კიდევ ერთი კინოსურათი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენას უკავშირდება - „იარე ლიზა“ - ასე ჰქვია ნანა ჯანელიძის ახალ ფილმს. კინოსურათი ომის რეპორტიორ ქალზე გვიყვება.
ფილმს საფუძვლად უდევს ომის მონაწილეებისა და მოწმეების პირადი დღიურები და მოთხრობილი ამბები. კინოჩვენებები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, რადგან შინაარსმა აფხაზეთის ომში მებრძოლი ადამიანების კრიტიკა დაიმსახურა, მათი თქმით, ფილმში ფაქტები და ქართველი მებრძოლების როლი დამახინჯებულადაა ასახული.უფრო მეტიც, ისინი ფილმის აკრძალვას მოითხოვენ.
აღნიშნულ კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეებია არ ცხრება უფლებადამცველი კობა ჩოფლიანი ეხმაურება და წერს, რომ ფილმი ნამდვილად არ მოეწონა.
„ვნახე ფილმი. კინოთეატრებში გადის ახლა. წინასწარ ვიცოდი რომ იდეა იყო აფხაზეთის ომის მონაწილე მხარეების სიმართლის ჩვენება, ამ მხარეების პოზიციიდან. განწყობა მქონდა პოზიტიური, რადგან ვფიქრობდი რომ ნანა ჯანელიძის ნამუშევარი მომეწონებოდა.
შევცდი.
ფილმი, მთლიანობაში, არის სუსტი, საქართველოს ბაზრისთვისაც კი, საერთაშორისოზე ლაპარაკიც ზედმეტია.
მაგრამ ეს კიდევ არ არის მისი მთავარი პრობლემა. რომ დასრულდა, გაკვირვებული ვიჯექი და ვფიქრობდი - რატომ დააფინანსა ჩვენმა მთავრობამ, კულტურის სამინისტრომ და კერძო ბიზნესმა მსგავსი ფილმი? ან რისი თქმა უნდოდათ ავტორებს?
მთელი ფილმის განმავლობაში, უამრავჯერ არის აღნიშნული რომ ამ ომის მთავარი დამნაშავე რუსეთია, თუმცა, საბოლოო ჯამში, კაციჭამია, მკვლელი, ნაძირალა, მოღალატე, ბოროტი, დამპყრობელი მაინც ქართული სახელმწიფო გამოდის, ქართული ჯარი კი - სადისტი, უსაქმური და ბაქია მძარცველი. ეს ყველანაირ აზრს უკარგავს რუსეთის კრიტიკას. ფილმში ერთმანეთს ენაცვლება ქართული მხარის პოზიცია და აფხაზური მხარის პოზიცია.
როცა საუბარია აფხაზური მხარის პოზიციაზე, მოყოლილი და განხილულია ქართველების დანაშაულები და როცა საუბარია ქართული მხარის პოზიციაზე, იქ აფხაზური მხარის დანაშაულებზეც საუბრობენ და ქართული მხარის დანაშაულებზეც. აშკარად, ბალანსია დარღვეული. აფხაზური მხარის დანაშაულებიც არის მაქსიმალურად შეფუთულად გადმოცემული.
მაგალითად, თითქოს აფხაზები თავის მიწას იცავდნენ მომხვდური მტარვალებისგან, რომ თავად არც ისე სასტიკები იყვნენ - კაცებს ხოცავდნენ და ქალებს ინდობდნენ, რაც არის დიდი ტყუილი.
აფხაზეთის ომში ჩემს ნათესავებს სახლში რომ შეუცვივდნენ, ქმარიც მოკლეს და ცოლიც, მშვიდობიანი ადამიანები. აღარაფერს ვამბობ წამების და გაუპატიურებების აურაცხელ ფაქტებზე, რაც ფილმში საერთოდ არ უხსენებიათ.
ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის მომენტი, როცა აჩვენებენ, როგორ გადმოდიან დევნილები უღელტეხილზე და ამ კადრებს ადევს ტექსტი, რომ ქართველებმა თავისი ცოდვებისთვის ზღეს. ან ის რომ აფხაზები სამშობლოსთვის იბრძოდნენ და ქართველებისთვის აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიაა. აი, ამის მერე რაღა აზრი ჰქონდა რუსეთის ლანძღვას ფილმში? გამოვიდა ცარიელი სიტყვების რახარუხი. ეს ხომ, ფაქტობრივად, რუსული იმპერიალისტური რიტორიკაა. ფილმის შემქმნელებს რა მიზანი ჰქონდათ, გაუგებარია.
შორს ვარ იმ აზრისგან რომ მხოლოდ ჩვენი პოზიციიდან უნდა განვიხილოთ ეს ომი, რომ ჩვენი მხარის დანაშაულებზე თვალი დავხუჭოთ, მაგრამ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს რომ იღებ, თან ასეთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, ისე მაინც გააკეთე რომ მტრის წისქვილზე არ დაასხა წყალი. ტიპებმა, ფაქტობრივად, "გაუპრავეს" კრემლს აფხაზეთის აღიარება.
ფილმში რაც მომეწონა, იყო ანიმაციური ნაწილი (მხატვრულ-ტექნიკური თვალსაზრისით). ანიმაცია იმდენად კარგი იყო, გული დამწყდა, დანარჩენი რომ არაფერი ვარგოდა.
პ.ს. ისე, ამდენი ხანი გავიდა და რით ვეღარ მივხვდით რომ ეს მაპატიეები, მშიბზიები და საკუთარ თავმოყვარეობაზე დაქაქება სეპარატისტებზე საერთოდ არ მოქმედებს. ძაან კიდიათ და პირიქით, დაცინვას და აგრესიას იწვევს მათში.
ანუ, საწინააღმდეგო შედეგს ვიღებთ. ახალგაზრდა, ნორმალურ და ლოიალურად განწყობილ ადამიანებს კიდევ ქართველებთან ადამიანური ურთიერთობებისთვის მაპატიეს ძახილი და ქედის მოდრეკა არ სჭირდებათ. სხვა დროა და სხვა რეალობა. პოლიტიკოსებს თუ ვერ გაუგიათ ეს, იქნებ ხელოვანები მაინც მიხვდნენ (უფალო, ბოლო-ბოლო!) და აფხაზეთის თემატიკა სხვა ლეველზე გადავიდეს კინო იქნება თუ სხვა.
ზოგადად, ძალიან მომაბეზრებელია ეს 90-იანი წლების მიდგომები, სტილი და ატმოსფეროც, მით უმეტეს რომ შედევრებსაც ვერ ვქმნით. წინ ვერ მივდივართ, ერთ ადგილზე ვტრიალებთ. ფილმებს რისთვის ვიღებთ?
იმას რომ თავი დავანებოთ, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, საერთაშორისო ასპარეზზე რამე რეალურ წარმატებას ხომ გვინდა მივაღწიოთ კინემატოგრაფიაში - ასე კი ფაქტია რომ შორს ვერ მივდივართ - უცხოელი მაყურებლისთვის ძალიან მოსაწყენი და გაუგებარია მსგავსი სტილის ქართული ფილმები“,- წერს კობა ჩოფლიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ვესაუბროთ მოზარდებს/თინეიჯერებს - რეკომენდაციები მშობლებს
🔵 „ტაბუმ შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის და ტაბუვე ანადგურებს“- გიორგი კეკელიძე