Digest Logo

„ოთხ ბიზნესმენს მისწერა, ორს არ უპასუხია,მეოთხემ კი იმ საღამოსვე მისწერა... აქ თუ ვინმეს აგეცრემლათ - ბოდიში, უბრალოდ, ირწმუნეთ - ასეთებიც არსებობენ “ - ნანა აკობიძის ემოციური ამბავი

1656053147
ნანა აკობიძე

ჟურნალისტი - ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავს გადამხდარი ისტორიის შესახებ წერს. ის სტუდენტებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ დაფინანსების მოსაპოვებლად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და მიმართონ თუნდაც ბიზნესმენებს, რომლებიც სწავლას დააფინანსებენ.

„ახლა, ამ ვნებათაღელვაში თითქოს ამის დრო არაა, მაგრამ მეორეს მხრივ, რაზედაც ახლა ვწერ, ამის „დრო“ რომ არ გვაქვს, იმიტომ არ ვართ იქ, სადაც დღეს უნდა ვყოფილიყავით:

თავის ფეისბუკგვერდზე ერთმა ცნობილმა დიზაინერმა დაწერა, დაფინანსებისთვის ხშირად მაწუხებენ სტუდენტები და ჩემი რჩევა იქნება, პირდაპირ ხელისუფლებას ან ბანკირებს მისწეროთ, ჩემთან დროს ნუ დაკარგავთო.

ამ პოსტს რომ უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, მერე განმარტა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა ჩემს ნათქვამს, თქვენი დროის დაზოგვაზე იყო იქ საუბარი, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.

ცხადია, ორივე შემთხვევაში ჰქონდა და აქვს თავისი არგუმენტაცია, თუ რატომ დაწერა ის, რაც დაწერა (ნიჭიერი ადამიანია და ბრწყინვალედ იცის თავისი საქმეც და სათქმელიც).

მე ვწერ სხვა შემთხვევაზე - იმაზე, თუ რატომ უნდა მიმართონ სტუდენტებმა სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლებაზე და ბევრ ბანკირზე უკეთ ესმის ხარისხიანი განათლების ფასი და სასიცოცხლო აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.

ოღონდ ამას მოკლედ ვერ მოვყვები და შესაბამისად, ვინც აქამდე წაიკითხეთ, ბოდიში, რომ იმ დიზაინერისგან განსხვავებით, ვერ დავზოგავ თქვენს დროს - ცოტა ვრცლად მომიწევს:

სხვის ამბავს არ ვწერ, არც სხვისგან გაგონილს - საკუთარი სტუდენტი შვილის ამბავს ვწერ:

პარიზის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში სწავლობს და პანდემიის პიკზე, როცა მშობლებმა სწავლის საფასური ვერ გადავუხადეთ, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია კი მხოლოდ საცხოვრებელ ხარჯებს გაწვდა. მანაც გაიარა ის გზა, რასაც გადის დაფინანსების მაძიებელი სტუდენტი: ქართულმა ბანკმა - უარი (სესხს ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებზე გავცემთ მხოლოდო - ისიც მიზერულს).

განათლების საერთაშორისო ცენტრმა - მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურზე შეგვიძლია დაფინანსების განხილვა, გარკვეული პირობებითო.

„მისწერე ბიზნესმენებს“ - ვურჩიე მე.

„აზრი არ აქვს“ - მეჯიუტებოდა, „არა მგონია, ვინმე დაინტერესდეს“.

როგორც იქნა, დავარწმუნე და ერთდროულად ოთხ ბიზნესმენს მისწერა, სტანდარტულად: აუხსნა, სადაც სწავლობს და რაზე, რა პერსპექტივა აქვს დამთავრების შემდეგ და რა ფორმით შეუძლია, დაუბრუნოს ეს ინვესტიცია უკან (თანხითვე, ან საქმით).

იმ ოთხიდან ორს არ უპასუხია (ისე, ორივე ხშირად საუბრობს საჯაროდ განათლების ხელშეწყობაზე). მესამემ პიარს დაარეკვინა, რომელიც დიდხანს არკვევდა, რა სარგებლობის მოტანა შეეძლო ამ დაფინანსების მაძიებელ სტუდენტს მისი კომპანიისთვის - ეტყობა, ვერ დაინახა სარგებელი და მეტად არ დაურეკავს.

მეოთხემ კი იმ საღამოსვე მისწერა: „ბოდიში, რომ პასუხი დაგიგვიანეთ (ანუ გულისხმობდა იმას, მიწერიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ რომ უპასუხა.)

„მე უცხოეთში ვარ, დაურეკეთ ამას და ამას - გელოდებათ“.

მოკლედ იმ ადამიანმა, თავის გამოჩენაზე აბსოლუტურად არაორიენტირებულმა (მგონი, ფბ-გვერდიც რომ არ აქვს) ბიზნესმენმა დაუფინანსა ორივე სემესტრი.

კარგი იქნებოდა, ბოლომდე შემეძლოს მათი მიმოწერის სქრინის გამოქვეყნება, რაც ცალკე ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა დაეხმარო ადამიანს ისე, რომ არ აგრძნობინო ამ დახმარების ტვირთის სიმძიმე.

მაინც ვდებ სქრინის იმ „კუდს“, სადაც ჩემი შვილის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა საჯაროდ, მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ონლაინპლატფორმაზე მადლობა გადაუხადოს ამ სპონსორობის გამო, ის პასუხობს: „არ არის საჭირო ჩემი ხსენება, ეს ამიტომ არ კეთდება“.

სქრინიდან ინიციალებს ერთი მოსაზრებით არ ვშლი: ეს ძალიან სიმბოლურია - ასე ინიციალებით აწერდა ხელს ყველა წერილს - თითქოს ამით ხაზს უსვამდა, რომ მისი სახელი და გვარი ამ ამბავში არ იყო მნიშვნელოვანი.

მათ მიმოწერაში არის ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დიალოგი - ილუსტრაცია იმისა, რომ დამფინანსებელმაც და დაფინანსებულმაც უზუსტესად გაიაზრეს მათი „გარიგების“ არსი: „ხომ არაფერი შემიძლია, თქვენი კომპანიისთვის გავაკეთოო “- ჩემი შვილი სწერს და ის პასუხობს: „არც ახლა და არც შემდეგ - ისწავლე და გვასახელე, მხოლოდ ეს მოგეთხოვება“.

აქ თუ ვინმეს აგეცრემლათ - ბოდიში, უბრალოდ, ირწმუნეთ - ასეთებიც არსებობენ.

და არანაკლებ ამაღელვებელია დახმარების მიმღების (ჩემი შვილის) პასუხიც: „კარგი. მაშინ გპირდებით, რომ როცა დავამთავრებ და მუშაობას დავიწყებ, მე ჩემის მხრივ ერთ ჩემნაირ სტუდენტს დავუფინანსებ სწავლას“.

აი, რატომ დავწერე ეს პოსტი - მხოლოდ ასეთი ჯაჭვი უშველის ჩვენს განათლებას: ბიზნესმენი რომ ნიჭიერ, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტს დააფინანსებს, მერე ის სტუდენტი - სხვა სტუდენტს, ის კიდევ სხვას... და ყველა ერთად ამ განათლებას გამოიყენებს ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე, ყველაზე სუსტი რგოლი დღეს სწორედ ეს აქვს და მისი ნაკლებობის გამო ვართ იქ, სადაც ვართ.

მე მხოლოდ ამბავი მოვყევი - არანაირი მორალისტობა.

მხოლოდ სტუდენტებს ვეტყოდი, როგორც ჩემს შვილს ვუთხარი მაშინ: არ დანებდეთ - დააკაკუნეთ ყველა კარზე, როცა საქმე თქვენს ხარისხიან განათლებას ეხება - მისწერეთ, დაურეკეთ, შეაწუხეთ: ათი, ორმოცი ბიზნესმენი, მათ შორის დიზაინერი, ბანკირი, „ექიმი, მეწარმე, ლიდერი...“

მისწერეთ ისეთსაც კი, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ მას ვინმე დახმარების სათხოვნელად შეაწუხებს.

ათიდან, ორმოციდან ერთი აუცილებლად გიპასუხებთ: „ისწავლე და გვასახელე“ და წერილს ბოლოში მხოლოდ თავის ინიციალებს მიაწერს;

მერე კი თქვენ გააგრძელეთ იგივე.

ასე გეშველებათ, გვეშველება - ყველას ერთად“, - წერს აკობიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ

🔵„არაადამიანობით უსიამოვნოდ გამაოცა“ „ყველა საათს დაუკარგე ფასი“... - ზვიად ციკოლია ამ პოსტის გამო სკანდალში გაეხვია

🔵„მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შენი არხის ბავშვებს თავს დაესხა ვიღაც შენნაირი „ევროპელი“, ხმას როდის ამოიღებთ..?“ - ნათია ბერიძე კახა კინწურაშვილს