საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გაავრცელა:
„ილია მეორე არ იყო მხოლოდ პატრიარქი - ის იყო ჩვენი კოლექტიური მეხსიერების სიმშვიდე, ის წერტილი, საითკენაც ყველაზე დიდი ქარიშხლების დროსაც კი გაუცნობიერებლად ვიხედებოდით.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“, - წერს ბაჩო ოდიშარია.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: