
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“. (ლუკა, 23, 34) - ასე მიმართა ჯვარცმულმა იესომ ზეციერ მამას.
წუთისოფლით შებორკილი და ყოფით წვრილმანებსა თუ საზრუნავებში ჩაკარგული ადამიანები ვერ ხედავენ ჭეშმარიტებას, სამყაროს ნამდვილ რეალობას.
მცირედთა გარდა ისინი ვერ შეიცნობენ ღმერთს, არ შეუძლიათ მაცხოვრის ღვთაებრივი ადამიანურობის შეგრძნობა.
ამიტომ ებრძვიან ღმერთსაც, სამყაროსაც და ერთმანეთსაც.
ამიტომ უარყოფენ სიყვარულსა და თანადგომას.
ამიტომ ესწრაფვიან ეგოიზმით ხარბად გაჯერებულ პირად სარგებელს.
ამიტომ შეუძლიათ 30 ვერცხლად იესოს გაცემა.
დიდი ოთხშაბათი სწორედ ყველაზე დიდი ღალატის დღეა.
იუდამ გასცა იესო.
რა მნიშვნელობა აქვს, ესმოდა მას თუ არა, რას აკეთებდა?
იქნებ რაღაცამ მისი სურვილი თუ განცდა არ დააკმაყოფილა?
იქნებ სინედრიონის მცდარ ხედვას აჰყვა?
იქნებ იესოში მხოლოდ თავისი სამშობლოს რომაელთა ბატონობისგან გამათავისუფლებელი ეროვნული გმირი უნდოდა დაენახა და არა სამყაროს მხსნელი?
ან რაღა აზრი აქვს იმას, რომ ბოლოს შესაძლოა მოინანია და თავი ჩამოიხრჩო?
განა ამით ჯვარცმა ამოაგდო დროიდან?
ან მავანნი რომ ამართლებენ იუდას - მას რომ იესო არ გაეცა, სამყაროს ყველაზე დიდი მისტერია არ აღსრულდებოდა და მაცხოვარი ჩვენს ცოდვებს ვერ გამოისყიდდაო.
განა თვითონ იესომ არ უთხრა საიდუმლო სერობისას თავის გამყიდველს - წადი, შენი საქმე აღასრულეო?
ინტერპრეტაცია შეიძლება ბევრი არსებობდეს, მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ იესო გასცეს და ეს ყველაფერი მისი მტანჯველი სიკვდილით დასრულდა.
მან სრულად დაითმინა კაცობრიული ტკივილი.
რაც შემდეგ მოხდა - თავისი სიკვდილით სიკვდილი რომ დათრგუნა და დაამარცხა, ეს მისი ღვთაებრივი ბუნების გამოვლენა იყო.
იუდასაც გულისხმობდა იესო, როდესაც მამას ის სიტყვები უთხრა, რაც თავში ვახსენეთ?
აპატია ცოდვა მაცხოვარმა თავის გამყიდველს?
უნდა დავიჯეროთ, რომ ასეა - წინააღმდეგ შემთხვევაში იესოს კაცთმოყვარეობის, მიტევებისა და სიყვარულისგან არაფერი დარჩება.
ის მოგვიწოდებს (მათე, 5, 48), რომ ზეციერ მამას დავემსგავსოთ სრულყოფილებაში.
შემთხვევითი არ არის, რომ ამის უწინარეს მტრების სიყვარულს გვავალდებულებს.
გვიჭირს ადამიანებს ამის გაგება, რადგან მტრის სიყვარულს ღვთაებრივი სიმაღლე სჭირდება.
იუდაც კაცობრიობის მასწავლებელია.
თუ იესო გვეუბნება, როგორნი შეიძლება (და უნდა) ვიყოთ, მისი გამყიდველი გვასწავლის, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი.
ძალიან მძიმე დღეა დიდი ოთხშაბათი.
მასში პარასკევის (ჯვარცმის) თავზარდამცემი აჩრდილი მოჩანს.
თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესოს ისტორიაში არაფერი ზედმეტი არ არის - ყველა დეტალს თავისი მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს.
დიდი ოთხშაბათი დიდი დაფიქრების დღეც არის.
ვინ ვართ ჩვენ?
რა გვსურს ღმერთისგან, წუთისოფლისგან ან ერთმანეთისგან?
როგორ ვიცხოვროთ, რომ სიკვდილის არ შეგვეშინდეს?
რა ვისწავლოთ, რა დავიმახსოვროთ და რისგან გავთავისუფლდეთ?
სულს, გონებასა და გულს განწმენდა სჭირდებათ.
ამაზე იესოც დაგვაფიქრებს და იუდაც.
პირველი ღმერთკაცია, მეორე - უბრალოდ კაცი, რომელმაც საკუთარი თავი ადამიანთაგან სამუდამო წყევლისთვის გაიმეტა.
ალბათ მასაც მხოლოდ მაცხოვრის იმედი აქვს.
ღმერთი ხომ სიყვარულია“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: