მომღერალი ნინო ბაშარული, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, „ფეისბუკზე“ ნოსტალგიური შინაარსის პოსტს აქვეყნებს, სადაც 70-80-იანი წლების თაობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ეს არის უკანასკნელი თაობა, ვინც ცხოვრება ტექნოლოგიების გარეშე იგემა და ამასთან, პირველი თაობა, ვინც გაჯეტების სასწაულებს ეზიარა, მაგრამ ადამიანური მონატრების სევდა და ერთმანეთის ჩახუტების ლაზათი მაინც არ დათმო:
„70-80 -იანი წლების თაობა ორ მკვეთრად განსხვავებულ სამყაროში განფენილი X თაობა ვართ, ისინი, ვინც დღესასწაულებზე ჩვენი ხელით დაწერილ მისალოც წერილებს ვაგზავნიდით ფოსტით, ვინც მეგობრებს, წინასწარ გაფრთხილების გარეშე, პირდაპირ, კარზე კაკუნით ვადგებოდით და ასევე იმ სამყაროს თაობა ვართ, ის პირველები, ვინც გაჯეტების და ტექნოლოგიების სასწაულებს ეზიარა პირველად, მაგრამ ადამიანური მონატრების სევდა და ერთმანეთის ჩახუტების ლაზათი მაინც არ დათმო.
სიხარულიც რაღაცნაირი გვქონდა, არა ზიზიებითი, არა ფუფუნებითი, აი, კასეტების და დისკების შეგროვებით იმხელა სიხარულს ვიგროვებდი გულში, მთელი წელი მყოფნიდა. არ ვღადაობ, ერთნაირად მიყვარდნენ კონტრასტები - ბიტლზები და ჩელენტანო, ელ ბანო, რამინა პაუერი და როლინგ სტოუნი… ყველას თავისი ადგილი ჰქონდა გულში, რადგან თვითონ გული იყო დიდი.
ჩვენ უკანასკნელი მოჰიკანებივით ვართ, ის ბოლო თაობა, რომელმაც იგემა ცხოვრება ტექნოლოგიების გარეშე, ველოსიპედებით მორბენალი ბავშვების სტვენა ქუჩებში, ხელით ჩხუბის დროს პიჯაკების დახევა, სხვენში ჩუმად აძრომა და იქ პაპიროსის გაბოლება მეზობელ ბავშვებთან ერთად, იგემა დონალდო და პედრო, მამალო და „ესკიმო შიკოლადნი” და - ის პირველებიც ვართ, ვინც ხელში დაიჭირეს მოტოროლას და ერიკქსონის მობილურები და სამყარო ფეხქვეშ ალადინის ხალიჩასავით გაიფინეს.
და იცით რა? მივხვდი, რომ ჩვენ ყველაზე მოურჩენელი ნოსტალგიით ვართ დაავადებული, ჩუმი და სევდიანი სიხარულით, თითქოს წარსულის კეთილ ამბებზე მარყუჟებივით ჩაბღაუჭებული, ვცდილობთ არ გადავგვარდეთ და სულში ჩავიტოვოთ ის უბრალოება და ვაჟკაცობა, რასაც იმ დროს ვსწავლობდით ქუჩაში, სახლში თუ სკოლაში…
დღეს, თანამედროვე პროგრესი ისე სწრაფად მიერეკება, ყველაფერს გარდაქმნის, ყველაფერს, მაგრამ ჩემი თაობის ნოსტალგიას ვერაფერს უშვრება. ვერაფერს. ვერაფერს…
და ეს კარგიცაა, რადგან ჯერ დიდი დრო დაგვრჩა წინ, რომ შვილებს მოვუყვეთ ჩვენი ცხოვრების ნათელი ისტორიები, გავუჩინოთ ნოსტალგიები, ერთად სიცილების და ოჯახურად ფილმის ყურების სურვილები, რადგან ადამიანობა ამის გარეშე აზრს კარგავს…“, - წერს ნინო ბაშარული.
ასევე დაგაინტერესებთ: