Digest Logo

„ბაბლი ანუ ერთ ქვაბში მოხარშულები - სანამ ვინმეს მოვკვეთავთ, ცოტა დავფიქრდეთ, ვაი და რომელიმე ალუდა ქეთელაურს ვდევნით „საფრენდეთიდან“ - რომან გოცირიძე

1672909814
რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში დამკვიდრებულ ტენდენციებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს და საზოგადოებას ნაჩქარევი მოქმედებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„ბაბლი ანუ ერთ ქვაბში მოხარშულები.

ფეისბუკი ისეა აწყობილი, რომ ხუთი ათასი „მეგობარი“ შეიძლება გყავდეს, ხოლო „გამომწერები“ უსასრულო რაოდენობით. ერთ მშვენიერ დღეს, პროგრამა რომ შეიცვალოს და ყველა „მეგობრები“ გახდნენ ან პირიქით, არც ეს პრობლემა გაჩნდებოდა ალბათ, რაზედაც ახლა ვწერ.

ტექნიკურმა სტანდარტმა ფეისბუკსივრცეში მორალური მხარე შეიძინა და საკომუნიკაციო „ტექნიკური“ ჯგუფის „მეგობრებად“ მონათვლამ პრობლემები გააჩინა. საქართველოში ანუ პოლარიზებულ საზოგადოებაში ეს განსაკუთრებულად თვალშისაცემია.

ვთქვათ, ვიღაც არის ვიღაცის თვალში ძალიან ცუდი ადამიანი. უცბად, ეს ცუდი არსება აღმოჩნდა იმ ადამიანის „სამეგობროში”, ვინც გაერთიანებულია რაღაც ტექნიკური ხასიათის ჯგუფში. ამ ცუდ ადამიანთან ერთად იგი რეალურ ცხოვრებაში ერთ სუფრაზე არ დაჯდებოდა. ამავე პრინციპით, იგი მას არც „საკუთარ” ფეისბუკსუფრაზე მოიწვევს მეგობრად. თუ შეცდა და დაპატიჟებული ჰყოლია და საჯაროდ უნდა, რომ გამოაჭენოს როგორც უღირსი, მაშინ უნდო მოუწოდო: „ახლავე დატოვე ჩემი სუფრა“. შეგიძლია ეს ხმაურის გარეშეც გააკეთო, უბრალოდ წაშალო „სუფრიდან”.

მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება. აღმოაჩინე, რომ ცუდი კაცი, რომელიც სუფრიდან გააგდე, სხვის, მრავალათასიან „წვულებაზე“ აღმოაჩინე, სადაც შენც ხარ დაპატიჟებულ - „დამეგობრებული“. აქ კი ვერ ითმენ და ყველას, ვისაც ეს კაცი ჰყავს დაპატიჟებული, საჯაროდ მოუწოდებ: „თუ ახლავე არ წაშლით სამეგობროდან ამ ცუდ არსებას, ჩემი ფეხი არ იქნება თქვენთან, მაშინ წამშალეთ მე“. უკვე „მესამე პირი“ ხდება ღირებულებითი შეფასების ობიექტი, პირველ, ცუდ პირთან „მეგობრობის“ გამო.

მერე ხდება გაფილტვრა, ღრმა გაფილტვრის შემდეგ ღებულობ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილთა გაერთიანებას, რომელსაც „სვეტსკად“ სასაცილო სიტყვა, „ბაბლი“ შეარქვეს. ჯერ არაა ეს სიტყვა მთლად ფეხმოკიდებული და ვინც ამას იყენებს, მათზე მეცინება, რადგანაც რაღაცნაირი „პრადვინუტობის“ ფარული მანიშნებელია. ან სულაც არაა ასე და ჯერაც საწყის სტადიაზე, აი ისე, ათიოდე წლის წინათ ვიღაცამ პირველად რომ თქვა „გაიხარეთო“ და ახლა რომ მთელი საქართველო „ხარობს“. ასეა თუ ისე, მეცინება „ბაბლისტებზე“ და რა ვქნა.

მოკლედ, მთლად კომფორტის ზონაში თუ გინდა ყოფნა, ფეისბუკი ამის საშუალებასაც გაძლევს, სულაც ბიძაშვილ-მამიდაშვილებით შეიძლება შემოფარგლო შენი „მეგობრების“ წრე.

პრობლემა რა თქმა უნდა მხოლოდ ნაწილობრივაა სემანტიკაში. მეგობრის ნაცვლად რაიმე სხვა ტერმინი რომ ერქვას,შეიძლება მთლად ასე მტკივნეულად არ ყოფილიყო აღქმული შენგან განსხვავებულთან, არასასურველთან, „არამეგობართან“ ერთ სივრცეში თანაარსებობა, მაგრამ ეს მაინც არაა მთავარი. „იზოლაციონიზმი“ პოლარიზებული და პოლიტიზებული გარემოს პროდუქტია.

ფეისბუკი მართლაც რომ უნიკალურია, ყველას შეუძლია აირჩიოს გახსნილობის მისთვის სასურველი დონე.
ამერიკაში კვლევა ჩაუტარებიათ და დაუდგენიათ, რომ რაც უფრო ერთფეროვანი და ჩაკეტილია ფეისბუკსამეგობრო, მით უფრო კონფრონტაციული და არატოლერანტულია იგი სხვების მიმართ. რჩევაა, რომ იყოს მეტი კარგახსნილობა. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ჩაკეტილობა ცუდი ყოფილა ჯანმრთელობის მხრივაც.
ასე, რომ სანამ ვინმეს მოვკვეთავთ და სხვასაც მოკვეთისაკენ მოვუწოდებთ, ცოტა დავფიქრთედ, ვაი და რომელიმე ალუდა ქეთელაურს ვდევნით „საფრენდეთიდან““, - წერს გოცირიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დადო ექიმმა ტელეფონი და აქვითინდა…“ – ამბავი, რომელიც ახალი წლის ღამეს მოხდა

🔵ქუთაისში გადაარჩინეს პაციენტი, რომელსაც სასუნთქ მილში ქათმის ძვალი გაეჩხირა

🔵„აბა, ახლა დააკვირდით, რას უდრის 2023 წლის ციფრთა ჯამი?“ - გია მურღულია