13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოეტი ტარიელ ხარხელაური გამოეხმაურა და გარდაცვლილ გოგოს ლექსი მიუძღვნა.
ო, ღმერთო!
იქნება მაკმარო
და მზეში მიმფინო ბინდებად,
რაც მინდა, ვერ მომცემს სამყარო,
ვერც იმდენს, რამდენიც მჭირდება...
ჩამოვრჩი ქარების ნაკვალევს,
ვირღვევი, სხეულში ბზარია,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე, დედაო, მარიამ!
თვალებში ამიშრე სისველე
(შემინდე - ამდენს რომ ვბედავო),
მიშველე,
მიშველე,
მიშველე,
ამ ტკივილს შენცა ჰგრძნობ, დედაო!
მაკმარე თრთოლვა და კანკალი
დათალხულ ფერებში რინდება,
ვითხოვე, ვერ მომცა სამყარომ -
მჭირდება, დედაო,
მჭირდება...
გავშიშვლდი, ნიღბები დავყარე,
ვირღვევი, სხეულში ბზარია,
ო, როგორ ხარხარებს სამყარო,
ო, როგორ შეშლილი ჟამია.
ტარიელ ხარხელაური
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ამავე თემაზე:
🎥 „10 წუთით ადრე, სანამ ის ჩვენ დაგვტოვებდა“ - რა კადრებს ავრცელებს მარიტა მეფარიშვილის მეგობარი