
ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც „ვერტმფრენი მშობლების“ შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ეს ტერმინი ბოლო წლებში დამკვიდრდა ბევრ ენაში და აღწერს ზედმეტად მაკონტროლებელ მშობლებს, რომლებიც ვერტმფრენივით სულ თავს დასტრიალებენ შვილებს, ასაკის მიუხედავად:
„ვერტმფრენი მშობლები - Helicopter Parents - ეს ტერმინი ბოლო წლებში დამკვიდრდა ბევრ ენაში და აღწერს ზედმეტად მაკონტროლებელ მშობლებს, რომლებიც ვერტმფრენივით სულ თავს დატრიალებენ შვილებს, ასაკის მიუხედავად.
მშობლის სიყვარულს არ ეხება ეს პოსტი, არამედ გადამეტებულ ზრუნვა-მღელვარებას, რომელიც ნეგატიურად აისახება შვილის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
კი ბატონო, ტენდენციურად ასეთი მშობლების შვილები უფრო დიდი ალბათობით იღებენ უმაღლეს განათლებას და პოულობენ კარგ, სტაბილურ სამსახურებს, რაც მნიშვნელოვანი საძირკველია ცხოვრებაში. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი ცხოვრებაში!
როგორც წესი, ასეთი მშობლები საკუთარი ნარციზმიდან და ეგოს კვების უკონტროლო სურვილიდან გამომდინარე ტკბებიან საკუთარი ანარეკლით შვილ(ებ)ის წარმატებულ იმიჯში. მეორე ვარიანტია შვილის ინსტრუმენტალიზება საკუთარი ვერ განხორციელებული მიზნების, კარიერის, ცხოვრების სტილის საკომპენსაციოდ - „მე რასაც ვერ მივაღწიე ცხოვრებაში, ჩემმა შვილმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს!".
ასეთი ინსტრუმენტალიზება მარტივად შეიძლება გახდეს შვილის ჯანსაღი, სწორი იდენტობის ჩამოყალიბების ხელის შემშლელი ფაქტორი.
განვითარების ფსიქოლოგიიდან (ერიკსონი, მარსია) ვიცით, რომ მშობლებისგან აღებული იდენტობა არაჯანსაღად ითვლება. იდენტობა ყველამ თავისით უნდა იპოვოს, იდენტობის კრიზისის გავლით. ამაზე მიდევს ცალკე პოსტები.
მოკლედ, შვილი არ უნდა გახდეს მშობლ(ებ)ის ნოსტალგიების, სურვილების, ოცნებების ასრულების პროექტი. შვილმა კი შეიძლება დაამთავროს ჰარვარდი ან ჯულიარდი, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემების, საკუთარი მე-ს დათრგუნვის და არ ცნობის გამო იყოს უკმაყოფილო, დაკარგული, ნივთიერებებზე დამოკიდებული, უბედურიც კი.
გამოსავალი, როგორც ხშირად, ღია და გულწრფელ კომუნიკაციაშია, ისტერიის და მანიპულირების გარეშე.
პ.ს. არ არის აუცილებელი, პირიქით საზოგადოებისთვის მავნეც, როცა ყველა ავტომატურად აბარებს და, უნდა თუ არა, იღებს უმაღლეს განათლებას. არსებობს უამრავი ძალიან საჭირო და პატივსაცემი პროფესია, რომელიც არ ისწავლება უმაღლესებში. ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ: