Digest Logo

„მთელი ცხოვრება წერაში რომ გავხარჯო, მაინც ვერ აგიხსნი როგორ მჭირდები და მენატრები“ - დათო გორგილაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედას

1710930878
დათო გორგილაძე

ტელეწამყვანი, მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედას დაბადების დღის ემოციურ მილოცვას უძღვნის, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დედას დაბადების დღეა.

გული არ მიშვებს გამოვთვალო რამდენი წლის გახდებოდა.

როცა პირველად ვკითხე ასაკი, მითხრა ორმოცდაორი წლის ვარო. ჩემს მეხსიერებაში მუდამ ორმოცდაორის იქნება.

ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, მის ალბომებს ვათვალიერებ - ფრანგული და იტალიური კინოს კადრებითაა სავსე. ფოტოები ისეთი საიუველირო სიზუსტითაა ამოჭრილი, ისე ფაქიზადაა ჩაკრული... როცა ამ ალბომებს აკეთებდა ოცისა არც იქნებოდა. ვზივარ და ვფიქრობ, რაზე ოცნებობდა მაშინ გოგონა, რა ჰქონდა გულში.

ზოგჯერ მის გვერდზე გადავდივარ და ვჭოჭმანობ, გავხსნა თუ არა მიმოწერა. ვერ ვხსნი, რა თქმა უნდა.
მის ნომერსაც ვკრეფ ხოლმე. დარეკვით ვერცერთხელ გავბედე. რას იზამ, ასეთია ობოლი ხალხის ბედი. ვიგონებთ, წარმოვიდგენთ, ვიხსენებთ. არაფერს ვაშავებთ ამით. უბრალოდ, ცხოვრებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა.

ვიღლი ხოლმე გონებას ეჭვებით, რატომ მიივიწყა მანჩომ ჩემი სიზმრებისკენ მომავალი გზა. ბრაზი მერევა იმის წარმოდგენით, რომ შეიძლება დავავიწყდი. იქნებ აღარ ახსოვს როგორ მწევდა ჰაერში რეიტუზის ჩაცმისას, როგორ მიშრობდა თმას, როგორ მაჭმევდა შემწვარ კარტოფილს ხელით. ვაითუ ჩემი არც სახე ახსოვს და აღარც სახელი - ვფიქრობ ხოლმე, ვცოფდები ამ ფიქრით და როცა კი რამე წამომტკივდება, გამოჩნდება ისევ სიზმრებში. ზუსტად ისეთი, ორმოცდაორი წლისა.

წელიწადში ერთი დღე შემომრჩა, როცა აქ ხარ და არა მიღმიერ სამყაროში - ეს დღე დღესაა.

მიყვარხარ და მთელი ცხოვრება წერაში რომ გავხარჯო, მაინც ვერ აგიხსნი როგორ მჭირდები და მენატრები.
ჩემი შვილის თვალები შენსას ჩამოჰგავს და ზოგჯერ მგონია, რომ შენც მიყურებ მასთან ერთად.

ბევრი რამ მოხდა შენი წასვლის შემდეგ, ბევრია მოსაყოლი. მოვა მაგის დროც. გილოცავ“, - წერს დათო გორგილაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოში ჩამოსვლა და გამარჯვების გაზიარება ჩემი სურვილი და მოვალეობა იყო“ - ილია თოფურიას ექსკლუზიური ინტერვიუ - la gazzetta dello sport georgia-სთან

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია, სიაში საქართველო 91-ე ადგილზეა

„დაიწყება ზოგადად ერთთვიანი დადებითი პერიოდი... შეუტიეთ!“ - რამაზ გიგაური 20 მარტის ბუნიობაზე