Digest Logo

„დროა თვალებში შევხედოთ სიმართლეს, მშობლები ვკლავთ შვილებს ჩვენივე ხელით, ცნობიერებით, დუმილით“ - რას წერს ფსიქოლოგი

1789373036
ნინი დგებუაძე

მშობლებზე უნდა ვისაუბროთ, დროა…

ამდენი მოზარდის და ასე ტრაგიკულად დაკარგვა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და არანაირი „ბავშვები“.

ტკივილი, რომელსაც დღეს ვგრძნობთ, შემთხვევითი არ არის. ეს არის წლების განმავლობაში დათესილი იმ მახინჯი თესლის ნაყოფი, რომელსაც „მშობლობას“ ვარქმევთ.

დროა თვალებში შევხედოთ სიმართლეს ჩვენ, მშობლები, ვკლავთ ჩვენს შვილებს ჩვენივე ხელით, ჩვენივე ცნობიერებით, ჩვენივე დუმილით.

მამები, ბიძები, „საზოგადოება“ ბავშვობიდანვე უქმნიან ბიჭს ქცევის მოდელს: „კაცი არ იტირებს", „შენ კაცი ხარ ვინ უნდა დაჩაგროს“, „ხელი უნდა დაარტყა, რომ პატივი გცენ“.

ჩვენ მათ არ ვასწავლით სიყვარულს, ემპათიას, მოსმენას. ჩვენ მათ ვასწავლით ჩაგვრას, ტერიტორიის მარკირებას და აგრესიას, როგორც "ვაჟკაცობის" ერთადერთ საზომს. მერე კი გვიკვირს, როცა ეს ბიჭები იარაღს, დანას ან ძალადობას ირჩევენ, რადგან ტკივილთან გამკლავების სხვა გზა უბრალოდ არ იციან.

გოგოებს ვზრდით გასაყიდ საქონლად და მოთმინების მსხვერპლად…

დედები ხშირად თავად ჩაგრულები საკუთარ გოგონებს ჩუმად გადასცემენ გადარჩენის საშინელ და უბინძურეს კოდს :„მთავარია, სარფიანად გათხოვდე“, „ქალი არაფერში არ უნდა ჩერიოს“, „მოითმინე, ოჯახის გამო ყველაფერი უნდა აიტანო“.

გოგოს არ ვასწავლით, რომ ის თავად არის ღირებულება. ვასწავლით, როგორ გახდეს ვინმეს მოსაწონი, როგორ მოერგოს, როგორ გასაღდეს “ფულიან ოჯახში” . შედეგად, იზრდებიან ქალები, რომლებიც ვერ ტოვებენ მოძალადეს ან გოგოები, რომელთაც საკუთარი ხმა ჩახშული აქვთ ოღონდ თბილად ისხდნენ და ზრდიან დაკომპლექსებულ შვილებს, უსიყვარულო და არაემპათიურ თაობას.

ჩვენ შვილებს არ ვეკითხებით: „როგორ ხარ?", „რა გტკივა?", „რისი გეშინია?“.

ჩვენ მათ ვეკითხებით: „რა ნიშანი მიიღე?", „ვინ მოგიგო?", „ისეთი რა გააკეთე, სირცხვილი რომ შევრცხვით?“.

ჩვენი სიყვარული პირობითია. ჩვენ გვიყვარს შვილები მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ჩვენს ამბიციებსა და „საზოგადოებრივ სტანდარტებს" ერგებიან. როცა უჭირთ, ჩვენთან მოსვლის ეშინიათ და იციან სახლში გაგების ნაცვლად სასჯელი, საყვედური ან "სირცხვილის" მკაცრი მზერა დახვდებათ.

მოზარდების ასე ტრაგიკულად და მასობრივად დაკარგვა არავინ დააბრალოს „ცუდ თაობას“. ჩვენ გვყავს ემოციურად მიტოვებული შვილები!

ისინი გარბიან სიცოცხლიდან, გარბიან აგრესიაში, გარბიან ნივთიერებებში, რადგან სახლში სიცარიელეა.
მათ გვერდით ჰყავთ საკვებით, სიმდიდრით, ტანსაცმლით და მობილურებით უზრუნველმყოფელი მშობლები, მაგრამ არ ჰყავთ მშობელი-თავშესაფარი.

სანამ თითოეული მამა არ მიხვდება, რომ შვილისთვის ძალადობის სწავლება მისი მკვლელობის ტოლფასია,
სანამ თითოეული დედა არ შეწყვეტს ქალიშვილის ნივთად აღქმას და არ ასწავლის მას დამოუკიდებლობას და თვითპატივისცემას ეს ტრაგედიები არ შეწყდება.

„ბავშვები“ კი არ არიან დამნაშავეები, ჩვენ ვართ! ჩვენი მახინჯი სტერეოტიპები, ჩვენი ეგოიზმი და ჩვენი სიბრმავე ხოცავს ამ თაობას.

დროა შევწყვიტოთ თვალის დახუჭვა. თუ დღესვე არ შევცვლით აღზრდის, ურთიერთობისა და სიყვარულის ენას, ხვალ ისევ გლოვა მოგვიწევს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2026 წლის შემოდგომას სერიოზული ფინანსური ზრდა ელის

„სენსიტიური“ გახდება სიყვარულის, ფინანსების, თვითშეფასების, ეჭვიანობის თემები“ - 14 სექტემბრის ასტრომიმოხილვა

„შეგნებულად გააკეთეთ რაღაც უწყინარი, რაც იდეალური არ არის...“ - როგორ არ მივაქციოთ სხვის აზრებს ყურადღება, ფსიქოლოგის განმარტება