Digest Logo

„გურული ქალია, საფრანგეთში შვილთან მიდიოდა ისე, როგორც დადიოდნენ და დღემდე დადიან თბილისში გადმოცხოვრებულ თუ გასტუდენტებულ შვილებთან დედები“ - მწერალი ნანა აკობიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1724247180
ნანა აკობიძე

მწერალი ნანა აკობიძე, სოციალურ ქსელში შარშან, საფრანგეთის აეროპორტში, თავს გადამხდარ ამბავზე წერს ისტორიას, რაც ეხება ქალს გურიიდან, რომელიც სტუდენტ შვილთან პირველად ჩადიოდა საქართველოდან.

„ეს ფოტო მაქვს მობილურში, შარშანდელი: გურული ქალია „ბოვეს“ აეროპორტის ტერმინალში, საახალწლოდ შვილთან მიდის საფრანგეთში. თვითმფრინავში ჩემს გვერდით იჯდა და მომეკედლა: მისი პირველი ფრენა იყო, პირველი უცხოეთი და სანამ იმ ადგილამდე მიაღწევდა, სადაც შვილი დახვდებოდა, ღელავდა, ფორიაქობდა, ოღონდ ვითომ - ჩუმად, შეუმჩნევლად.

მიდიოდა ისე, როგორც დადიოდნენ და დღემდე დადიან თბილისში გადმოცხოვრებულ თუ გასტუდენტებულ შვილებთან დედები სოფელ-რაიონებიდან ავტობუსებით, მატარებლით. ზოგი მათგანიც პირველადაა დედაქალაქში და ღელავს, ამ გურული ქალივით, თვითმფრინავში რომ მეჯდა გვერდით და ვიზეარის იაფი ბილეთით მიფრინავდა შვილთან, სავარაუდოდ შვილისვე გამონაცვალი იაფიანი ბრენდის ფეხსაცმლით, ქურთუკით, ზურგჩანთით... მიდიოდა უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანს მიკედლებული, ჩემი ნაბიჯების რიტმს აყოლილი, რომ არც გაესწრო, არც ჩამომრჩენოდა...

სანამ დავფრინდებოდით, მოემატა ღელვა. შუბლამდე ჩამოწეული ქუდი ეხურა და ისწორებდა წამდაუწუმ. „სარკე ხომ არ გაქვთო“, მორიდებით მკითხა, „თმა შევიღებე წუხელ, ნაჩქარევად და საღებავი შემრჩა სახეზეო“. მოიხადა ქუდი: დიდ ყავისფერ ლაქებად ჰქონდა საღებავი შერჩენილი შუბლზე და ყვრიმალებზე. „მომკლავს ჩემი შვილიო“. მოწესრიგდი და ისე წამოდიო, - უთხრა, ალბათ, და ამანაც მოინდომა, როგორც შეეძლო. გავიყვანე ტუალეტში: სველი ხელსახოცებით მოვაცილე საღებავი, რაც ვერ შევძელი, ტონალურით დავუფარე, წარბზე რამდენიმე უშნოდ გამოჩრილი ღერიც მოვაცილე, ბარემ ლაქიც გადავისვათ ფრჩხილებზე, მეც დამავიწყდა - მეთქი. მორჩილად გამომიწოდა დაძარღვული, ნაშრომი ხელები... სავარაუდოდ შვილის გამონაცვალი შარფიც ლამაზად მივუსწორ - მოვუსწორე ყელზე და ნახეთ, რა ლამაზი ხართ-მეთქი. „უიმე, რაღადროსო...“ შეიფაკლა. მართლა ლამაზი ქალი იქნებოდა ახალგაზრდობაში - ლამაზნაკვთებიანი, თხელი, წელშიგამართული...

გასასვლელში დავემშვიდობე: უკვე ჩანდნენ მისიანები, ნაჩქარევად, მორცხვად მაკოცა ხელზე...

... იმ დღესვე ქუჩაში უცნობი ქალი ნორა დამეხმარა: ტელეფონი დამიჯდა და ტაქსს ვერ ვიძახებდი, გაფიცვა იყო პარიზში და ტრანსპორტი არ მოძრაობდა. ლამაზი, ექსცენტრიკული ბრიტანელი ქალი 35 წუთი იდგა წვიმაში ჩემთან ერთად, სანამ ტაქსიში არ ჩამსვა, ტელეფონის პორტატული დამტენიც მაჩუქა.. „რატომ აკეთებ ამას“- მეთქი და: „მოხუცი დედა მყავს, სხვა ქალაქში მარტო ცხოვრობს და როცა ვინმე უცნობს ვეხმარები, წარმოვიდგენ, რომ დედაჩემსაც ასე ეხმარებიანო“.

გვიან დავაკავშირე ნორა და ეს გურული ქალი ერთმანეთთან... არადა, ზუსტად ერთი ამბის ქალები იყვნენ, ერთი ამბის დასაწყისი და დასასრული“, - წერს მწერალი ნანა აკობიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბეტმენი ხელს არ მიშლის“ - მერაბ დვალიშვილი სახალისო ფოტოებს აქვეყნებს

⭕„ვაპირებ აქტიურად ჩავება დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაში, ვამხილო დესტრუქციული ძალები და საზოგადოებამდე სიმართლე მივიტანო“ - ზურა ხაჩიძე 2024 წლის არჩევნებზე

🎥 „სასიყვარულო საკითხებში ფრთხილად იყავით... აგრესიას უნდა ვერიდოთ“ - 21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - ხათუნა ნოელის რეკომენდაციები