ემიგრანტი თეონა ღვინჯილია სოციალურ ქსელში სამშობლოსთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, სამშობლო და სახელმწიფო ერთი და იგივე არ არის. სახელმწიფო შეიძლება გტკენდეს, კარი დაგიხუროს, უსამართლოდ მოგექცეს, მაგრამ სამშობლო არასოდეს გიღალატებს:
„არც ერთი წამით არ მინანია იმ პოსტის დაწერა, რომელსაც თითქმის ნახევარი მილიონი ნახვა, ათასამდე გაზიარება, სამი ათასზე მეტი კომენტარი და თორმეტ ათასამდე მოწონება აქვს.
ამ ციფრებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ასეთმა მასშტაბმა კიდევ ერთხელ დამანახვა, როგორ ფიქრობს ჩემი ხალხის უმრავლესობა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველას პასუხი ვერ გავეცი, თითქმის არც ერთი კომენტარი არ გამომიტოვებია და ერთი რამ კიდევ უფრო მტკიცედ დავინახე, ქართველების უმრავლესობა ისევ ქართველად ფიქრობს.
რაც შეეხება დანარჩენებს...
ისინი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან. ბავშვობაში ბებიაჩემის ბოსტანს თხუნელა უფუჭებდა. დღეს ზოგიერთ კომენტარს რომ ვკითხულობ, ზუსტად ის თხუნელა მახსენდება, მიწის ზემოდან თითქოს ვერაფერს ხედავს, მაგრამ ფესვების გაფუჭება შეუძლია...
ბევრს ჰგონია, რომ ევროპული ღირებულებების სიყვარული საკუთარი სამშობლოს დაკნინებით იწყება. არადა, ამას ჯერ კიდევ ვაჟა-ფშაველამ გასცა პასუხი. ნამდვილი კოსმოპოლიტი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ჯერ საკუთარი სამშობლო გიყვარს. ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, ის ვერც კაცობრიობას შეიყვარებს. ასეთ ადამიანს ვაჟამ ერთი სახელი დაარქვა „კუჭკოსმოპოლიტი“.
ვიღაცისთვის მთა და რელიეფი ყველგან ერთია. ჩემთვის არა.
შეიძლება ალპები უდიდესია, მაგრამ ჩემთვის შხარა და მყინვარწვერი მაინც უფრო ლამაზია. იმიტომ არა, რომ სხვაზე მაღალია, არამედ იმიტომ, რომ იქ ჩემი ფესვებია.
სამშობლო ჩემი სოფლის სუნია.
ჩემი სკოლის ზარია...
ჩემი ბავშვობაა...
ჩემი პირველი სიყვარულია...
ეს არ იზომება კვადრატული კილომეტრებით და არც ეკონომიკური მაჩვენებლებით.
სამშობლო და სახელმწიფო ერთი და იგივე არ არის. სახელმწიფო შეიძლება გტკენდეს, კარი დაგიხუროს, უსამართლოდ მოგექცეს, მაგრამ სამშობლო არასოდეს გიღალატებს. სამშობლო ჩემი მიწაა, ჩემი ხალხია, ჩემი ფესვებია, ჩემი ენაა. სახელმწიფომ ვერ მომცა შესაძლებლობა, ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა, მაგრამ ამან საქართველოს სიყვარული ვერ შემიცვალა. პირიქით, რაც უფრო შორს ვარ, მით უფრო ვხვდები, რომ მონატრება სახელმწიფოს კი არა, სამშობლოს ეკუთვნის!
ხშირად მწერენ, თითქოს ევროპა უნდა ვადიდო მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ვარ. არა!
მადლიერება და ფანატიზმი ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას!
მე მადლობელი ვარ იმ ქვეყნის, რომელმაც ჩემი შრომა დააფასა, მაგრამ არ დამვიწყებია, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივია. მეც ვშრომობ, მეც ვქმნი ღირებულებას. ამიტომ მადლიერება ბუნებრივია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის დავიწყება და სხვისი ბრმა თაყვანისცემა არასოდეს!
ევროპისკენ გზა საკუთარი ქვეყნის დავიწყებაზე არ გადის-მეთქი, რომ დავწერო, ალბათ მაინც ვერ გაიგებს ბევრი,
ტექსტის გააზრების ისეთი უნიკალური ნიჭი, როგორიც ქართველებს გვაქვს, ევროპაში არცერთ ქვეყანას არ გააჩნია
და ბოლოს...
ვინც ჩემს პოსტებში პოლიტიკას ხედავს, ალბათ საკუთარ თავს კითხულობს და არა ჩემს სიტყვებს.
ჩემი ტექსტები არც პარტიას ეკუთვნის, არც იდეოლოგიას.
ეს ჩემი დარდია!
ჩემი მონატრებაა!
ჩემი ტკივილია!
მე უბრალოდ ემიგრანტი ვარ, რომელსაც სამშობლო ყოველდღე ენატრება.
ძალიან მალე ბილეთსაც ჩავიხუტებ გულში, შინისკენ წამოვალ და იმ მიწას დავუკოცნი, რომლის მონატრებითაც ყოველდღე ვცხოვრობ.
ჩემს გულშიც და ჩემს რუკაზეც მხოლოდ ერთი ქვეყანაა - საქართველო!
პ.ს. იმათ, ვისაც მათი უშვერი, უაზრო და ბრაზიანი კომენტარის პასუხად ჩემი მშვიდი, ირონიითა და სარკაზმით შეზავებული პასუხი არ მოსწონთ, ბოდიშს გიხდით.
ერთი ძველი გამონათქვამი მახსენდება: „არ ეკამათო შეუგნებელს, ჯერ თავის დონემდე დაგიყვანს, მერე კი გამოცდილებით გაჯობებს“, ამიტომ ზოგჯერ ყველაზე ძლიერი პასუხი სიმშვიდეა... დანარჩენს კი ირონია თავად აკეთებს“, - წერს თეონა ღვინჯილია.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როდის ხდება შფოთვა დაავადება და არა უბრალოდ ხასიათი? ფსიქოთერაპევტის განმარტება