Digest Logo

„ის, რასაც სხვაზე ვფიქრობთ, ნაწილობრივ საკუთარ თავზე გვიყვება...“ - ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე პროექციასა და კომუნიკაციაზე

1784626373
მაგდა კოტრიკაძე

„მე მგონია, რომ შენ გგონია“: პროექცია და კომუნიკაცია - ხშირად ის, რასაც სხვაზე ვფიქრობთ, ნაწილობრივ საკუთარ თავზე გვიყვება.

ურთიერთობებში ხშირად ხდება ერთი უცნაური რამ: ჩვენ არ ვრეაგირებთ მხოლოდ იმაზე, რაც სხვა ადამიანმა თქვა ან გააკეთა. ხშირად ვრეაგირებთ იმაზეც, რასაც ვვარაუდობთ. სწორედ აქ იწყება პროექციის, ინტერპრეტაციების და ურთიერთობის ფსიქოლოგიის საინტერესო სამყარო.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თანამშრომელი დერეფანში ჩუმად ჩაგივლით.

თქვენ მაშინვე ფიქრობთ: „ნაწყენია ჩემზე“ ან „ალბათ ცუდად აფასებს ჩემს მუშაობას“. რეალურად, მან შეიძლება საერთოდ ვერ შეგამჩნიათ ან საკუთარ პრობლემებზე ფიქრობდა. თუმცა თქვენი გონება მის ქცევას მნიშვნელობას ანიჭებს და ამ მნიშვნელობის ნაწილი ხშირად თქვენი შინაგანი სამყაროდან მომდინარეობს.

ფსიქოლოგიაში პროექცია თავდაცვით მექანიზმად მიიჩნევა.

ტერმინი პირველად ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკურ თეორიებში განვითარდა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი საკუთარ მიუღებელ გრძნობებს, სურვილებს ან შიშებს სხვას მიაწერს. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც მუდმივად ეშინია უარყოფის, შესაძლოა ხშირად ფიქრობდეს, რომ სხვები აკრიტიკებენ, არ იღებენ ან აფასებენ მას, მიუხედავად იმისა, რომ ამის რეალური ნიშნები არ არსებობს.

თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგია ამ მოვლენას უფრო ფართოდ აღიქვამს. საქმე მხოლოდ დაფარულ ემოციებში არ არის. ჩვენი გამოცდილება ქმნის ერთგვარ „ფილტრებს“, რომლებითაც ადამიანებს ვუყურებთ. თუ ბავშვობაში ხშირად გსაყვედურობდნენ, დიდობაში შეიძლება ნეიტრალური შენიშვნაც კრიტიკად აღიქვათ. თუ ხშირად გიღალატეს, შესაძლოა ერთგულ ადამიანშიც ეჭვი შეგეპაროთ. ასეთ დროს ჩვენ არა ახლანდელ რეალობას, არამედ წარსულის გამოცდილებას ვხედავთ.

ურთიერთობებში განსაკუთრებით საინტერესოა ფენომენი, რომელსაც ყოველდღიურ ენაზე შეიძლება ეწოდოს „მე მგონია, რომ შენ გგონია“. ეს უკვე ერთგვარი მეტააზროვნებაა. ადამიანი აღარ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე ან პარტნიორზე. ის ფიქრობს, რას ფიქრობს პარტნიორი მასზე. ხშირად სწორედ ეს მეორე დონეა კონფლიქტების წყარო.

მაგალითად, ქალი პარტნიორს ეკითხება: „რატომ ხარ დღეს ჩუმად?“

პარტნიორი პასუხობს: „უბრალოდ დავიღალე“, მაგრამ მის თავში უკვე მიმდინარეობს სხვა დიალოგი: „ალბათ ჩემზეა გაბრაზებული.“ „ალბათ აღარ აინტერესებ.“ „ალბათ ფიქრობს, რომ არ ვყოფნი“.

ამ მომენტში ფაქტები ცოტაა, ინტერპრეტაციები კი ძალიან ბევრი. შედეგად, რეალურ საუბარზე მეტად ადამიანი საკუთარი წარმოდგენების სამყაროს პასუხობს.

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი კარლ იუნგი ამბობდა, რომ ის, რასაც სხვებში ვხედავთ, ხშირად ჩვენი პიროვნების იმ ნაწილებზე მიგვითითებს, რომლებსაც საკუთარ თავში ვერ ვაცნობიერებთ. მისი ცნობილი აზრის მიხედვით, ყველაფერი, რაც სხვებში გვაღიზიანებს, საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება. იუნგი არ ამბობდა, რომ ყველა აღქმა პროექციაა, მაგრამ ხაზს უსვამდა, რომ ზოგჯერ სხვისი „ნაკლი“ ჩვენივე დაუმუშავებელ ემოციებთან არის დაკავშირებული.

ადამიანები საკუთარ თვისებებს, ღირებულებებსა და მოტივებს ხშირად სხვებს მიაწერენ. ამას false consensus effect ეწოდება. თუ თავად კონკურენტული ადამიანი ვართ, უფრო ადვილად ვივარაუდებთ, რომ სხვებიც კონკურენტულად გვიყურებენ. თუ თავად კეთილგანწყობილი ვართ, სხვებსაც უფრო დადებითად აღვიქვამთ.

ურთიერთობებში ეს მექანიზმი როგორც დამაზიანებელი, ისე სასარგებლო შეიძლება იყოს. თუ საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენები გვაქვს, პარტნიორის ნეიტრალურ ქმედებებსაც უარყოფითად ავხსნით. მაგრამ თუ შინაგანი უსაფრთხოება და თვითღირებულების განცდა გვაქვს, ხშირად უფრო კეთილგანწყობილ ინტერპრეტაციებს ვქმნით.

ამ საკითხს მჭიდროდ უკავშირდება ჯონ ბოულბის და მერი ეინსვორთის მიჯაჭვულობის თეორიაც. ადამიანებს, რომლებსაც უსაფრთხო მიჯაჭვულობა აქვთ, ნაკლებად სჭირდებათ მუდმივად გამოცნობა, რას ფიქრობენ სხვები მათზე. ისინი უფრო პირდაპირ ეკითხებიან, აზუსტებენ და ენდობიან ურთიერთობას. ხოლო შფოთვიანი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები ხშირად ზედმეტად კითხულობენ ნიშნებს, ინტონაციებს, შეტყობინებების დაგვიანებას და ცდილობენ გამოიცნონ, რას ფიქრობს მეორე მხარე.

საინტერესოა, რომ ურთიერთობის სიმწიფე ხშირად სწორედ იმით იზომება, რამდენად შეგვიძლია გავარჩიოთ ფაქტი ინტერპრეტაციისგან.

მაგალითად: „მან არ მიპასუხა შეტყობინებაზე ოთხი საათის განმავლობაში“ ფაქტია. „მას აღარ ვაინტერესებ“ ინტერპრეტაციაა. „ფიქრობს, რომ არასაკმარისი ვარ“ უკვე ინტერპრეტაციის ინტერპრეტაციაა. ხშირად ჩვენი ტკივილი სწორედ ამ მესამე საფეხურზე ჩნდება.

ფსიქოთერაპევტები ამბობენ, რომ ჯანმრთელი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი უნარია ცნობისმოყვარეობა ვარაუდების ნაცვლად. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ „ვიცი, რას ფიქრობს ჩემზე“, უფრო სასარგებლოა ვიკითხოთ: „მაინტერესებს, რას გრძნობ და რას ფიქრობ?“ ეს გადასვლა ვარაუდიდან დიალოგზე ამცირებს პროექციის ძალას.

ბრენე ბრაუნი, რომელიც სირცხვილისა და მოწყვლადობის თემებს იკვლევს, ხშირად ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან „ამბებს“ იმაზე, თუ რას ნიშნავს სხვების ქცევა. ეს ისტორიები ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ ძლიერ გავლენას ახდენს ემოციებზე, ამიტომ ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შეიძლება იყოს: „ეს, რასაც ვგრძნობ, ფაქტებზეა დაფუძნებული თუ ჩემს ისტორიაზე?“„მე მგონია, რომ შენ გგონია“ ადამიანის ბუნებრივი ფსიქოლოგიური პროცესია.

ჩვენ სოციალური არსებები ვართ და მუდმივად ვცდილობთ გავიგოთ, როგორ გვხედავენ სხვები. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც სხვის აზრებზე ჩვენი ვარაუდები რეალობად მიგვაჩნია. პროექცია არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ვცდებით. ზოგჯერ ინტუიცია მართალიც არის, მაგრამ ფსიქოლოგიური სიმწიფე იმაში მდგომარეობს, რომ ვიცოდეთ: ჩვენი აღქმა ყოველთვის რეალობა არ არის.

ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასეთია: ხშირად ის, რასაც სხვაზე ვფიქრობთ, ნაწილობრივ საკუთარ თავზე გვიყვება.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 ბაბი კირკიტაძე 31 წლის გახდა - როგორ მიულოცეს მომღერალს დაბადების დღე პირდაპირ ეთერში

🎥 როგორ ვიქცევით გიურზასგან დაკბენის შემთხვევაში? - ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის განმარტება

🎥 „მესამე თუ მეოთხე მცდელობაზე ექიმმა მიპასუხა, თქვენი ლამაზი დედიკო გარდაიცვალაო“ - უჩა პირმისაშვილი პირად ტრაგედიაზე