ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ნათლისღების დღესასწაულზე წერს:
„შეიძლება, მდინარე ბედნიერი იყოს?
იორდანე ასეთია - მაცხოვარმა ინება, რომ მასში მონათლულიყო.
ეს დიდი საიდუმლოა.
განა უცნაური იდუმალება არ არის, რომ ნათლობისას იესომაც მონათლა მდინარე, ზოგადად წყალი აკურთხა, განწმინდა, გააპატიოსნა და ღვთაებრიობით გაასხოვოსნა?
როდესაც იოანე ნათლისმცემელმა იორდანეში ხალხის მონათვლა დაიწყო, მაშინ აღსრულდა წინარე ნათქვამი:
„განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ჰყვენით ალაგნი მისნი“.
ეს იყო მომზადება უფალთან შესახვედრად - სხეულის, ფიქრის, სიტყვისა და საქციელის განწმენდა, რათა ადამიანს შეეცნო ღმერთი.
იორდანეში მონათვლა ქრისტიანად მონათვლის პირველსახეა - ჭეშმარიტებისა და ტრადიციის დამამკვიდრებელი.
როდესაც იოანემ ნათლობა დაასრულა, მაღლიდან სულიწმიდა გადმოვიდა მტრედის სახით და თავს დაადგრა იესოს. ასევე ზეციდან მამის ხმა გაისმა:
„ეს არის ჩემი საყვარელი ძე და მისი ისმინეთ“.
იორდანესთანაც დაურღვეველი, ერთარსება სამება ჩანს.
ეს დღე ქრისტიანებს მუდმივად გვახსენებს, რომ ყოველთვის მზად უნდა იყო უფლის შესაცნობად, მისი ნების გულწრფელად მისაღებად და სული თუ სხეული განწმინდო, რათა ღირსი გახდე ყოველდღე ღვთაებრივი სიტყვების მოსასმენად.
მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღების დიდ დღესასწაულს! - დაე, ღვთაებრივმა წყალმა განწმინდოს და გაასპეტაკოს ყოველი ქრისტიანის რწმენა, სიყვარული და სასოება“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის პირველი ვარჯიში ჩაატარა