„თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-3 ფილიალში შევიდა გამოძახება ლოზუნგით - „უგონო პაციენტი“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუკ გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ გვიზიარებს.
მათი ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი დახვდათ:
„ერთ-ერთ ობიექტზე მყოფი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გამოძახების ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბრიგადა 0333, სადაც მძიმე სურათი დახვდათ - იატაკზე უგონოდ იწვა 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
დროის დაკარგვის გარეშე დაიწყო გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა ასისტოლია. სწრაფად ჩატარდა სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. პერიფერიული ვენის კათეტერიზაციის შეუძლებლობის გამო წარმატებით იქნა გამოყენებული ძვალშიდა კათეტერი.
რეანიმაციული ღონისძიებების ფონზე, ასისტოლია გადავიდა პარკუჭოვან ტაქიკარდიაში, ჩატარდა კარდიოვერსია, რის შედეგადაც აღდგა გულის რიტმი და პულსი. თუმცა პაციენტი კვლავ საჭიროებდა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.
35 წუთიანი უწყვეტი ბრძოლის შემდეგ ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაიყვანა უახლოეს კლინიკაში, სადაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობასა და კვლევებს. ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
ექიმი ლია რევიშვილი: „პრაქტიკაში არაერთ ასეთ შემთხვევასთან მქონია შეხება და ბევრჯერ შევძელით გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა ეს გამოძახება განსაკუთრებით ემოციური იყო. ადგილზე ძალიან მძიმე მდგომარეობა და პანიკა დაგვხვდა. შეკრებილი მოქალაქეები და თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა და მანამდე არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. ვინაიდან ფილიალი შემთხვევის ადგილთან ახლოს იყო, ბრიგადა ძალიან სწრაფად მივიდა. 35 წუთის განმავლობაში უწყვეტად ვატარებდით რეანიმაციულ ღონისძიებებს და შედეგმაც არ დააყოვნა. ეს იყო უდიდესი სიხარულისა და ემოციის მომენტი მთელი გუნდისთვის“.
ექიმი ლია რევიშვილი უკვე 38 წელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და თავდადება კიდევ ერთხელ გახდა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მთავარი ძალა.
ეს კი კიდევ ერთი ისტორიაა, სადაც გუნდურმა მუშაობამ, სწრაფმა რეაგირებამ და შეუჩერებელმა ბრძოლამ კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
გვეამაყება ექიმი ლია რევიშვილი.
უმცროსი ექიმი მარიამ სიბაშვილი
მძღოლი გოჩა რთველიაშვილი“, - წერს სოციალურ ქსელში ფეისბუკ გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წაშალეთ არასაჭირო კონტაქტი ან დაიწყეთ საქმე...“ - მარტივი პრაქტიკა თამუნა იოსელიანისგან
⭕ ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე