თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ისეთი ფაქტი გაგვიზიარა, რაც არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის.
ამბავი ეხება უწმინდესის მიერ მოხატულ წმ. თამარ მეფის ფრესკას:
„მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე (1933-2026).
„1978 წლის 22 მარტს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დიდ საბჭოზე მხატვრის ესკიზების განხილვა მოეწყო, რომელსაც საბჭოს წევრების გარდა მისი უწმინდესობაც ესწრებოდა. პატრიარქმა სიუჟეტების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მისი კავშირი ძველი ქართული ფრესკული ხელოვნების ტრადიციებთან ძალიან მოიწონა და საბჭომ ისინი დაამტკიცა. დიდუბის ტაძარს მთელი ათი წლის განმავლობაში ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე ხატავდა.
გუმბათის მოხატვის შემდეგ ბანძელაძემ განაცხადა: ჩემი თავისუფალი უფლება უნდა გამოვიყენო და უწმინდესის სურათის დახატვა მსურსო. ასეც მოიქცა. მაშინ პატრიარქისთვის არაფერი გვითქვამს, მან არც კი იცოდა, რომ შურამ მისი პორტრეტი დახატა. მხატვარი პატრიარქთან ხშირად დადიოდა და მისგან რჩევა-დარიგებებს იღებდა, კანონიკური მხატვრობის წესებში თანდათან ერკვეოდა. უწმინდესმა წიგნები მისცა და ისიც ბევრს კითხულობდა, სწავლობდა. ამის სამადლოდ გადაწყვიტა პატრიარქი დაეხატა.
ამის შემდეგ ალექსანდრე ბანძელაძემ უწმინდესს სთხოვა, ერთი ფრესკა თქვენ მოხატეთო, სწორედ იმ ადგილის გვერდით, სადაც პატრიარქის პორტრეტია დახატული. პატრიარქი თავდაპირველად უარზე იდგა, მაგრამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ უწმინდესი, როგორც იქნა, დავითანხმეთ. პატრიარქი ფრესკაზე თვეზე მეტ ხანს მუშაობდა. როცა უწმინდესი თავისუფალ დროს გამოძებნიდა, მოდიოდა და ხატავდა. შურას მისთვის საღებავები მიჰქონდა, პატრიარქი კი თავად აზავებდა ერთმანეთში.
უწმინდესის მიერ მოხატული წმ. თამარ მეფის ფრესკა ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან დიდი რამაა. უწმინდესი დიდი სიამოვნებითა და ღიმილით ხატავდა. ალექსანდრე ბანძელაძეს ეუბნებოდა: მე ისე ვერ მოვხატავ, როგორც შენ ხატავო. მხატვარი პატრიარქს სთხოვდა: მოხატეთ, როგორც შეგიძლიათ, ისე კარგად ხატავთ, თავადაც არ იცითო“, - ამბობს თაისი ტორონჯაძე.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: