
რატომ არის არასწორი მიდგომა „თუ დაგარტყამენ, შენც დაარტყი“ - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში მასწავლებელი ინა მეცხვარიშვილი საუბრობს.
პედაგოგი ამბობს, რომ ეს მიდგომა ბავშვს ასწავლის, რომ კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა ძალადობაა, რომ ემოციების გამოხატვა მხოლოდ აგრესიით შეიძლება, რომ სხვების გრძნობები და საზღვრები ნაკლებად მნიშვნელოვანია:
„თუ დაგარტყამენ, შენც დაარტყი“ - რატომ არის არასწორი მიდგომა?
ბევრი მშობელი ბავშვს ხშირად უმეორებს ამ ფრაზას თითქოს თავდაცვის გზად, მაგრამ რეალურად ეს ასწავლის:
რომ კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა ძალადობაა;
რომ ემოციების გამოხატვა მხოლოდ აგრესიით შეიძლება;
რომ სხვების გრძნობები და საზღვრები ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ასეთი მიდგომა მომავალშიც აგრესიული ურთიერთობების საფუძველს ქმნის. ბავშვი ვერ სწავლობს საკუთარი ემოციების მართვას, ვერც სხვისი პატივისცემის მნიშვნელობას.
რა ვასწავლოთ ამის ნაცვლად?
1. საკუთარი პოზიციის სიტყვებით გამოხატვა
•ბავშვმა უნდა ისწავლოს თქვას: „ეს არ მომწონს“, „ნუ მეხები“, „ახლა ვერ გათხოვებ“.
•სიტყვები ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ხელის ქნევა. ეს ბავშვს აძლევს თავდაჯერებას, რომ შეუძლია კონფლიქტის გადაჭრა ძალადობის გარეშე.
2. საზღვრების მკაფიოდ განსაზღვრა
•როცა ბავშვი უშიშრად ამბობს „ეს ჩემი სათამაშოა, ახლა მე ვთამაშობ“ ან „არ მინდა, რომ დაგარტყა“, ის სწავლობს საკუთარი ღირსების დაცვას.
•ასეთი უნარი მომავალში დაეხმარება, რომ არასამართლიან სიტუაციაში არ გაჩუმდეს და საკუთარი ხმა გააჟღეროს.
3. ზრდასრულის დახმარების თხოვნა
•ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ დახმარება სუსტი ნაბიჯი კი არა, არამედ ჭკვიანური არჩევანია.
•როცა ბავშვს ესმის, რომ მას შეუძლია მასწავლებელს, მშობელს ან სხვა ზრდასრულს მიმართოს, თავს უფრო დაცულად გრძნობს და იცის, რომ მარტო არ არის.
მშობლის როლი ამ ყველაფრის სწავლაში:
•იყავით მაგალითი: თქვენ თვითონაც აჩვენეთ, როგორ წყვეტთ უთანხმოებას მშვიდობიანად.
•შეაქეთ ბავშვი მაშინ, როცა მან მხოლოდ სიტყვებით დაიცვა თავი. ეს მას აძლევს სტიმულს, რომ მომავალშიც ასე მოიქცეს.
•მიეცით შესაძლებლობა, სახლში როლური თამაშებით ივარჯიშოს: „თუ ვინმე დაუკითხავად აიღებს შენს სათამაშოს, რას ეტყვი?“
და ბოლოს:
მშობლის მისია არაა მხოლოდ ბავშვის „ფიზიკური დაცვა“, არამედ მისი აღჭურვა ისეთი უნარებით, რომლებიც მომავალში ცხოვრების ყველა სფეროში გამოადგება.
სიტყვებით გამოხატვა, საზღვრების დასმა და დახმარების თხოვნა - ეს არის რეალური ძალა, რომელიც ბავშვებს უსაფრთხო და თავდაჯერებულ ადამიანებად ზრდის“, - წერს ინა მეცხვარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: