ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.
ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს:
„როცა ცაზე ისე ბევრი ვარსკვლავი ციმციმებდა, ნემსის კი არა, ერთი წიწვის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდით, ის ვარსკვლავები სულ მუჭა-მუჭა რომ მოგეწყვიტათ – თომთემ დიდი, იასამნისფერი ჭრაქი აანთო, ქოხის კარი საგულდაგულოდ ჩარაზა და გზას გაუდგა. კაცმა რომ თქვას, ღამე ისეთი ნათელი იყო, ჭრაქი არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ თომთეების წესი ასეთი გახლდათ – თუ ისინი გრძელ გზას დაადგებოდნენ, აუცილებლად ანთებდნენ საგვარეულო ჭრაქს და ბილიკს იმით ინათებდნენ.
ზამთარი იწყებოდა – გაყინული ტბების, სადა თეთრი, ბამბისფერი ნაძვების დრო. თუმცა თოვლი ჯერ არსად ჩანდა, მაინცდამაინც არც ციოდა. თომთემ ჭრაქი სახესთან მიიტანა და ამოისუნთქა. „კი, ნამდვილად დეკემბერია“, – ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და ხელმეორედ გამოუშვა ორთქლი. თომთეს ერთი ჯადოსნური თვისება ჰქონდა.
შეეძლო ხმა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხემდე მიეწვდინა. თუ ძველ, უკვე უხსოვარ დროში თომთეებს ამისთვის მთელი დედამიწის მცხოვრებლების გადაყრუება უწევდათ, ისე ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, ჩვენი თომთე ქარს ატანდა და სიტყვები პირდაპირ სასურველ ჯუჯასთან მიქროდა. თომთეს უამრავი ჯუჯა, თოვლის ბაბუა, ფიფქია და სანტა-კლაუსი ჰყავდა მეგობრად და ქარის დახმარებით, ყოველდღე მოკითხვას უთვლიდა არა მარტო მათ, სხვათა შორის. ასე ამბობდა, სიტყვა ყველაზე დიდი საჩუქარიაო – შობას, ახალ წელს, კეთილი ჯადოქრების საერთაშორისო დღეს, ბაჭიათა სკუპ-სკუპის კვირეულს და სხვა დღესასწაულებს გადაძახილი ულოცავდა ნაცნობ-უცნობს.
გუშინაც, ჩვეულებრივ, ყველაზე მოხუც ნაძვთან მივიდა, მძინარე ქარი გააღვიძა და თომასთან სიტყვები გაატანა. მალე შობა-ახალი წელი და ახალ წლამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, თომას დღეობა იყო და აბა, როგორ გამოტოვებდა. ერთი წუთის მერე ქარი დამწუხრებული დაბრუნდა და თომთეს მოუთხრო, რომ თურმე, გზაზე უზარმაზარი სიტყვაყლაპია ჩასაფრებულიყო – ყველა სიტყვას იჭერდა და სადღაც კეტავდა. თუ სად, ეს ქარმა არ იცოდა. ამიტომაც თომთე ადგა და ახალ გზას გაუყვა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბევრი ნისლის და ნამქერის ქოხი გადაიარა და მიადგა ერთ უზარმაზარ, ათასტოტა ხეს, რომელზედაც ბუ ბაიბურა ცხოვრობდა.
– გამარჯობა, ბაიბურა! – უთხრა ჩვენმა მოგზაურმა და ზურგიდან თოვლი ჩამოიბერტყა.
– გამარჯობა, თომთე! აქ რამ მოგიყვანა ამ ზამთრობისას, შენ ხომ სიტყვის მთაზე უნდა იდგე და იქიდან გვილოცავდე შობა-ახალი წლის დადგომას.
– სიტყვაყლაპიამ გადაკეტა ჰაერის საზღვრები, ბაიბურა, და ქარი უკან, სკანდინავიაში დამიბრუნდა. შენ უნდა დამეხმარო!
დამავიწყდა მეთქვა, რომ თომთე სკანდინავიაში ცხოვრობდა, ბაიბურა კი უცებ მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ძველი მეგობარი, ზურგზე შეისვა და ერთად გაფრინდნენ არც ჩრდილოეთით, არც სამხრეთით, არც დასავლეთით, არც აღმოსავლეთით, არამედ იმ პოლუსისკენ, რომლის სახელიც ჯერ ადამიანებს არ მოუფიქრებიათ და სადაც ეს ჩვენი გაუმაძღარი სიტყვაყლაპია ცხოვრობდა.
იფრინეს, იფრინეს, ათასობით სადარო და საავდრო ღრუბელი გადაიფრინეს. გზას წეროების ქარავანს ეკითხებოდნენ და როგორც იქნა, მიაღწიეს.
სასახლე სულაც არ ჩანდა კუშტი და შავბნელი, როგორც ამას სხვა ზღაპრებში გვიყვებიან. პირიქით, ყინულგამძლე ყვავილებით მორთული და მზეშემონახული ოთახებით განათებული ფანჯრებით იწონებდა თავს. მაგრამ თომთეს და ბაიბურას მთავარი გაოცება წინ ელოდათ! ჰოი, საოცრებავ! სიტყვაყლაპია ვეებერთელა, დახვეული ურჩხული კი არა, მწვანე წინდებსა და ვარდისფერ მოკლე შარვალში გამოწყობილი ჯუჯა აღმოჩნდა.
– გამარჯობა, სიტყვაყლაპია!
– გამარჯობა, სტუმრებო! – ბუზღუნით ჩაილაპარაკა მასპინძელმა, თითქოს დილით მოულოდნელად გააღვიძეს.
თომთემ და ბაიბურამ აუხსნეს საქმის ვითარება. უთხრეს, რომ დღეში ათასობით სიტყვა მიფრინავდა ერთი კუთხიდან მეორეში, ამიტომ ქარებისთვის გზის გადაკეტვა და სიტყვების დაპატიმრება არ იყო მოსაწონი საქციელი.
– ეგებ გვიშველო და გაუშვა ეს სიტყვები, სიტყვაყლაპია. ჯერ თომასთან მაინც! მას ხომ 31 დეკემბერს აქვს დაბადების დღე და მოიწყენს მილოცვების გარეშე!
– ეჰ, ეჰ, ვერაფერს შეგასმენთ კაცი, – ჩაიბურტყუნა მწვანეწინდებიანმა ჯუჯამ და იქვე, პატარა სკამზე მოწყენილი ჩამოჯდა, – თუმცა, შეიძლება თქვენი ბრალი არც არის, არ დაგიბარეს წინაპრებმა, სინამდვილეში თუ ვინ ვარ. მე, მეგობრებო, მხოლოდ ერთი დავალება მაქვს ჯადოქართა ჯადოქრისგან! თუ სიტყვებს სულ ოდნავ მაინც, ნამცეცის ნამცეცისოდენა სიტკბო და სიკეთე დააკლდება, მაშინ ვიჭერ. ყველას ჰგონია, რომ ერთი საშინელი ურჩხული ვარ, უზარმაზარი კბილებითა და გაუმაძღარი მუცლით. მაგრამ, აჰა, ხომ ხედავთ!
ბაიბურამ მეგობარს გადახედა. თომთემ თავი დარცხვენით დახარა – გაახსენდა, რომ იმ დღეს, როცა თომასთვის მოლოცვას ქარს ატანდა, ფეხში პატარა ხიჭვი შეერჭო და სიტყვებს სულ ოდნავ დააკლდა სიკეთე და სიტკბო. დარცხვენა ერთია და ოცდათერთმეტი დეკემბერი ახლოვდებოდა. რაღაც უნდა ეღონათ!
– ახლა რა ვქნათ, სიტყვაყლაპია?
– ახლა ვერაფერს იზამთ. მომავალში უნდა გამოასწოროთ. ახლა იმ სიტყვებს ვერ დააბრუნებთ, პირადად თუ ჩახვალთ და მიულოცავთ – ეგ იქნება გამოსავალი!
იფრინეს, იფრინეს ბაიბურამ და თომთემ და უზარმაზარი მყინვარის ქვეშ გაკეთებულ ქოხთან დაეშვნენ. ეს საქართველოა. თომას ეზო. ესეც თვითონ თომა – გაკვირვებული და გახარებული.
– მეგონა დაგავიწყდი, თომთე!
– არა, თომა! ბევრი უცნაური ამბავი გადამხდა და ხვალ მოგიყვები! ახლა კი, გილოცავ დაბადების დღეს და ახალ წელს!
უთხრა თომთემ და სიტყვებს ის ნამცეციც დააყოლა, რაც მაშინ სიკეთეს და სიტკბოს დააკლდა. სოკო შეწვეს, ფიჭვის წვენი დალიეს და ცოტა შემთვრალებს სულ დაავიწყდათ, რომ აი, ახალი წელიც მოვიდა! ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა თომთე ახალ წელს საკუთარ ქოხში არ ხვდებოდა, მაგრამ ის მაინც ბედნიერი ჩანდა. ბედნიერია თომაც და ბაიბურაც. ბედნიერია სიტყვაყლაპიაც, რადგან უკვე ზუსტად იცის, ჯუჯები არასდროს დაიშურებენ საუკეთესო სიტყვებს ერთმანეთისთვის და ქარიც სულ თავისუფლად იფრენს –კონტინენტიდან კონტინენტზე, სოფლიდან სოფელში, სახლიდან სახლში, სკანდინავიიდან საქართველოში“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება