Digest Logo

🎥 „ბორისოვს გადასცა 10 000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა, გარდაცვლილების დასაკრძალად და მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო“ - მოგონებები აგვისტოს ომზე

1773823226
ილია მეორე

აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადას მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას ნიშნავდა, თუმცა უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა.

14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო – იქ ჯერ უამრავი ადამიანი რჩებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა. 15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა.

ბორისოვმა პატრიარქს უთხრა: „ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო“.

ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10 000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა, გარდაცვლილების დასაკრძალად და მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო…

კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო – წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო.

რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო, ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო.

როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარა, ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, – ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა – პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა – ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს, მთელი გზა უწმინდესი მანქანაში ტიროდა…

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1594216638522361

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება...“ - უცნობი ფაქტი ილია მეორეზე

„ვინაც შენთვის იღვიძებდა, მკვდარი წინ გიწევსო. ვაი, შენაც, საქართველო, რაღა შენი დღეო“ - ბესიკ ხარანაულმა ილია მეორეს ხსოვნას ლექსი მიუძღვნა

🎥 „ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ... ქალი გაჭირვებას უმალავს, არ უნდა დაამძიმოს მისი სიღარიბით“ - ზაკ მირიანაშვილი