Digest Logo

„არ მინდა დაგადარდიანოთ, უბრალოდ მინდა იცნობდეთ და ახლოდან გაგაცნოთ...“ - ქეთი მოლაშვილი სოფო ყარალაშვილზე

1691911860
სოფო ყარალაშვილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დრომდე 9 დაკარგულს ეძებენ.

ბოლო მონაცემებით სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 17 ცხედარი იდენტიფიცირებულია, მათ შორის ერთ-ერთია სოფო ყარალაშვილი, რომელზედაც მისი მეგობარი ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„საერთოდ არ მინდა დაგადარდიანოთ, უბრალოდ მინდა იცნობდეთ და ახლოდან გაგაცნოთ ჩვენი გოგო-ბიჭები, რომლებზეც წარსულში არ ვილაპარაკოთ, მათზე რომ ვწერ, თითქოს გულზე დარდი მეშვება და ემოციები გადმომაქვს.

ჰოდა ასე იყო, სოფის ჰქონდა ყველაზე მაგარი ტელეფონი და გვიღებდა უამრავ ფოტოს, მერე რა დააზარებდა, ამ უამრავ ფოტოს, 2 წამში გვიგზავნიდა და უხაროდა, ჩვენც რომ გვიხაროდა.

სოფის ტელე სავსე იყო ჩვენი ფოტოებით, ჩემს ტელეს იშვიათად თუ გამოვაჩენდი ხოლმე, მაგრამ კიდევ კარგი, მიყვარს ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება, ასე შემომრჩა უამრავი კადრი სოფის ციმციმა თვალებისა ♡
ჩეხეთში წავედით ერთად, სამნი, ერთი სკოლელები, მეგობრები, ქიზიყელები.

ოთახებში რომ გადავნაწილდით, ახლა მოიცაააო, უცებ დაცქრიალდა და იმავე საღამოს ჩემთან გადმოცხოვრდა, ენის სწავლა აღარ გვინდა და ასე უკეთესად ვიქნებითო და მართლაც, ლიკაც ჩვენს ოთახში გადმოცხოვრდა და მთელი ღამეები ვლაპარაკობდით, მთელი დღეებიც.

ეს სამი ქიზიყელი ჩამოვედით პრაღაშიი და... ასე იწყებოდა ყველა ჩვენი ვიდეო. ვარჯიში რომ დავიწყე, პირველი სოფი შემომიერთდა, ისე შორიდან ამოდიოდა ხოლმე, ვერც წარმოიდგენთ. ვარჯიშის დროს, რაღაზე არ ვლაპარაკობდით, ამერიკაში რომ წავიდა, ცოტა ხანში მომწერა, ჰო არ გგონია აქ ვარჯიშს თავი დავანებე, ნახე როგორი სატრენაჟორი სივრცე ვიპოვეო, იქიდან ის მებლატავებოდა, აქედან მე, აი ცოტა ხანში ჩამოვალ და ისევ შემოგიერთდებიო..

და როგორია იცით სოფი? ყველა რომ დაიღლებოდა ხოლმე სიარულით და აქეთ იქით წანწალით,
მე და სოფი შევრჩებოდით ხოლმე ერთმანეთს, ხან სად მივდიოდით, ხან სად, ინდენი თავგადასავალი გვქონდა,
მეორე დღეს, გაფორმებით, ხმამაღლა და სიცილ-ხარხარით ვყვებოდით ხოლმე წინა დღის ამბებს, თან ვინც ორივეს გვიცნობთ ჰო მიხვდებით, ერთმანეთს არ ვაცლიდით ვინ უფრო სასაცილოდ მოჰყვებოდა, დავიწყებდი მე და
მოიცა მოიცა, ამას მე ვიტყვი, დაიწყებდა ის და ესეც, ესეც თქვი, არ გამოგრჩეს, ვახსენებდი მე.

სოფი გიიჟდებოდა გიოზე, ისე ამაყობდა. მიუხედავად იმისა, რომ გიო წასული იყო, მუდმივად ჰქონდათ კომუნიკაცია, მუდმივად. სულ იცოდნენ სად და როგორ იყვნენ. ოჯახი ისე მნიშვნელოვანი იყო სოფისთვის, თითოეული ამბავი ისე ძვირფასი იყო, ისე ბედნიერი იყო, მე და გიოს გვისმენენ მშობლები და ჩვენი სჯერათო, ისე უხაროდათ.

იმხელა გეგმები ჰქონდათ ჩვენს მხარესთან დაკავშირებით, მე რომ მათ ასაკში ვიყავი, არც დამესიზმრებოდა,
ნელ-ნელა ჰო გაიგებთ. სტუდენტი ჰო იყო, ცოდნის კაფეზე რამე დადებული ჯერ არ გვქონდა და უკვე მორბოდა,
სულ ჩვენთან იყო, პირველი შეხვედრა რომ გავაკეთეთ ახალ ცოდნის კაფეში, უთქმელად მოცქრიალდა, ამდენი ჭუჭყი და სიბინძურე ერთად გავიტანეთ, გავიჭუჭყეთ, გავიმურეთ, მერე ამაზეც ვიცინოდით.

ჰოდა ახლა ჩვენი მთავარი მისია ისაა ამ ახალგაზრდების დაწყებული საქმეები ბოლოში გავიყვანოთ და დიდზე დიდი საქმეები ვაკეთოთ მათი სახელით, ყველაფერი გამოვა.

სოფის და გიოს
პანაშვიდი: ორშაბათი, 17:00 სთ,
დაკრძალვა: სამშაბათი 14:00 სთ“, - წერს ქეთი მოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა

„რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი“ - ზაზა მესხის მეგობრის ემოციური პოსტი

„რაც ამ დღეებში ვნახე და ვიგრძენი პანაშვიდებზე ყოფნისას, ენით აღუწერელი, უმძიმესი და დამანგრეველი განცდაა“ - სანდრა რულოვსი შოვის ტრაგედიაზე