ გზას აღწერს და განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ხელისუფლებას ოპერატიული რეაგირებისთვის.

მისი თქმით, კრიზისული ვითარების ფონზე ის და მისი ოჯახის წევრები დუბაიში დარჩნენ, ხოლო მოგვიანებით ომანის დედაქალაქ მუსკატიდან ორგანიზებული სპეციალური რეისით შეძლეს საქართველოში დაბრუნება. ელენე ბაჩილავა წერს, რომ ისინი მუდმივ კავშირზე იყვნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან გაერთიანებულ არაბთა საამიროებში და მათგან პასუხებს ოპერატიულად იღებდნენ.

„6 მარტს დილით ომანიდან ჩამოვედით. მინდა მოგიყვეთ ჩვენი ისტორია იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს ინფორმაცია.

პირველ მარტს გვქონდა Flydubai-ის ფრენა დუბაი–თბილისის მიმართულებით. დუბაიში 5 ადამიანი ვიმყოფებოდით(მე და ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები).

28 თებერვალს, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, აეროპორტისკენ 10 საათით ადრე დავიძარით. ადგილზე მისულებს კი დუბაის აეროპორტი დაკეტილი დაგვხვდა გარეთ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

გადავწყვიტეთ აეროპორტთან ახლოს, სასტუმროში დავბინავებულიყავით. ვფიქრობდით, რომ როგორც კი საჰაერო სივრცე გაიხსნებოდა, ახლოს ვიქნებოდით და დიდ საცობებსაც ავირიდებდით. ორი დღე სასტუმროში გავატარეთ. ამ დროის განმავლობაში ჩვენს თვალწინ ანადგურებდნენ ბალისტიკურ რაკეტებს, ღამით კი ტელეფონში განგაშის ხმები გვაღვიძებდა.

რადგან აეროპორტი მუდმივი სამიზნე იყო, გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით იმ სასტუმროში, სადაც მანამდე ვიყავით ბურჯ ხალიფასთან ახლოს. 2 მარტს დავბრუნდით და სამი ღამის თანხა გადავიხადეთ (დუბაის წარმომადგენლობიდან არანაირი ხარჯი არ დაფარულა). (ანუ ჯამში დამატებით 5ღამე 28თებერვლიდან დაწყებული)

ქალაქი ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა არ იყო პანიკა, რესტორნები და მოლები სავსე იყო. პარალელურად ვუკავშირდებოდით საქართველოს საელჩოს გაერთიანებული საამიროებში და მათ წარმომადგენლებს WhatsApp-სა და Messenger-ზე. პასუხებს დროულად და ოპერატიულად ვიღებდით მათგან.

როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ომანიდან და რიადიდან დაგეგმილი სპეციალური რეისების შესახებ, ისევ დავუკავშირდით წარმომადგენლებს. საბოლოოდ აღმოვჩნდით 5 მარტის სპეციალურ რეისზე ომანიდან, მუსკატის აეროპორტიდან.

ახლა მოკლედ მოგიყვებით ომანის მარშრუტზე. ბევრი დეტალი შეიძლება გამომრჩეს ამ თავგადასავლიდან.

როგორც კი სიის შესახებ ზუსტად გავიგეთ, დავიწყეთ მუსკატის აეროპორტამდე მისვლის დაგეგმვა. მუსკატი ომანის დედაქალაქია და დუბაიდან დაახლოებით 450 კილომეტრში მდებარეობს.

3 მარტს მოვძებნეთ ადამიანი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე წაგვიყვანდა. 5 ადამიანისთვის 1400 დოლარი დაგვიფასა და დავთანხმდით. თუმცა 4 მარტს გადავიფიქრეთ და ქალაქიდან უფრო ადრე გასვლა გადავწყვიტეთ. ამ დროს ჩვენი სასტუმროს წარმომადგენელმა შემოგვთავაზა სასტუმროს ტაქსი, რომელიც ემირატების საზღვრამდე 300 დოლარად წაგვიყვანდა.

გამოვიარეთ უდაბნო, აქლემები, დაუსახლებელი პუნქტები.დუბაიდან დაახლოებით ორ საათში მივედით გამშვებ პუნქტთან, სადაც ემირატების მესაზღვრეებმა პასპორტებში ქვეყნის დატოვების ბეჭდები დაგვისვეს. იქ გადაადგილების მსურველებისთვის საკვებიც კი იყო მომზადებული და ძალიან ყურადღებიანად გვექცეოდნენ.

რიგი საკმაოდ სწრაფად გავიდა. დაახლოებით საღამოს 6 საათი იყო, როდესაც ავტობუსში ჩავსხედით. ხუთ წუთში ნეიტრალურ ზონაში გადაგვიყვანეს, სადაც ავტობუსს ორი საათი ველოდებოდით. ამ დროის განმავლობაში ათობით ტაქსის მძღოლი გვთავაზობდა მუსკატის აეროპორტამდე წაყვანას. ზოგი საკმაოდ მომაბეზრებელიც იყო. ჩვენ მაინც უარს ვამბობდით ღამით უდაბნოში უცნობ ადამიანთან მგზავრობა რისკიანი ჩანდა.

ორი საათის შემდეგ მოვიდა ავტობუსი, რომელმაც ომანის საზღვრამდე მიგვიყვანა. იქაც დაახლოებით ორი საათი მოგვიწია ლოდინი. ავტობუსში ხშირად ამოდიოდნენ ტაქსის მძღოლები და ძალიან მაღალ ფასებს გვთავაზობდნენ.

ავტობუსში გავიცანით სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები. მაგალითად, სლოვაკეთის ოჯახი სამი წლის ბავშვთან ერთად. მათ დიდი უკმაყოფილება გამოხატეს საკუთარი (სლოვაკეთის) მთავრობის მიმართ არანაირი დახმარება არ მიუღიათ და თავად დაგეგმეს მარშრუტი: ომანიდან ეგვიპტეში, იქიდან თურქეთში და ბოლოს საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.

როგორც იქნა, ჩვენი რიგიც მოვიდა. შევედით შენობაში, სადაც პასპორტებში ომანში შესვლის ბეჭდები ჩაგვირტყეს. შემდეგ იგივე ავტობუსმა დაახლოებით ხუთ წუთში ერთ-ერთ ავტოსადგურზე მიგვიყვანა.

იქ უკვე 20–30 ტაქსის მძღოლი დამეხვია თავს. სიტუაციის განსამუხტად ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, რომ აუქციონს ჩავატარებდი ვინც უკეთეს ფასს შემომთავაზებდა, მას ავირჩევდით

აუქციონი მალე დავასრულე  ავირჩიეთ ძალიან ზრდილობიანი ახალგაზრდა,რომელიც ძალიან სანდო ჩანდა და უსაფრთხო,ინგლისურადაც კარგად საუბრობდა. მუსკატის აეროპორტამდე 300 დოლარად წაგვიყვანა ეს თანხა სამჯერ ნაკლები იყო იმაზე, რასაც სხვები გვთავაზობდნენ.

საზღვრიდან აეროპორტამდე გზამ დაახლოებით სამი საათი წაიღო. აეროპორტში მივედით 4 მარტს, დაახლოებით 11:20-ზე. ყველა სასტუმრო დაკავებული იყო, ამიტომ ის ღამე აეროპორტში გავათენეთ.

5 მარტს აეროპორტი ქართველებით გაივსო. საინფორმაციო მაგიდასთან დაახლოებით 17:00-ზე მოვიდა ბატონი სოსო გამგონიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი. საოცარი ადამიანი ,ყურადღებიანი, ინტელიგენტი და ძალიან მზრუნველი.

მიუხედავად რთული და ქაოსური სიტუაციისა, საღამოს 21:00-ზე დაიწყო თბილისის მიმართულებით ფრენის ორგანიზება. ბევრი ადამიანი, ვინც თავდაპირველ სიაში არ იყო, მაინც მოახერხა რეგისტრაცია.

ბარგის ჩაბარებას დაახლოებით 2.5 საათი დასჭირდა. ბატონი სოსო თავად ეხმარებოდა ყველას ბარგსაც კი თვითონ დებდა სასწორზე, რომ ხალხი არ გადაღლილიყო.

23:30-სკენ გეითისკენ დავიძარით, თუმცა ბილეთებთან დაკავშირებული შეცდომის გამო ფრენა კიდევ გადაიწია. ამას დაემატა ინფორმაცია ნახიჭევანის აეროპორტის დაზიანების შესახებ და იმის საფრთხე, რომ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ჩაკეტილიყო.

როგორც იქნა, უკვე 6 მარტს, გამთენიისას, დაახლოებით 03:00 საათზე ავედით აირზენას თვითმფრინავში. ფრენა დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა. მთელი გზა ვნერვიულობდით რეგიონში არსებული ვითარების გამო.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ რთულმა დღეებმა უამრავი საოცარი ქართველი გაგვაცნო  
ღმერთის მადლით უვნებლად დავბრუნდით სახლში

დიდი მადლობა ყველას, ვინც გვკითხულობდა, გვწერდა და ჩვენს მდგომარეობაზე ნერვიულობდა. ეს 40-საათიანი გზა ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, სოსო გამგონიძეს,საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოს ოპერატიული რეაგირებისა და ყურადღებისთვის. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ დავუტოვებივართ ბედის ანაბარა.

არავის ვუსურვებ ომის ან მსგავსი კრიზისის პირობებში ყოფნას. თუმცა როგორც ამბობენ რაც არ გკლავს, გაძლიერებს.

შეირგეთ მშვიდობა და კარგად ყოფნა. მადლობა ყველას!

როგორც შემდეგ გავარკვიე, დუბაიდან გადიან ავტობუსები ომანში, მუსკატის აეროპორტის მიმართულებით.

Embassy of Georgia to the United Arab Emirates
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
საქართველოს მთავრობა“, - წერს ელენე ბაჩილავა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ახლო აღმოსავლეთში ომის სიახლოვეს ჩარჩენილი ჩვენი თანამემამულეების გამოსაყვანად რამდენიმე სპეცრეისი უკვე შესრულდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის“ – დავით კაჭარავა

⭕„სხვა შანსი აღარ გვექნება აქედან წასვლის...“ - ტაილანდში ჩარჩენილი ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს!

⭕„ბავშვის ენერგია და გონება განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტექნოლოგიების მიმართ“ - რატომ უნდა შევზღუდოთ ტელეფონი ბავშვებში, რას გვირჩევს ქეთევან ჯანდიერი