ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საიუბილეო თარიღზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, საქართველოს თანამედროვე სახე სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა. როგორც იგი დასძენს, „მის გარეშე ჩვენი ისტორია სრულიად სხვაგვარი იქნებოდა“:
„გაისად ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი სრულდება.
ეს დიდი დღესასწაულია - საქართველოს თანამედროვე სახე (ჰუმანიტარული აზროვნება, კულტურა, ყოფა, ცხოვრების წესი) სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა. მის გარეშე ჩვენი ისტორია სრულიად სხვაგვარი იქნებოდა.
ეს „სხვაგვარი“ მიუხედავად ნებისმიერი ინტერპრეტაციისა, არ იქნებოდა უკეთესი. რაც ბოლო 17 საუკუნის განმავლობაში თავს გადაგვხდა, მხოლოდ ქრისტიანობის მონაწილეობით, ღირებულებებითა და გამჭოლი არსებობით იძენს საზრისს.
ქართული გენის ყველა დიდებული გამოვლინება თავისი არსებით ქრისტიანული ან გაქრისტიანებულია.
რაც ითქვა, საყოველთაოდ ცნობილია. ახლა ერთ გარემოებას მინდა ყურადღება მივაპყრო:
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოს უზენაესი სტრატეგიული ნების გამოხატვა იყო - ჩვენ სამყაროს აღქმის, შეცნობისა და ხედვის „ბერძნული გზა“ ავირჩიეთ.
რა არის „ბერძნული გზა“ ან როდის, როგორ და რით გამოიხატა? ვახტანგ გორგასალმა ანდერძად დაგვიტოვა:
„ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“ (ბერძნული გზა არ დაივიწყოთ და მიატოვოთო).
ეს გზა ქრისტიანული რწმენაა. ისტორიის დიდ მონაკვეთზე ამით და ამასთან ერთად გვეთანამგზავრება: ღვთის ხატება, ლოგოსი, სიყვარული, განათლება, სიმართლე, ღირსება და თავისუფლება.
ვახტანგის ამ ფრაზის წარმოთქმიდან სამი საუკუნის შემდეგ იოანე საბანისძემ „აბოს წამებაში“ ახსენა „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვა“.
ეს რაღაა? 1200 წლის წინ ჩვენი წინაპრები აცნობიერებდნენ საქართველოს განვითარების უმთავრეს მიმართულებას (გზას, ვექტორს, ტრადიციას, უთუმცაო არჩევანს) - იესოს სივრცეს, დროსა და მარადისობას.
საქართველოში ამისთვის იბადებოდნენ, ამისთვის ცხოვრობდნენ და ამისთვის კვდებოდნენ.
ეს იყო, არის და იქნება „მამულის ჩვეულება“. ყურადღებას კი იმაზე ვამახვილებ, რომ ჩვენს ქვეყანაში მილანის ედიქტიდან (313 წელი) სულ რაღაც 13 წელიწადში (მეოთხე საუკუნისთვის ეს ელვისებური რეაგირებაა) ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
მილანის ედიქტმა ქრისტიანობა დევნისგან გაათავისუფლა, მაგრამ მისთვის სახელმწიფო სტატუსი არ მიუნიჭებია - ამას კიდევ დრო დასჭირდა (ქრისტიანობა რომში თეოდოსე დიდის დროს გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად - 380 წელს).
ჩვენ კი ძალიან მცირე დროში მივხვდით და გავათვითცნობიერეთ, რომ თუ ქრისტიანობა „მამულის ჩვეულება“ არ გახდებოდა, საქართველოს, გარდა სულიერი ჭეშმარიტების ვერ მიწვდომისა, უმწვავეს პოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდებოდა.
საგანგებოდ მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქართველებმა ნიკეის მსოფლიო კრების (325 წელი) დასრულებიდან 1 წელიწადში (საარაკო სისწრაფეა!) მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნისა და ქართველი კაცის მომავალი განსაზღვრა.
იპოვო საკუთარი სახე - ეს არა მხოლოდ პიროვნების, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს უცილობელი ვალდებულება, მიზანი და ამოცანაა.
საქართველომ თავისი ისტორიული სახე და მიზანი 326 წელს იპოვა და, მიუხედავად ათასი ქარტეხილისა, დღემდე იცავს მათ გადაგვარებისგან.
ქრისტიანული რწმენაა ჩვენი არჩევანიც, ბედიც, იმედიც და სიყვარულიც. მომდევნო ასეთი დღესასწაული მხოლოდ 100 წლის შემდეგ იქნება. საქართველოს აქვს ბრწყინვალე ვალდებულება - ღირსეულად აღნიშნოს ის. ჩვენი ქვეყანა მანამდე იარსებებს, სანამ ემახსოვრება „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვა“.
აცოცხლე შენს გულში ეს სიტყვები და მაშინ იქნები ქართველი. ასეთი ქართველი კი ნებისმიერ დროს ღირსებით იცხოვრებს და საქართველოს სულს არავის და არაფერს დაანებებს“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: