34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მეხი დაეცა. შემთხვევა 10 აგვისტოს, მოხდა.
დაღუპულის და, რუსკა ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ალპინისტს, რომელსაც მთელი საქართველო დასტირის, 15 აგვისტოს დაკრძალავენ.
„აჩის პანაშვიდი იქნება დღეს და ხვალ 5 საათიდან. მიხელ ზანდუკელის 21 ნომერში. გასვენება ხუთშაბათს, 15 აგვისტოს. გასვენების დეტალები დაზუსტდება და შეგატყობინებთ.
---
რაღაც მომენტში უკეთ დავწერ ჩემს ძმაზე და იმ ღირსეულ, ერთიან სიტუაციაზე რაც სვანეთში მისი ძებნის და პოვნის დროს იყო. სვანურ დატირებასა და გაცილებაზე, რომელიც ასე მოუხდა და იმსახურებდა. იმ მისთვის ძვირფას ადამიანებზე, რომლებიც მის საპოვნელად ძალიან სახიფათო ადგილებში უსწრაფესად შევიდნენ და ძალა არ დაიშურეს რომ ეპოვათ.
ყველაზე მეტად მთაში, მით უმეტეს სვანეთში (მისთვის ყველაზე შინაური და საყვარელი მხარე) წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა თუ ნაადრევად წასვლა ეწერა. მთლიანად შხელდის ტრავერსი იყო ხალისით და სიცილით სავსე, ბოლო ზარი იყო ბედნიერი. ბოლო წუთებში იყო თავის ბიჭებთან ერთად რომლებზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა და ყველაზე დიდი შვება მისთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც არის ის რომ მისი სამი ჯილა ცოცხალი დავიბრუნეთ, თუმცა ასე დაღდასმულები.
ძალიან ბევრი მისთვის ახლობელი ადამიანი ეძებდა, მისთვის ძვირფასმა სვანმა მაშველმა ბიჭებმა იპოვეს (მათ სახელებსაც დავწერ შემდეგ) და დააბრუნეს.
არც წარმომიდგენია როგორი იყო გიო ნიგურიანის და ბესო ხერგიანისთვის აჩისთვის სამაშველოს დაგეგმვა და მოწყობა, როცა ერთ ოჯახად უცხოვრიათ.
ახლა ძალიან ბევრი ადამიანის სახელს უნდა ვწერდე და აუცილებლად დავწერ, მაგრამ იქამდე:
ჰე, გიო... ბაქარ, თემო! მე მაინც ხო ვიცი რა ელდით და რა გულით, რა სიჩქარით ეძებდით თქვენს ბიჭს. გისამძიმრებთ.
და აქვე აჩის ნაწერი ოდეს მთაში წასვლამდე: ნახვამდის ხალხნო!
ჩვენ ერთ მთვარეს და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით.
ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!
ფოტო: იმ დღეს. 1 აგვისტო, ორნი თეთნულდზე“, - წერს რუსკა ბადრიაშვილი.
უბედურ შემთხვევამდე ალპინისტი ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც დაულაშქრავ მწვერვალზე ავიდა - სწორედ ამ ლაშქრობის ემოციებზე იგი სოციალურ ქსელში წერდა:
„მოგესალმებით!
გიზიარებთ ინდოეთის ჰიმალაებში ექსპედიციაზე ოდნავ დაგვიანებით და მოკლედ:
ჩვენმა ინტერნაციონალურმა სამეულმა ორი პირველ-გავლა მოვახერხეთ ნანდა დევის რეგიონში
》აუსვლელ მწვერვალ ნანდა შორიზე 6344 მ.
》რთულ და ლამაზ მწვერვალ ჩანგუჩზე 6,322 მ.
ორივე ველური ტექნიკური ხუთიანი, უაღრესად ნაშალ კლდესა და მიქსთზე გავიყვანეთ, არანაკლებ რთული იყო უკაცრიელ რელიეფზე დაშვებებაც.
პირველი ასვლა უფრო რთული იყო ტექნიკურად, ჩემთვის ახალი განზომილების ნაშალ კლდეს შევეჯახეთ, თუმცა ერთი ღამის თევით გავიარეთ გზა და მწვერვალთან გვეძინა, ამან შესანიშნავი აკლიმატიზაცია მოგვცა, ხედებით!
აუსვლელ მწვერვალს ნანდა დევის ქალიშვილი დავარქვით.
ჩანგუჩზე კი სხვანაირად იყო, გარეული ,,ლურჯი ცხვრების" კლანის თავდასხმების გამო, სადაც ჩვენ ზარბაზნების ცეცხლის ქვეშ მებრძოლ სამ მუშკეტერს ვგავდით, ათასობით ქვის ცვენის ფონზე, თუმცა ამას მხოლოდ კარვის კეთილდღეობა შეეწირა, ჩვენ კი აქაც ერთი ღამის თევით ავედით და კარავთან შუაღამით დავბრუნდით, დაახლოებით 20 დულფერის შემდეგ ღამეში, ყინულზე.
ასეთ ლამაზ, ლეგენდარულ რეგიონში, რომლის მთის მისადგომები და ხეობები ლამის მთლიანად შემოვიარეთ აკლიმატიზაციის და მოცალეობის ჟამს და ფაქტობრივად არც ერთი დღე არ დაგვიხარჯავს უქმად, ეს ასვლები ჩემთვის ნამდვილად ახალ გამოცდილებასთან დაკავშირდა და ნანდა დევის ძალიან მადლიერი ვარ.
• ნანდა დევი აღმოსავლეთი 7,434 მ. სადაც ჩვენი მიზანი ახალი გზის გავლა იყო მის უზარმაზარ სამხრეთ-აღმისავლეთ ფერდზე - ცდა არ დავაკელით, მაგრამ 6000-ზე არ ვიყავით ასული, მძიმე, სიცხის პირობებში, ზვავების და ტალახ-ნარევი წყაროების თანხლებით მგოვიწია უკან დახევა. (0°C 6500მ-ზე!) მიზეზი სწორედ ანომალიური დათბობა და სახიფათო პირობები იყო.
გარდა ამ პარადოქსული მცდელობის თუ უნიკალური ასვლებისა, ჩემთვის და მთელი გუნდისთვის უმთავრესი იყო ჩვენი ერთიანობა, არა მარტო მარკოს, მანუს და ჩემი, არამედ ჩვენი ინდოელი კოლეგების, რომლებიც გულით გვეხმარებოდნენ და გვერდში გვედგნენ (ბაგვანი, დევ რაჯი და მუკეში) ამ მეგობრობამ ყველა იქაურ გამოცდას გაუძლო და სასიამოვნო გახადა ყველა დაძაბული აქტივობა.
ჩემი ბავშვობის ოცნება, მთაში მეარა იმ ადამიანებთან, ვისი ისტორიებითაც ვიზრდებოდი, მხოლოდ ვოცნებებდი ისეთ მთამსვლელებთან ერთად სიარულზე, როგორიც არის მარკო პრეზელი.
მანუ პელისიე ოდნავ გვიან გავიცანი, როგორც მარკოს ახლო მეგობარი, მანაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს გულში. ორივე მაგარი კაცია და ორივე ალპური სტილის ტიტანია!
იმასაც ვიტყვი, ჩვენი სამეულის მხრებზე ჯამში ექვსი ოქროს წერაყინია, ეს ძირითადად მარკოს ხარჯზე
აი, ჩემო ხალხო, ამ ემოციით დავბრუნდი ექსპედიციიდან, ბოდიში გვიან გაზიარებისთვის, ამას თან თავისი მიზეზი ჰქონდა. ასე და ამგვარად, პირველი ქართული კვალიც დავტოვეთ ინდოეთის ჰიმალაებში!
დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედგა, ფიქრობდა ჩვენზე.
მადლობა Ruska Badriashvili და ოჯახს პროგნოზებისა და გამხნევებისთვის!
ბედნიერ ზაფხულს და დასვენებას გისურვებთ!“,- წერდა არჩილ ბადრიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ლამაზი“ - თათია თექთურმანიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ