Digest Logo

„ხათრი ძალიან სახიფათო რამაა, მისი არასწორად გამოყენება ანგრევს ადამიანებს, ოჯახებს, საზოგადოებებსა და ქვეყნებს“ - ლევან შელეგია

1782196147
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი სიტყვა ხათრის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ზედმეტი და მატყუარა ბორკილები:

ყველა(ს) ცხოვრებას თან მოაქვს გარკვეული ჩვევები, ინერციები, ვალდებულებები, ილუზიები, თავის მოტყუებები, ისევ და ისევ ჩვევები, მიჩვევები...

განსაკუთრებით სამხრეთული ქვეყნებში, სადაც ოჯახური და ნათესაური კავშირები საკმაოდ მჭიდრო, მნიშვნელოვანი და კომპლექსურია, შესაძლებელია ახლობლებთან ურთიერთობები გახდეს პრობლემების, ცუდად ყოფნის, თავისუფალი ცხოვრების შეზღუდვის, დაავადების წყარო.

ხშირად გვგონია სრულიად არასწორად, რომ რადგან ბავშვობის მეგობარია და ერთ ეზოში გავიზარდეთ, ასეთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე უნდა ვამყოფოთ ჩვენ ახლობლად.

იგივე ვრცელდება ნათესავებზე და ამ ფენომენის უსასრულო განშტოებებზე:

რადგან ბიძაშვილია, ყველაფერი უნდა ვუთმინოთ;

რადგან დეიდაშვილის ცოლია, ყველაფერი უნდა გავუტაროთ;

ვინაიდან ბიძაა, ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ.

ამას ემატება ხოლმე ხათრის მომგუდავი და უსასრულო მომენტი: აი, დედაჩემის ხათრით, თორემ ბიძაჩემს ვეტყოდი სათქმელს.

ან ლამარა დეიდამ არ მინდა ინერვიულოს, წნევა აწუხებს, თორემ მის შვილს, ჩემს შხამიან ბავშვობის მეგობარს, მივუჩენდი თავის ადგილს.

სულ ვწერ, რომ ხათრი ძალიან სახიფათო რამაა. მისი არასწორად გამოყენება ანგრევს ადამიანებს, ოჯახებს, საზოგადოებებს, ქვეყნებს...მაგ. დანაშაულის არ გამჟღავნება, ნეპოტიზმი, კორუფცია.

ზუსტად იქ უნდა უჩინარდებოდეს ხათრის ფაქტორი, სადაც ჩემი ჯანმრთელობა, სულის სიმშვიდე და თავისუფლება ირღვევა, მით უმეტეს თუ ეს პერმანენტულად ხდება.

ბავშვობის მეგობარს შეიძლება ძალიან კარგად ვუგებდი 9 წლის ასაკში, მაგრამ 39 წლისამ მასთან საერთო ვეღარ გამოვძებნო. და ეს სრულიად ბუნებრივია. ადამიანები სხვადასხვა ფაქტორების გავლენით სხვადასხვანაირად ვითარდებიან, საბედნიეროდ!

ის, რომ გარკვეულ პიროვნებასთან რაღაც გენეტიკური მაკავშირებს, არ არის საკმარისი კრიტერიუმი ხარისხიანი ურთიერთობისთვის.

გენეტიკაზე და სხვა ბიოლოგიურ ფენომენებზე მაღლა დგას პატივისცემა, ურთიერთპატივისცემა!

თუ ბიძაშვილი მშხამავს, დეიდა სულ ცუდ ხასიათზე მაყენებს, ძმა უფლებებს მილახავს, მამა ხელებს მიფათურებს... ეს ბიოლოგიური სიახლოვე კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას.

რამეთუ დღის ბოლოს ყველანი ადამიანები ვართ პირველ რიგში და არა ბიძაშვილ-მამიდაშვილები.

თუ რომელიმე ნათესავი, მეგობარი, უბნელი, კლასელი იჭრება ადამიანობაში ან/და ჩემს ადამიანობას ჭრის, აზიანებს, ავიწრობებს, აავადებს, მისი ადგილია მხოლოდ ჩემგან შორს. ეს ცხოვრება გვეძლევა ერთხელ  და იმისთვის, რომ ის ვიცხოვროთ აზრიანად.

ვიღაცის ხათრით ტანჯვას, თმენას, ცუდად და დაჩაგრულად ყოფნას, ბორკილების ტარებას არანაირი აზრი არ აქვს, არანაირი!

კი ბატონო, არ არის ადვილი ნათესავთან, მეგობართან კონფლიქტში შესვლა, საქმის გარჩევა, მაგრამ ვინ თქვა, რომ ადვილი უნდა იყოს?

საკუთარი სიმართლის პოვნა, განცხადება და განხორციელება უდიდეს სიმამაცეს მოითხოვს ყოველი ჩვენგანისგან.
არას თქმაც ხომ ბეევრად უფრო ძნელია, ვიდრე ჯიგრული და კონფორმისტული კის?!

მაგრამ ის, რომ რაღაც ძნელია არ ნიშნავს იმას, რომ უკან უნდა დავიხიოთ.

რატომ? იმიტომ რომ მოვა ყველას ცხოვრებაში ის ერთი მომენტი, როდესაც მყინვარე სინანული სუნთქვას შეგვიკრავს... და, როგორც წესი, ამ დროს უკვე გვიანია ხოლმე.

იცხოვრეთ თქვენთვის ბოძებული, თქვენთვის მოცემული ცხოვრება ჩაგვრის, ძალადობის, თრგუნვის, მოშხამვის, ბორკილების გარეშე. ეს თქვენი აბსოლუტური უფლებაა და ამის უზრუნველყოფა თქვენი ვალდებულება შემოქმედის, ბუნების და, ყველაზე მნიშვნელოვანი, საკუთარი თავის მიმართ.

აირჩიეთ ადამიანები, ვინც თქვენც აგირჩიათ!

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფინანსური ჰოროსკოპი 2026 წლის ზაფხულისთვის - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს მომდევნო თვეებში ყველაზე მეტად

„დაგვიანებები, შეხვედრების გადადება, ლოდინის აუცილებლობა ან გარემოებებთან შეგუება“ - 23 ივნისის ასტროლოგიური ტენდენციები

„შენ ის ბიჭი ხარ, მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები... ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია“ - ირინეოს შენგელია