ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფანტომური სილამაზეზე საუბრობს. იგი გვიხსნის, როგორები გვინდა ვიყოთ და ვინ ვართ სინამდვილეში.
მისი თქმით, გალამაზებული რეალობის ეფექტი განსაკუთრებით მწვავედ ჩანს მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათი იდენტობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. თინეიჯერული ტვინი ძალიან მგრძნობიარეა სოციალური დამტკიცების, მოწონების და ჯგუფურ სტატუსზე. სწორედ ამ ასაკში ხდება ის, რომ ციფრული ფილტრები და ხელოვნური ჩარევები პირდაპირ ერევა თვითშეფასების დაძაბულ სისტემაში:
„ფანტომური სილამაზე: როგორები გვინდა ვიყოთ და ვინ ვართ სინამდვილეში
გალამაზებული რეალობის ფენომენის ანალიზი მოითხოვს როგორც ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მექანიზმების, ასევე ფართო სოციოკულტურული სტრუქტურების შეფასებას. თანამედროვე ციფრული ეკოსისტემა ფორმირებულია იმგვარად, რომ მასში ესთეტიზებული თვითპრეზენტაცია ნორმად იქცა, ხოლო რეალობის ბუნებრივი ასპექტები ნაკლებად ღირებული. ამ პროცესს სოციალური ფსიქოლოგიისა და მედია-კვლევების მრავალი მიმართულება განიხილავს როგორც „ვიზუალური ჰეგემონიის“ ერთ-ერთ გამოვლინებას, სადაც მომხმარებლებს უწევთ ყოველდღიური ურთიერთობა იდეალიზებულ სხეულებთან, სახეებთან და ცხოვრების სტილებთან.
ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, სოციალური ქსელების ინტენსიური გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის სოციალური შედარების ტენდენციას (Festinger, 1954). Festinger-ის სოციალური შედარების თეორიის თანახმად, ინდივიდი მუდმივად აფასებს საკუთარ თავს სხვებთან შეპირისპირებით. თანამედროვე კვლევები ხაზს უსვამს, რომ ციფრულ გარემოში ეს პროცესი უფრო მძლავრად მიმდინარეობს, რადგან ადამიანებს არ ადარდებთ პირადი ურთიერთობები, სტატუსი ან კონტექსტი. ისინი სტანდარტიზებულ ვიზუალურ შინაარსს ადარებენ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც მკვეთრ ფსიქოლოგიურ დისონანსს ქმნის. ამის შედეგი მრავალმხრივ შეიძლება გამოვლინდეს: ინტერესის დაკარგვა საკუთარი სხეულის მიმართ, თვითშეფასების დაქვეითება, შფოთვითი სიმპტომების გაძლიერება ან თვითიდენტობის რღვევაც კი.
იდეალიზებული ვიზუალური სტანდარტების გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია სხეულის იმიჯის კვლევებში. მუდმივი კონტაქტი ფილტრირებულ და ხელოვნურად მოდიფიცირებულ გამოსახულებებთან აძლიერებს სხეულის დისმორფიული წარმოდგენების რისკს.
Body Dysmorphic Disorder (BDD) — როგორც კლინიკური დიაგნოზი ისტორიულად იშვიათად გვხვდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში, სოციალური მედიის პოპულარობის მატებასთან ერთად, მისი გავრცელება საგრძნობლად გაიზარდა. ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაციის შეფასებით, სოციალურად გაბატონებული ესთეტიკური ნორმები ხშირად იქცა გარეგნობისადმი აკვიატებული ფიქრის გამოწვევად, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
ცხადი ხდება, რომ გალამაზებული რეალობა მხოლოდ ვიზუალური მოდიფიკაციების ერთობლიობა არაა. ეს არის სოციალური სისტემა, სადაც „დაბალანსებული“, „შეცვლილი“, „გამოსწორებული“ ვიზუალი ფუნქციონირებს სასურველ სოციალურ კაპიტალად.
Pierre Bourdieu-ს კულტურული კაპიტალის თეორიით, პიროვნებები ცდილობენ მიიღონ მაღალი სოციალური ღირებულება გემოვნებით, ესთეტიკით და ფორმის კონტროლით. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ეს კაპიტალი ვიდეოებისა და ფოტოების სიუჟეტურ ჩარჩოებში გადადის. შედეგად, ინდივიდს აღარ შეუძლია თავი "გამოფინოს" მხოლოდ თავისი ბუნებრივი იდენტობით. მისგან მოითხოვენ შესაბამისობას იმ „გალამაზებულ წესრიგთან“, რომელიც სოციალური მედიის ალგორითმებითაა გამოწვეული.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შემოაქვს იმას, რასაც ფსიქოლოგები „ ნერვული კონფლიქტს“ უწოდებენ. ადამიანი, რომელიც მუდმივად ხედავს საკუთარ თავს გაფილტრულად ან კორექტირებულად, თანდათან კარგავს ნდობას ბუნებრივი სახისა და ბუნებრივი სხეულის მიმართ. ეს ფსიქოლოგიური ბრძოლა იწვევს პროცესს როდესაც: ორი „მე“ ერთმანეთს შორდება (ბუნებრივი „მე“ და ციფრულად შექმნილი „მე“). ეს განსხვავება, ხშირად ემოციური დაღლილობით, თვითსაღიარების პრობლემებით და შფოთვითი აშლილობებით გევვლინება.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებთან მუდმივი ურთიერთობა ხელს უწყობს „განუწყვეტლივ აქტიური აღქმის“ მდგომარეობას, სადაც ტვინი მუდმივად მუშაობს შეფასების რეჟიმში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შეფასებითი ჩარჩოების ინტენსიური ჩართვა ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას, ზრდის შემეცნებით დაძაბულობას და აჩენს თვითკრიტიკული აზრების უკონტროლო ნაკადს. ეს ქმნის ხელოვნურად დაძაბულ ფსიქოლოგიურ გარემოს, სადაც ადამიანს ნაკლებად რჩება სივრცე ავთენტიკური ემოციებისა და ბუნებრივი თვითაღქმისთვის.
გალამაზებული რეალობის ეფექტი განსაკუთრებით მწვავედ ჩანს მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათი იდენტობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. თინეიჯერული ტვინი ძალიან მგრძნობიარეა სოციალური დამტკიცების, მოწონების და ჯგუფურ სტატუსზე. სწორედ ამ ასაკში ხდება ის, რომ ციფრული ფილტრები და ხელოვნური ჩარევები პირდაპირ ერევა თვითშეფასების დაძაბულ სისტემაში. შედეგად, ხშირად ცდილობენ მიაღწიონ სტანდარტებს, რომლებიც არათუ რთულია, არამედ ფიზიოლოგიურადაც შეუძლებელი ხდება.
გალამაზებული რეალობა, როგორც ფენომენი, საბოლოოდ გვაჩვენებს, რომ ციფრული ეპოქის გამოწვევები ხშირად უხილავია, მაგრამ ძალზე სიღრმისეული. სოციალური მედიის ესთეტიკური სტანდარტები არა მხოლოდ ცვლიან იმას, თუ როგორ გამოვიყურებით, არამედ იმასაც, თუ როგორ ვფიქრობთ საკუთარ თავზე. ამიტომ ამას ფსიქოლოგიაში უკვე უწოდებენ „რეალობის აღქმის დისრუპციას“, პროცესს, სადაც ვიზუალური ფანტაზია იწყებს ბუნებრიობის შეცვლას.
ბოლო ათწლეულში სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სცენა გახდა, სადაც არამარტო ფოტოებს ან ამბებს ვუზიარებთ სხვებს, არამედ გარკვეულწილად ჩვენს „იდეალურ ვერსიასაც“ გამოვფენთ. ეს ყველაფერი თითქოს უწყინარია: დახვეწილი კადრი, რამდენიმე ფერი, რომელიც კანს „ასწორებს“, და პატარა ხელოვნური კორექცია, რომელიც თითქოს არაფერს ცვლის. მაგრამ სწორედ ამ თითქოს უმნიშვნელო დეტალებმა შექმნა სრულიად ახალი ფენომენი: გალამაზებული რეალობა.
ხშირად ხუმრობით ვამბობთ: „რა გამოვიწერე და რა მივიღე“, მაგრამ ამ ხუმრობაში უზარმაზარი ფსიქოლოგიური გამოცდილება იმალება. ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ჩვენი ონლაინ-ვერსია ტელეფონის ეკრანზე უფრო მიმზიდველად და უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე ტრანსპორტში, სამზარეულოში, სამუშაო ოთახში ან ჩვეულებრივ ქუჩაზე. სოციალური ქსელების ფილტრები, ფოტოშოპი, მოდიფიცირებული სახეები და ხელოვნური კორექციები ქმნიან ილუზიას, თითქოს ბუნებრივი სახე არასაკმარისია. თითქოს ადამიანი ნივთივით „გაუმჯობესებას“ ექვემდებარება, რომლის ვიზუალური ვერსია ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესდეს.
ფსიქოლოგები ამ პროცესს „შედარების დაღლილობას“ უწოდებენ. რაც უფრო მეტ გაფილტრულ, დამუშავებულ და სტილიზებულ სახეს ვხედავთ, მით უფრო რთულდება საკუთარი ბუნებრივი გარეგნობის მიღება. პენსილვანიისა და სტენფორდის უნივერსიტეტების მრავალწლიანი კვლევები აჩვენებს, რომ მუდმივი დაპირისპირება საკუთარი თავის ბუნებრივ და გალამაზებულ ვერსიებს შორის პირდაპირ ზრდის შფოთვას, დეპრესიას და თვითშეფასების დაქვეითებას. ტვინი ვერ ეგუება იმას, რომ ჩვენ რეალურად არ ვგავართ საკუთარ ფოტოს. ასე იქმნება შინაგანი კონფლიქტი — „მე, რომელიც ვნახე სარკეში“ და „მე, რომელიც გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში“ ერთმანეთისგან იწყებენ დაშორებას.
საბოლოოდ ეს ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ადამიანი საკუთარი იდენტობის დაკარგვას ოწყებს. თითქოს თითოეული ფილტრი გაფილტრავს არა მხოლოდ ფოტოს, არამედ შინაგან სამყაროს ნაწილსაც. თითქოს ხელოვნური კორექციები აჩენენ კითხვას: „თუ ასე არ გამოვიყურები, რა ღირებულება მაქვს?“ გალამაზებული რეალობა არ არის პრობლემა, სანამ მას არ ვაძლევთ უფლებას განსაზღვროს, ვინ ვართ. ბუნებრივი სახე, ბუნებრივი სხეული, ბუნებრივი ემოციები სწორედ ის ნამდვილი სილამაზეა, რომელსაც ჩვენგან სოციალური მედია ხშირად მარტივად გვაშორებს. და თუ ერთ დღეს გადავწყვეტთ საკუთარი თავი დავინახოთ ისეთები, როგორც ვართ უფილტროდ, სინათლით, ჩრდილით რომელიც ჩვენს სახეზე ბუნებრივად ეცემა, მაშინ დავიბრუნებთ არა მხოლოდ სელფს, არამედ შინაგან სიმშვიდესაც.

ასევე დაგაინტერესებთ: