პოეტმა ბესიკ ხარანაულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხსოვნას ემოციური ლექსი მიუძღვნა.
ტექსტი პოეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ვაი, მზევ, ამომავალო,
აღარ ფერი გდევსო,
ვინაც შენთვის იღვიძებდა,
მკვდარი წინ გიწევსო.
ვაი, შენაც, საქართველო,
რაღა შენი დღეო,
ვინაც შენთვის იღვიძებდა,
მკვდარი წინ გიწევო.
ნიავღვარი ჩაგვდიოდა,
ხიდი გაგვიდეო,
ვინაც ჩვენთვის ილოცავდი,
მკვდარი წინ გვიწევო“, - წერს ბესიკ ხარანაული.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: