Digest Logo

პარასოციალური ურთიერთობა მედიისა და ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში - ფსიქოთერაპევტის საინტერესო განხილვა

1780405943
მაგდა კოტრიკაძე

პარასოციალური ურთიერთობა წარმოადგენს თანამედროვე მედია რეალობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფენომენს, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ემოციურ, კოგნიტიურ და ქცევით დამოკიდებულებას მედია აგენტების მიმართ.

აღნიშნული კონცეფცია პირველად ჩამოაყალიბეს ჰორტონმა და ვოელმა 1956 წელს და იგი განმარტებულია, როგორც ერთმხრივი, თუმცა სუბიექტურად რეალურად განცდილი კავშირი აუდიტორიასა და მედია პერსონას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედება ობიექტურად არ არის ორმხრივი, ინდივიდი მას აღიქვამს როგორც რეალურ სოციალურ ინტერაქციას, რაც ქმნის ურთიერთობის ილუზიას და ფსიქოლოგიურ ჩართულობას.
ტრადიციულ მედია გარემოში პარასოციალური ურთიერთობები ძირითადად უკავშირდებოდა ტელევიზიას, კინოსა და რადიოს, სადაც მაყურებელი განიცდიდა ემოციურ და ფსიქოლოგიურ სიახლოვეს წამყვანებთან, მსახიობებთან ან სხვა საჯარო ფიგურებთან. თუმცა, ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში აღნიშნული ფენომენი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა სოციალური მედია პლატფორმები, ინფლუენსერები, ვირტუალური ავატარები და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სისტემები.

შედეგად, პარასოციალური ურთიერთობა აღარ არის მხოლოდ მედია კონსუმციის გვერდითი პროდუქტი, არამედ იქცა აქტიურ და ინტენსიურ პროცესად, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევასა და აღქმებზე.
ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ პარასოციალური ურთიერთობის ხარისხობრივ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი. განსხვავებით ტრადიციული მედიისგან, AI ჩატბოტები ქმნიან ინტერაქციულ გარემოს, სადაც მომხმარებელს შეუძლია არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ დიალოგში შესვლა. ეს ინტერაქციული კომპონენტი აძლიერებს „ურთიერთობის რეალურობის“ განცდას და ქმნის ფსიქოლოგიურ ილუზიას, რომ კომუნიკაცია ორმხრივია. შედეგად, მომხმარებელი უფრო სწრაფად და უფრო ღრმად ჩამოაყალიბებს ემოციურ კავშირს ტექნოლოგიურ აგენტთან, რაც შეიძლება უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ტრადიციული მედიის შემთხვევაში.
პარასოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბება ეფუძნება რამდენიმე ფსიქოლოგიურ მექანიზმს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია იდენტიფიკაცია, ემოციური ჩართულობა და ნდობის ფორმირება. ინდივიდი იწყებს მედია აგენტის აღქმას, როგორც ნაცნობის ან „საკუთარ ადამიანის“, მის მიმართ ავლენს სიმპათიას და თანაგრძნობას, ხოლო განმეორებითი კონტაქტის შედეგად ყალიბდება სანდოობის განცდა.

ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში ამ პროცესს ემატება პერსონალიზაცია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ინდივიდის განცდას, რომ მასთან „პირდაპირ საუბრობენ“ და მისი ემოციები გათვალისწინებულია.
პარასოციალურ ურთიერთობებს გააჩნია როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური ფსიქოსოციალური შედეგები. დადებითი ასპექტების მხრივ, კვლევები მიუთითებს, რომ ასეთი ურთიერთობები შეიძლება ამცირებდეს მარტოობის განცდას, ზრდიდეს ემოციურ გახსნილობას და ქმნიდეს უსაფრთხო კომუნიკაციურ სივრცეს, სადაც ინდივიდი თავისუფლად გამოხატავს საკუთარ განცდებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ პირებისთვის, რომლებსაც უჭირთ სოციალური ინტერაქცია ან პროფესიონალურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვთ.
ამავე დროს, პარასოციალური ურთიერთობები უკავშირდება სერიოზულ რისკებს. ერთ-ერთი ცენტრალური საფრთხეა ემოციური დამოკიდებულების ფორმირება, როდესაც ინდივიდი იწყებს ტექნოლოგიურ აგენტზე ან მედია ფიგურაზე ფსიქოლოგურად მიჯაჭვვას. ეს პროცესი შეიძლება იწვევდეს რეალური სოციალური ურთიერთობების შესუსტებას და კომუნიკაციის მოთხოვნილების გადატანას ვირტუალურ სივრცეში. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები ხშირად მიმართულია მომხმარებლის დაკმაყოფილებაზე და იშვიათად სთავაზობს კრიტიკულ უკუკავშირს, რის შედეგადაც შესაძლოა გაძლიერდეს მცდარი წარმოდგენები და სუბიექტური აღქმები.

პარასოციალური ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია რეალობისა და სიმულაციის საზღვრის დაბინდვა, გაბლარვა. ხელოვნური ინტელექტის ინტერაქციულმა ბუნებამ შეიძლება შექმნას განცდა, რომ მომხმარებელი რეალურ ურთიერთობაშია, რაც განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ფსიქოლოგიურად დაუცველ ან ემოციურად მგრძნობიარე ინდივიდებზე.

ამ კონტექსტში ჩნდება „პარასოციალური ინტიმურობის“ ფენომენი, როდესაც ინდივიდი საკუთარ განცდებს, პრობლემებსა და პირად ინფორმაციას უზიარებს ალგორითმს ისე, როგორც რეალურ ადამიანს.
მედიისადმი ნდობის კრიზისის პირობებში პარასოციალური ურთიერთობები ხშირად ხდება ალტერნატიული ნდობის წყარო.

მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან იმ წყაროებს, რომლებიც მათთან ახლოა ემოციურად და ქმნის პერსონალიზებულ კომუნიკაციას, ვიდრე აბსტრაქტულ, ინსტიტუციურ მედიას. თუმცა ასეთი ნდობა ნაკლებად ეფუძნება ობიექტურობას და უფრო დამოკიდებულია ინდივიდის ემოციურ დამოკიდებულებებსა და იდენტიფიკაციაზე, რაც ზრდის დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობას.

პარასოციალური ურთიერთობა თანამედროვე მედია ეკოსისტემაში წარმოადგენს კომპლექსურ ფსიქოსოციალურ ფენომენს, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევას, ნდობასა და ინფორმაციის აღქმას. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერა და გადააქცია ინტენსიურ, ინტერაქციულ და პერსონალიზებულ ურთიერთობად.

მიუხედავად იმისა, რომ პარასოციალურ კავშირებს შეუძლია გარკვეული პოზიტიური ფუნქციების შესრულება, მათთან დაკავშირებული რისკები, მათ შორის ემოციური დამოკიდებულება, რეალობის დამახინჯება და სუბიექტური ნდობის ფორმირება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მედიისადმი ნდობის კრიზისის კვლევის კონტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ზესტაფონმა, იმ მიწა-წყალმა, იმ სუნმა ბალახის, საჭმლის და ღვინოსი, ჩემზე ძალიან დიდი კვალი დატოვა...“ - ნუგზარ რუხაძე

„ზესტაფონი ჩემთვის თვალის გახელა, მახსოვრობა, ყველაფერია...“ - ენძელა მაჭავარიანი

„უღალატო მეგობარი და საუკეთესო ვაჟკაცი, ყველასთვის სიხარულის მომტანი...“ - გია ბაღაშვილი მამუკა ონაშვილზე, რომელიც 58 წლის გახდებოდა