ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ადამიანმა მთვარეს შემოუარა - სანამ შეეხება, ჯერ ახლოს მიდის.
გაბედვასაც თავისი სტადიები აქვს და ყოველ ჯერზე ახალ ნაბიჯს ითხოვს.
მალე ადამიანი უახლოეს კოსმოსურ სივრცეს „მოსინჯავს“ ახალი სასიცოცხლო გარემოს დასაუფლებლად.
რამ შეიძლება ამას ხელი შეუშალოს?
უბრალოდ ეს „მალე“ არ უნდა დადგეს.
თუ დაუსრულებელი მტრობით, ბოროტებითა და უვიცი უპასუხისმგებლობით თავს გავინადგურებთ, ყველა პრობლემა ავტომატურად გადაწყდება - არყოფნა უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა.
რაც არ არსებობს, არც კვდება.
მაინც ყველას იმედი გვაქვს, რომ ასე არ მოხდება.
რას ეფუძნება ამგვარი რწმენა?
ორ მთავარ წინაპირობას:
პირველი ღმერთია.
მას ვუყვარვართ (ნეტავ რატომ?) და არ გაგვწირავს.
მეორე ის არის, რომ სამყაროსა და ჩვენი თავის შემეცნების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ.
დაუსრულებელი მისია მთლად სწრაფ დასასრულს არ უნდა წინასწარმეტყველებდეს.
თუ გზა ჩანს, სიარული არ შეწყდება.
ამიტომ, რაკი გათენდა, ადექი და გააკეთე შენი გასაკეთებელი - "საქმეთაგან განმართლდების კაცი".
დასამახსოვრებლად თქვა მარტინ ლუთერმა:
"რომ ვიცოდე, რომ ხვალ სამყაროს დასასრულია, დღეს მაინც დავრგავ ხეს".
იმ ხეს მზე სჭირდება.
იმ მზეს - ცა.
იმ ცას - თვალი.
იმ თვალს - ადამიანი.
ადამიანს კი - ღმერთი, მოყვასი და ორივეს სიყვარული.
გაამართლე გათენება და შენი ცხოვრება!
მთვარის შემოვლას მთვარეზე სახლის აგება უნდა მოჰყვეს.
რატომ?
ამას ერთადერთი პასუხი აქვს:
სანამ ღმერთი არ ინებებს, სიცოცხლე არ დასრულდება“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზვიად ახრახაძე, რომელსაც ოჯახი 5 აპრილიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს