რა სიმპტომებით ვლინდება ცერებრალური დამბლა? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „ახალი დილა“ ნევროლოგი ქეთევან ჩავლიაშვილი საუბრობს:
„არის რაღაცები, რასაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუნდაც ოჯახის პირობებში. ვგულისხმობ, მოძრაობის და ტონუსის ცვლილებას.
შესაძლოა, ზედმეტად დაჭიმული იყოს ბავშვი, ან პირიქით, მოდუნებული. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ასევე შეიძლება, იყოს მოძრაობის ასიმეტრია, ბავშვი რომელიმე კიდურს უფრო მეტად აქტიურად იყენებს.
ამასთან, ყურადღებას გავამახვილებდი მუჭების ხშირად შეკვრაზე“, - ამბობს ქეთევან ჩავლიაშვილი.
ცნობისთვის, ცერებრალური დამბლა (Cerebral Palsy - CP) არის ნევროლოგიური დარღვევების ჯგუფი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის მოძრაობის, კოორდინაციის, წონასწორობისა და კუნთების ტონუსის კონტროლის უნარზე. იგი გამოწვეულია თავის ტვინის იმ უბნების დაზიანებით ან არასწორი განვითარებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოძრაობის მართვაზე.
ეს დაზიანება, როგორც წესი, ხდება ბავშვის დაბადებამდე, მშობიარობის დროს ან ადრეულ ასაკში (ჩვეულებრივ, 2-3 წლამდე), სანამ ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ცერებრალური დამბლა არ არის პროგრესირებადი დაავადება, რაც ნიშნავს, რომ ტვინის პირველადი დაზიანება დროთა განმავლობაში არ უარესდება, თუმცა სიმპტომები და მათი გამოვლინება შეიძლება შეიცვალოს ბავშვის ზრდასთან ერთად.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პირველი მედალი როგორც მამა“ - გიორგი სარდალაშვილი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 „ვთხოვოთ, გვაჩვენოს კბილები“: როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები? - თამარ დაუსის განმარტება