ჟურნალისტი და ახალი ამბების „მოამბეს“ წამყვანი თამთა სანიკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალ გზას აღწერს.
თამთა სანიკიძე წერს რიგში მდგომ, გაერთიანებულ ხალხზე, რომლებიც პატიოსნად, უჩუმრად ელოდებიან, როდის მიაგებენ ბოლო პატივს უწმინდესს:
„საოცარი საქართველო ვნახე დღეს - ერთიანი, დარდსა და გლოვაში გაერთიანებული, დადუმებული და რწმენაში კიდევ უფრო გაძლიერებული.
ათი ათასობით მდუმარე და თავდახრილი ადამიანი, სანთლებითა და ყვავილებით ხელში, ჩუმად, მოკრძალებით, მშვიდად, მტკიცედ და მოთმინებით ელოდა საათების განმავლობაში საკუთარ რიგს, რათა სულიერ მამას მიახლებოდა, გამომშვიდობებოდა და კიდევ ერთხელ ეთქვა მადლობა საპატიო და მძიმე მისიის ღირსეულად შესრულებისთვის და თაობებისთვის დატოვებული უნიკალური სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობისთვის.
ირგვლივ გამეფებულ მდუმარებას დროდადრო სასწრაფო დახმარების თხოვნა არღვევდა, ისევ დგებოდნენ და ძალამიცემულები განაგრძობდნენ გზას სამებისკენ. მათ შორის იყო ბევრი ხანდაზმული.
არავის უცდია მრავალსაათიანი რიგის და უწყვეტი ნაკადის გარღვევა, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ზრუნავდნენ ერთმანეთზე. პატრიარქი გვაძლევდა თითოეულ ჩვენგანს საოცარ ძალას და გვაძლიერებდა.
ერის სულიერი წინამძღოლი, რომელმაც თავისი ცხოვრებისა და ეპოქალური მოღვაწეობის ყოველი წუთი ეკლესიასა და სამწყსოზე და ერის გამთლიანებაზე ზრუნვას მიუძღვნა.
დღეს პატრიარქის საქართველო ვნახე და ეს იყო ყველაზე ნათელი გამოხატულება უსაზღვრო და უპირობო სიყვარულის, ერთგულებისა და მადლიერების“, - წერს თამთა სანიკიძე.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვერ აღვწერ შეგრძნებას, მხოლოდ ფილმის კადრი მედგა თვალწინ...“ - მანიკა ასათიანი