ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი.
57 კგ. წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ჯერ ურუგვაელი მაია ლეოპოლდი და შემდეგ ბრაზილიელი სარა სოუზა დაამარცხა იპონით, მეოთხედფინალში ხორვატ ვიქტორია ანა პულიუზს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში დამატებით დროში გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.
ფინალში ეთერის მეტოქე იაპონელი აკარი ომორი იყო, რომელთანაც უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს ორი შიდოც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ იაპონელმა მოიგო, რომელმაც ეთერი შებოჭვაზე დაიჭირა.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:
„ძალიან მინდოდა საქართველოს ჰიმნის აჟღერება. ტრავმა გვერდით გადავდე და ამისთვის ვიყავი მოტივირებული, მაგრამ ფინალში ძლიერმა ტკივილმა ხელი შემიშალა ჩემი კარგი ილეთების გაკეთებაში.
გული დამწყდა იაპონიის დროშა ჩვენს დროშაზე მაღლა რომ დავინახე, მაგრამ ჩემს ქვეყანას ვპირდები - ამას გამოვასწორებ”, - წერს ეთერ ლიპარტელიანი.
ცნობისთვის, შეხვედრა 6 წუთს გაგრძელდა და ფინალის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. მოგეხსენებათ, ლიპარტელიანი ბაქოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოდიოდა.
საქართველოს მონაგარი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო ვერცხლი-ბრინჯაოს მედალია, რომლებიც გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სხვა გზა არ მქონდა, ვერ გადავრჩებოდი“ – მაია ასათიანი ტელევიზიაზე და ახალ საქმიანობაზე