დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელშიც იგი განმარტავს, თუ რამდენი კათოლიკოს-პატრიარქია მსოფლიოში ამჟამად.
„ეს საინტერესოა:
მსოფლიოში ამჟამად კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს 6 მწყემსმთავარი და ხოლო მხოლოდ კათოლიკოსის ტიტულს 4 მწყემსმთავარი. ანუ საერთო ჯამში 10 კათოლიკოსია დღევანდელ მსოფლიოში. აქედან 7 ავტოკეფალურია, 3 კი ავტონომიური (2 - რომის პაპზე, 1 - კი ანტიოქიის იაკობიტ პატრიარქზე დაქვემდებარებულნი).
კათოლიკოს-პატრიარქთაგან კონფესიურად 1 აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის (საქართველოს ეკლესია), 2 - ასირიულ აღმოსავლეთის ეკლესიას (ე.წ. ნესტორიანული), 1- სომხურ ორიენტალურ სამოციქულო ეკლესიას, 1 - რომის კათოლიკურ ეკლესიას (სომხური წესის), 1 - ეთიოპიის ორიენტალურ ორთოდოქსულ ეკლესიას.
ხოლო კათოლიკოსებიდან ერთი სომხურ ორიენტალურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის, 2 - სირიულ ორიენტალურ ორთოდოქსულ ეკლესიას (იაკობიტები) ინდოეთში, ერთიც - რომის კათოლიკურ ეკლესიას (ასირიული წესის ინდოეთში).
კათოლიკოს-პატრიარქები ამჟამად (6):
ავტოკეფალურნი:
1 - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველოს (ქართლის/იბერიის), ანუ მცხეთის საკათოლიკოსო დაარსდა ქართველთა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ მე-5 საუკუნის 60/80-იან წლებში.
კათედრა: მცხეთა,
რეზიდენცია: თბილისი,
[ერთადერთი კათოლიკოს-პატრიარქი ამჟამინდელ მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში]
მრევლი: დაახ. 3 000 000
2 - მარ ავა III, ასირიული აღმოსავლეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი [ Mar Awa III, Catholicos-Patriarch of the Assyrian Church of the East] 2021 წლიდან.
ესაა უძველესი და ისტორიაში პირველი საკათოლიკოსო, რომელიც დაარსდა მე-4 საუკუნეში, ან მე-5 საუკუნის დასაწყისში. აქედან გადაიღეს მე-5 საუკუნეში კათოლიკოსის ტიტული სომხეთის, ქართლის (ანუ საქართველოს) და ალვანეთის ეკლესიათა მეთაურებმა.
ამჟამინდელი რეზიდენცია: ქ. Ankawa, ერბილის პროვინცია, ერაყი.მრევლი: დაახ. 1 000 000
3 - გევარგის III იუნანი, ასირიული “აღმოსავლეთის უძველესი ეკლესიის” კათოლიკოს-პატრიარქი
[Gewargis III Younan, Catholicos Patriarch of the Ancient Church of the East] 2022 წლიდან. ეს ეკლესია ასირიულ აღმოსავლეთის ეკლესიას გამოეყო 1964 წელს კალენდრის შესწორების საწინააღმდეგოდ მოწყობილი განხეთქილების გზით.
რეზიდენცია: ბაღდადი, ერაყი.
მრევლი: დაახ. 75 000
4 - გარეგინ II, ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსი
სომხეთის, ანუ სომეხთა საკათოლიკოსო დაარსდა მე-5 საუკუნეში და ავტოკეფალურია იმ დროიდან. მანამდე, მე-4 საუკუნის დასაწყისში წმ. გრიგოლ განმანათლებლის მიერ დაარსებული სომხეთის მართლმადიდებელი ეკლესია თითქმის მთელი საუკუნის მანძილზე ექვემდებარებოდა კაბადოკიის ეკლესიას (ანუ კესარია-კაბადოკიის სამთავარეპისკოპოსოს)
რეზიდენცია: ეჩმიაძინი, სომხეთი.
მრევლი: 9 000 000
5 - აბუნა მათე I, ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქი (ეთიოპიის საკათალიკოსო)
ეთიოპიის ორიენტალური ორთოდოქსული ეკლესია (Ethiopian Orthodox Tewahedo Church) მე-4 საუკუნეში დაარსდა წმ. ფრუმენტის მიერ ალექსანდრიის ბერძნულ-კოპტურ საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, ხოლო მე-6 საუკუნიდან მიაფიზიტური განხეთქილების შემდგომ კოპტურ მიაფიზიტურ საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, ვიდრე მისგან 1959 წელს ავტოკეფალიას მიიღებდა და ხოლო ეკლესიის მეთაურს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული მიენიჭა.
რეზიდენცია: Holy Trinity Cathedral, Addis Ababa, Ethiopia
მრევლი: დაახ. 40 ან 50 მილიონი.
ავტონომიური:
6 - რაფაელ ბედროს XXI მინასიანი [Raphaël Bedros XXI Minassian],
კილიკიის სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქი.
კათედრა: ბეირუთში, ლიბანი.
მრევლი: 750 000
სომხურ-კათოლიკური ეკლესია, ექვემდებარება რომის პაპს; დაარსდა 1742 წელს. მას აქვს თავისი სამრევლოები საქართველოშიც, კერძოდ ჯავახეთში და თრიალეთში.
კათოლიკოსები ამჟამად (4):
ავტოკეფალურნი (2):
1)კილიკიის სომეხთა კათოლიკოსი არამ I - კილიკიის საკათალიკოსო მე-11 საუკუნეში საკათოლიკოსო რეზიდენციის განადგურებული სომხეთიდან კილიკიაში დროებით გადატანის გამო დაარსდა, ხოლო მე-15 საუკუნეში სომხური საკათოლიკოსო ორად გაიყო: ეჩმიაძინის საკათოლიკოსოდ (სადაც აღდგა/დაბრუნდა კათოლიკოსობა) და კილიკიის დამოუკიდებელ საკათოლიკოსოდ. მას მრევლი ლიბანში, სირიაში ჰყავს და სომეხთა გენოციდამდე მოსაზღვრე თურქეთის რეგიონებში ჰყავდა, ასევე აშშს, კანადის, კვიპროსის, ირანის დიასპორაში.
რეზიდენცია 1930 წლიდან: ქალაქი ანთელიასი (Antelias), ლიბანი (მანამდე ქ. სისი, თურქეთში. დღევანდელი ქ. Kozan, ყოფილი Sis).
მრევლი: 200 000
2) ბასელიოს მართომა მათე III, მალანკარას მიტროპოლიტი და აღმოსავლეთის კათოლიკოსი [Baselios Marthoma Mathews III, Malankara Metropolitan & Catholicos of East] (2021 წლიდან).
ეს დამოუკიდებელი, ავტოკეფალური საკათოლიკოსო ინდოეთში დაარსდა
1912. ასირიული ეთნიკური წარმოშობის უძველესი ეკლესიის ბაზაზე ინდოეთში. ავტოკეფალიის გამოცხადებამდე ექვემდებარებოდა სირიულ-იაკობიტურ ანტიოქიის საპატრიარქოს.
რეზიდენცია: Catholicate Palace, Kottayam, Kerala, India
მრევლი: დაახ. 1 000 000
ავტონომიური კათალიკოსები (2):
3) ბასელიოს თომას I, ინდოეთის კათოლიკოსი [Baselios Thomas I, Catholicos of India] (2002 წლიდან)
ანტიოქიის სირიულ-იაკობიტური ეკლესიის ინდოეთის ავტონომიური საკათოლიკოსო [ინგლისურად ეწოდება: “Jacobite Syrian Christian Church (JSCC)”/“Malankara Jacobite Syrian Orthodox Church”/ “Syriac Orthodox Church in India”]
ეს საკათოლიკოსო დაარსებულია 1964 წელს ანტიოქიის იაკობიტური ასირიული საპატრიარქოს მიერ. ტიტული იყო “აღმოსავლეთის კათოლიკოსი და მაფრიანი”, 2002 წლიდან კი კორექტირდა ასე: “ინდოეთის კათოლიკოსი და მაფრიანი” [Syriac Orthodox Catholicos of India (Maphrian)]. თომა I ამ ეკლესიის რიგით მესამე კათოლიკოსია. ეს ეკლესიაც ასირიული ეთნიკური წარმოშობისაა ინდოეთში.
რეზიდენცია: ქალაქი Puthencruz, Kochi, India
მრევლი: დაახ. 480 000
4) ბასელიოს ქლიმისი, 2007 წლიდან- უმაღლესი მთავარეპისკოპოს-კათოლიკოსი, ბასილეუსი, მაფრიანი, კათოლიკოსი ინდოეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა, კათოლიკური ეკლესიის წმ. თომა მოციქულის წმინდა სამოციქულო კათედრის მპყრობელი [Baselios Cleemis -Major Archbishop-Catholicos, Basileus, Maphrian, Catholicos of India and all East on the Holy Apostolic See of Saint Thomas the Apostle of the Catholic Church]
სირიული მალანკარის კათოლიკური ეკლესია [Syro-Malankara Catholic Church]. - ექვემდებარება რომის პაპს. ეს ავტონომიური საკათოლიკოსო დაარსებულია რომის პაპის მიერ 2005 წელს. ბასელიოს ქლიმისი ამ საკათოლიკოსოს რიგით მეორე კათოლიკოსია. ეს ეკლესიას ასირიული ეთნიკური წარმოშობისაა ინდოეთში.
რეზიდენცია: Cathedral of Saint Mary, Pattom, Kerala, India
მრევლი: დაახ. 460 000
წარსულში არსებობდა კიდევ შემდეგი საკათოლიკოსოები (3):
1)კავკასიის ალბანეთის (ალვანეთის) კათოლიკოსები (V-XIX სს)- ეს ეკლესია თანდათან პოლიტიკური პროცესების წყალობით სომხურ ეკლესიას შეერწყა: არაბული საოკუპაციო ხელისუფლების წყალობით ჯერ დაკარგა ავტოკეფალია და ავტონომიურ საკათოლიკოსოდ იქცა მე-8 საუკუნის დასაწყისში, 705 წელს. დაიწყო ეკლესიაში ალბანური (ალვანური) ენის თანდათანობითი გაქრობა და არმენიზაცია, რაც მე-11 საუკუნისთვის დასრულდა. ხოლო 1836 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე არმენიზებული საკათოლიკოსო გაუქმდა და ეჩმიაძინის სომხურ საკათოლიკოსოს შეუერთდა.
2)აფხაზეთის, ანუ ლიხთიმერეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს ქართული საკათოლიკოსო (X-XVIII სს). ეს საკათალიკოსო 1814 წელს გააუქმა მეფის რუსეთმა და საქართველოს საეგზარქოსოს შეუერთა, 1917 წლიდან კი აღდგენილი საქართველოს (მცხეთის) საპატრიარქოს (საკათოლიკოსოს) შემადგენლობაში შევიდა დასავლეთ საქართველოს სამღვდელოების და მრევლის ნებასურვილით, რაც გამოხატეს 1917 წლის მარტის მცხეთის საეკლესიო კრებაზე და იმავე წლის სექტემბრის გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე.
3)აღთამარის სომხური საკათოლიკოსო თანამედროვე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე. არსებობდა 1113-1895 წლებში. 1461 წლიდან ოსმალეთის სულთნის მიერ დაარსებული კონსტანტინოპოლის სომხური საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მოექცა, როგორც ავტონომიური საკათოლიკოსო. მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1916 წელს სომეხთა გენოციდის დროს ფორმალურადაც გააუქმა თურქეთის ხელისუფლებამ დეფაქტოდ უკვე 1895 წელს მოშლილი საკათოლიკოსო.
კათალიკოსი ბერძნული სიტყვაა და საყოველთაოს ნიშნავს.
პატრიარქიც ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება: მამამთავარი.
თავად ბერძნულ ეკლესიას ტიტული კათოლიკოსი არასოდეს ჰქონია, ეს ტიტული აღმოსავლეთის ასირიულ ეკლესიაში წარმოიშვა, როგორც ზემოთ უკვე დავწერე.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
აპრილი, 2023
P.S. ვფიქრობ, ქართულ ენაზე პირველად დაიწერა სრულყოფილად ამ საკითხზე. შევეცადე ლაკონიურად და გასაგებად, მაქსიმალურად სრულად გადმომეცა ეს დიდი თემა: მთელი მსოფლიოს საკათოლიკოსოები“, - წერს დეკანოზი ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი