ფილოლოგი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჯალალ ედ-დინ რუმის სწავლებაზე დაყრდნობით, ცხოვრებაში მთავარის და მეორეხარისხოვნის გარჩევის აუცილებლობაზე მსჯელობს.
მწერლის განმარტებით, მატერიალური სიმდიდრე, აღიარება და წუთისოფლის სიამოვნებები „ცომია“, ხოლო ჭეშმარიტი „პური“ და ადამიანური არსებობის მთავარი დანიშნულება სულიერება, ღვთის გზაზე დგომა და მარადიული ღირებულებების მსახურებაა, რისი დავიწყებაც ადამიანს დაუმთავრებელ, ფუნქციადაკარგულ არსებად აქცევს:
„ცხოვრებაში არსებობს „მთავარი“ და „მეორეხარისხოვანი“. ძნელია იმ კაცის ცხოვრება, რომელიც მათ ვერ ასხვავებს, მით უმეტეს - მთავარს ვერ ხედავს.
ჯალალ ედ-დინ რუმი ასე ამბობს:
„დიდად საქმეთა დასასრულზეც ნუ გაირჯები, იმ საქმის გარდა, რაც რჯულშია, არ გაისარჯო“ („არსთა მესნევი“, სულაკაურის გამომცემლობა, სპარსულიდან თარგმნა, შესავალი და განმარტებანი დაურთო გიორგი ლობჟანიძემ, გვ. 55).
მთავარი სწორედ ის არის, „რაც რჯულშია“. ამას შეიძლება „ცის საქმე“ ვუწოდოთ. ეს ის საქმეა, ადამიანის ცხოვრებას სინათლეს რომ ანიჭებს და დროში განფენილ მარადისობას შეაცნობინებს.
თუ კაცი ასე არ მოიქცევა და გასაკეთებელ საქმეთა უბრალო სიმრავლე დააბნევს, იმას არ ამოირჩევს, რაც „მთავარია“, ღმერთისა და სამყაროსგან განზე დარჩება.
რუმი ამას ასე იტყვის:
„ბოლოს თვითონაც გარდახდები დაუმთავრებლად, საქმე - ნაკლული, ხოლო პური ცომი დაგრჩება“ (გვ. 55).
„პური“ აქ ცის გზაზე დგომაა, „ცომი“ კი - მისი დავიწყება და წუთისოფელში ჩაკარგვა.
ნაკლული, დაუმთავრებელი საქმე ასევე დაუმთავრებელი ანუ დანიშნულებისა და ფუნქციის გარეშე დარჩენილი ადამიანია.
ვის სჭირდება „მატერიის სიკეთენი“ სრულფასოვანი სიცოცხლის მიღმა?
რა „საბოლოო ფასი“ შეიძლება ჰქონდეს მატერიალურს, თუ იმას არ გაითვალისწინებ, რომ უკანასკნელ ნავსაყუდელს ის საერთოდ არ ახსენდება? - „არც აკლდამები, არც გუმბათები თუ ქონგურები არ ექნებათ გაღმა სოფლის არსის მპყრობელებს“. (გვ.56)
საწუთროს „ატლასი“ უყვარს.
ეს მხატვრული სახეა და იმას გამოხატავს, რაც ადამიანებს ამქვეყნად სხვაზე მეტად ეძვირფასებათ - სიმდიდრეს, აღიარებას, სიამოვნებას, სოციალურ აღზევებას.
თუმცა ეს ყველაფერი „გაღმა სოფლის არსის მპყრობელებს“ არაფრად არგიათ.
სული და გონება ღმერთის ნათებაა ადამიანში და ამ ორს ჩვენში არაფერი აღემატება, მით უმეტეს - ვერაფერი შეცვლის ან ჩაანაცვლებს: „ახლა ატლასით შემოსილი ცოცხალიც ნახე, ატლასი რამეს მიუმატებს განა გონებას?“ (გვ. 56)
ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“.
ისინი მთელ სამყაროსაც ჰყვანან - სხვათაგან გამორჩეულნი, ზემხედველნი, ცის მსახურნი წუთისოფელში.
ზოგჯერ მათ ვერ ამჩნევენ, ზოგჯერ უარყოფენ, ზოგჯერ სდევნიან, მაგრამ მათი სახელი სიყვარული, ჭეშმარიტება, ძალმოსილება, ღირსება და მშვენიერებაა.
არ გაჩერდე ცომთან - პურს მიაკითხე.
იქ იპოვი შენი თავის ნამდვილ მნიშვნელობას“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: