ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც პროდუქტების კომბინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, როდესაც ინგრედიენტები გონივრულად ერწყმის ერთმანეთს, წარმოიქმნება სინერგია ანუ მათი ეფექტი ბევრად უფრო ძლიერია ერთად, ვიდრე ცალ-ცალკე:
„საკვები ბიოქიმიური კოდია. თანამედროვე ნუტრიციოლოგიაში კვება აღარ ნიშნავს მხოლოდ კალორიების დათვლას. ბევრად მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ როგორ ვაერთებთ პროდუქტებს. გასტრონომიასა და კვების მეცნიერებაში არსებობს პრინციპი - Food Pairing.
რაც ნიშნავს პროდუქტების შერჩევას მათი არომატული მოლეკულებისა და ბიოაქტიური ნივთიერებების მიხედვით. როდესაც ინგრედიენტები გონივრულად ერწყმის ერთმანეთს, წარმოიქმნება სინერგია ანუ მათი ეფექტი ბევრად უფრო ძლიერია ერთად, ვიდრე ცალ-ცალკე.
აი, სამი კომბინაცია, რომელიც ბევრს უცნაურად ეჩვენება, თუმცა მათ უკან რეალური კულინარიული და ბიოქიმიური ლოგიკა დგას:
ზეთისხილი + ფორთოხალი
მარილიანისა და ტკბილის ეს კონტრასტი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოში დიდი ხანია გამოიყენება. ზეთისხილი მდიდარია პოლიფენოლებით, ფორთოხალი კი შეიცავს ვიტამინ C-ს და ფლავონოიდებს. ასეთი კომბინაცია ქმნის მძლავრ ანტიოქსიდანტურ პროფილს და გემოს დახვეწილ ბალანსს.
მარწყვი + პარმეზანი
გასტრონომიაში ეს უკვე კლასიკური pairing-ია. პარმეზანი შეიცავს უმამის ამინომჟავებს, მარწყვი კი მდიდარია არომატული ნაერთებითა და პოლიფენოლებით. მათი სინთეზი ქმნის გემოს რთულ ბალანსს: ტკბილი + მჟავე + უმამი. ტვინი ასეთ მრავალშრიან გემოებს აღიქვამს, როგორც სრულ და დამაკმაყოფილებელ საკვებს.
ჭარხალი + მუქი შოკოლადი
ეს წყვილი თანამედროვე ჯანსაღ დესერტებში სულ უფრო პოპულარული ხდება. ჭარხალი შეიცავს ბეტალაინებს, მუქი შოკოლადი კი - ფლავანოლებს. ორივე ნაერთი ხელს უწყობს ანტიოქსიდანტურ აქტივობასა და სისხლძარღვების ფუნქციის მხარდაჭერას. გემო კი საოცრად ღრმაა - ბუნებრივი სიტკბოთი, რაფინირებული შაქრის გარეშე.
რატომ არის სწორი კომბინაცია მნიშვნელოვანი?
როდესაც პროდუქტებს გააზრებულად ვაერთებთ, ვიღებთ:
•უკეთეს ბიოშეღწევადობას, ზოგიერთი ნუტრიენტი მხოლოდ წყვილში შეიწოვება მაქსიმალურად.
•დაბალანსებულ გლიკემიურ რეაქციას, სისხლში შაქრის დონის სტაბილურობას.
•სენსორულ სირთულეს, ტვინი უფრო სწრაფად იღებს დანაყრების სიგნალს.
საკვები არის ბიოქიმიური ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღე ვაწვდით ჩვენს ორგანიზმს. ხშირად ყველაზე საინტერესო აღმოჩენა სწორედ პროდუქტების სწორ სინერგიაში იმალება“, - წერს ნატა გაგუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი ასკეზა ავიღოთ სურვილის ასასრულებლად? - „სტარტი 1-ელი აპრილი“