13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში არქიტექტორი ირაკლი ჟვანია გამოეხმაურა და იმ კომპანიის გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელმაც ტენდერი მოიგო და შადრევნები გააკეთა.
„ვაკის პარკის თემის გაგრძელება...
ვინ დააპროექტა პარკის შადრევნები.
2019 წელს ჩვენს მიერ კონკურსში შეტანილი წინადადება ვაკის პარკის შადრევნებზე მერიამ გააუქმა და დისკვალიფიკაცია მოგვცეს. მიზეზი მოიყვანეს ის, რომ თანხის მოცულობით 100 შადრევანი უნდა გვქონოდა დაპროექტებული, რაც ჩვენ კი არა ვერავის ვერ ექნებოდა ბუნებაში. 30 შესრულებული პროექტი არ ეყოთ გამოცდილებისთვის. ჩვენ დისკვალიფიკაცია მივიღეთ. ამის შემდეგ ჩაატარეს ტენდერი და ხელშეკრულება გაუფორმეს კომპანია LMC, რომელსაც გამოცდილება გააჩნდა შემდეგი:
- ქ.გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში გამწმენდი ნაგებობის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის პროექტირება
- დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბულაჩაურში სასმელი წყლის სისტემის პროექტირება
- სხვადასხვა ლოკაციებზე სასმელი წყლის სისტემების პროექტირება.
შადრევნებთან ახლოს ჩავლილიც კი არ ჰქონდა კომპანიას“, - წერს ირაკლი ჟვანია.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ამავე თემაზე:
🔵13 წლის ლაზარე უკვე სრულად კონტაქტურია - ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვზე