საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკაში ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ილია მეორეს იხსენებს როდესაც 22 წლის წინ მას პირადად შეხვდა.
„22 წლის წინ, როცა პირტიტველა და ბევრი არაფრის მცოდნე ბიჭი მის უწმინდესობას პირველად შევხვდი, უამრავი რამ ჩემთვის ფუნდამენტურად შეიცვალა. შემიძლია ვთქვა, რომ თუკი რამ ღირებულია ჩემში, თუკი ფასეულობათა მართებულ და სწორ სისტემას ვეყრდნობი, ეს ყველაფერი მის გამოა და მისგან ვისწავლე. მათ შორის ვისწავლე ის, თუ როგორ უნდა მელოცა, როგორ წამეკითხა დიდი მამები და მათი პატროლოგიური ნაშრომები, მათ გვერდით კი სახელგანთქმული ფილოსოფოსები (რომელთა წიგნებით სავსე იყო ის ყუთები, რომელიც მას წასაკითხად ზაფხულის პერიოდში, მაგალითად ფასანაურში მიჰქონდა) ასევე, ვისწავლე ისეთი, თითქოს ელემენტარული რამეები, როგორიც მცენარეების მოვლა იყო. მისივე რჩევით, მის თვალწინ ვაკეთებდი თიხის ნაკეთობებს, რასაც ჩვეული, კეთილი, დაუვიწყარი ღიმილით, უხვად მიქებდა.
იმ წლების განმავლობაში, ჩემს თვალწინ ყალიბდებოდა სახე-ხატი თითქმის იდეალური ადამიანისა და გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ის ჩემთვის გახდა საზომი მოვლენების, ცხოვრებისეული ნიუანსების, იმ მნიშვნელოვანი დეტალების, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი ყოფა.
მისი ღრმად გააზრებული, ინტელექტითა და სულიერებით სავსე დამოკიდებულებები კი, ჩემს, საკმაოდ ადრეულ ასაკში დაწყებულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გახდა გზამკვლევი და რა გასაკვირია, რომ ამის გამო, მე აღარ შემეძლო წარმომედგინა საქართველო მის გარეშე და სიმართლე გითხრათ, წუთითაც არასდროს მიფიქრია, რომ ეს დღე, დღევანდელი დღე შესაძლებელი იყო დამდგარიყო. რადგან მისი არსებობა და მისი სიცოცხლე, ჩემთვის ნიშნავდა უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანური სიცოცხლის ციკლია..
დღეს კი, როცა, მისი გარდაცვალებით სამყარო უკიდურესად პატარა გახდა, არც ცრემლს, არც წუხილის ხმას და არც გოდებას შეუძლია გაუთანაბრდეს დუმილის ძალას. დუმილისა, რომელიც მისი აღარყოფნის გამო ჩვენში დაეშვა. მაგრამ, როგორც პაუზა, როგორც ფერმატა სიმფონიური მუსიკის შესრულებისას არ ნიშნავს მუსიკის გაქრობას და აღარ არსებობას, არამედ იმას, რომ სწორედ ამ დროს ხდება უკვე მოსმენილი ბგერების გააზრება, ზუსტად ასეა ნეტარხსენებული პატრიარქის გარდაცვალებაც. რადგან სწორედ ახლა, ამ დროს, მისი ცხოვრება და განვლილი, უზარმაზარი გზა, საოცრად ხმიანებს.
ჩვენ ვემშვიდობებით საზომს, რომლითაც საკუთარ თავსა და სამყაროს ვზომავდით.
მშვიდობით თქვენო უწმინდესობავ! მჯერა, საქართველოს და თქვენს სულიერ შვილებს არ მოაკლდება თქვენი ლოცვა და მფარველობა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: