
ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.
ელდარ შენგელაიას მსახიობი ნანა შონია სოციალურ ქსელში ემშვიდობება და მასთან შეხვედრის პირველ ემოციებს იხსენებს:
„როცა ელდარზე ვფიქრობ, სულ ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება. კამერით ხელში მესაუბრებოდა და რეპლიკებს მაწვდიდა, რომ მე მეთამაშა, თავი კომფორტულად მეგრძნო და შემძლებოდა სწორად მოვმხდარიყავი იმ ამოცანას, რასაც ითხოვდა, მეხმარებოდა, მეფერებოდა და ამ გზით ცდილობდა როგორმე ის პერსონაჟი დაენახა ჩემში და ასეც მოხდა, დაინახა და მერე დაიწყო ის, რაც არასდროს დამავიწყდება, სულ მემახსოვრება და სულ მადლიერი ვიქნები მისი იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერი წუთებისთვის, რაც მასთან ყოფნის და მუშაობის დროს განვიცადე.
ოცნებას ასრულებას ჰგავდა მასთან ერთად მუშაობა და ურთიერთობა, ეს გენიოსი როგორი უბრალოებით, ბავშვური გულწრფელობით მეკიდებოდა და მამხნევებდა, ზოგჯერ ყურებსაც არ ვუჯერებდი ,რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა, ცოტა დაუჯერებელი იყო, როცა მეტყოდა, შენ ხომ უკეთ იცი როგორ უნდა ითამაშოო, მე ხომ მაშინ სულ ახალგაზრდა ვიყავი, კინოში დიდი გამოცდილება სულაც არ მქონდა.
ის უდიდესი პიროვნება იყო და განუმეორებელი რეჟისორი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და რომანტიკოსი.
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს,ქართულ კინოს და ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი მას, რომ ასე გაგვაბედნიერა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი თაობის ჩამოყალიბებაში, წავიდა და თან წაიღო უზარმაზარი სიყვარული და თან დატოვა დიდი სევდა და მონატრება.
მიყვარს და სულ მეყვარება, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - წერს ნანა შონია.
ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.
მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ასევე დაგაინტერესებთ: