ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში. უბრალოდ შადრევნებია განათებული და თან კლავს, ამაშია მხოლოდ განსხვავება.
გეგეჭკორი მშობლებს მოუწოდებს, თავად დაიცვან საკუთარი შვილები, რადგან ამას სხვა ვერავინ გააკეთებს.
„13 წლის ბავშვი, სასკოლო საათებში, შადრევანში გაჟონილმა დენმა მოკლა და რა პასუხები ჰქონდათ მათ ვისაც ამ ბავშვის სიცოცხლე უნდა დაეცვა...
სკოლა - დირექტორი საზეპიროსავით იმეორებდა ყველა ეთერში, "ბავშვები გაკვეთილებს აცდენდნენ, ჩვენ შევასრულეთ სკოლისთვის დაკისრებული ვალდებულება და მშობლებს, საერთო ჩატში შევატყობინეთ ამის თაობაზე"...
მერია - „სამწუხარო ფაქტი მოხდა, გამოძიებაში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულნი, დამნაშავეები დაისჯებიან"...
პარკის რესტავრაციის შემსრულებელი კომპანია - „იდეალურად შევასრულეთ სამუშაო, ერთადერთი რაც მაფიქრდება დივერსიაა"...
პარლამენტი - „მშობლების მეთვალყურეობის გარეშე არასრულწლოვან ბავშვებს პარკში რა უნდოდათ?"
ეკლესია - "გარდაცვალების შემდეგ უკეთესი, მარადიული სიცოცხლე იწყება"... რატომ არავინ ჰკითხავს მათ, თუ ასეთი ნეტარი სიცოცხლე უნდა დაიწყოს გარდავცალებით, რად ხარჯავენ ღარიბი ხალხის ფულს უცხოურ კლინიკებში მკურნალობაში, რატომ იბრძვიან აქ დასარჩენად და არ ილტვიან უკეთესი, მარადიული სიცოცხლისკენ?
პოლიტიკოსები - "ორშაბათიდან ვიწყებთ საპროტესტო მოძრაობას, ვაიძულებთ მერს მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს". წინ ვიქენდი იყო და აბა დასვენების დღეებში ხომ არ იშრომებდნენ?
და მაინც, ვინ მოკლა მარიტა?
P.S. როგორღაც თავად ეცადეთ საკუთარი შვილების დაცვას. უპატრონო ქვეყანაში სხვა ვერავინ დაიცავს მათ. ასე გავიზარდეთ ჩვენ. ოჯახებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა ვინც დაგვიცვეს იმათ გავაღწიეთ სამშვიდობოს. მაშინაც, მერიის, პარლამენტის, მთავრობის, ეკლესიის, სკოლის მთავარი ფუნქცია საკუთარი ჯიბეების გასქელება და მოსახლეობის გაღარიბება იყო.
ბევრი ვერ გადაურჩა უპასუხისმგებლობას, არაპროფესიონალიზმს, უსინდისობას, ბოროტებას... არ იგულისხმოთ არავინ თქვენი შვილების პატრონად. არავინ დაიცავს მათ... ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში. უბრალოდ შადრევნებია განათებული და თან კლავს, ამაშია მხოლოდ განსხვავება“, - წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
🔵„ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ჩემს თვალწინ გაიზარდა!“ - რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე
🔵 „კუბოსთან მოცეკვავო სვავებო! შვილები არ გყავთ? მშობლები შეიცოდეთ...“ - ანრი ბიბინეიშვილი