
ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან სამედიცინო საკითხებზე საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, ყველა ანტიდეპრესანტი იწვევს წონაში მატებას ხანგრძლივი მიღებისას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ქალებში.
ამასთან, ექიმის თქმით, ჯანმრთელობაზე მუდმივი ღელვა არ არის „ნორმალური“. ეს აშლილობაა და საჭიროებს ფსიქოთერაპიას:
„1. პირის ღრუს ინფექციები, მაგალითად კარიესი, პოტენციურად იწვევს სხვა ორგანოების დაზიანებას, პირველ რიგში გულის.
2. ბოლო დიდი, ესპანური კვლევის თანახმად, ყველა ანტიდეპრესანტი იწვევს წონაში მატებას ხანგრძლივი მიღებისას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ქალებში. გამონაკლისია ბუპროპრიონი.
3. საკმარისი მაგნიუმის გარეშე დ-ვიტამინი ვერ გააკეთებს საქმეს.
4. ასაკში სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს დემენციის წინამორბედი. მიდით დროულად ნევროლოგთან.
5. ვისაც წნევა გაწუხებთ მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები. ეს წნევას დაბლა დასწევს.
6. ყველაზე ეფექტური წნევის დამწევი სპორტი არის ეგრეთ წოდებული ფლენქი (planks). ამ დროს მთელი სხეულის ან გარკვეული კუნთების ჯგუფი იჭიმება, რაც შეიძლება დიდხანს.
7. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანს ექნება სარგებელი, თუ მიიღებს კრეატინს, დაახლოებით 3 გრამს დღეში.
ეს დადებითად აღინიშნება კუნთებზე და ასევე კოგნიტიურ ფუნქციებზე.
8. ის, რომ კრეატინი თირკმელს აზიანებს ან თმის ცვენას იწვევს, არის კლასიკური მითი.
9. ასევე შეეცადეთ, მით უმეტეს 40 წლის ასაკის ზემოთ, მიიღოთ მინიმუმ 1 გრამი ცილა წონის თითო კილოზე.
მაგ. თუ იწონით 80 კილოს, გჭირდებათ მინიმუმ 80 გრამი ცილა/პროტეინი დღეში.
10. ისიც მითია, რომ ცილა თირკმელს აზიანებს. თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან სხვა მძიმე დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ ჯერ თქვენს ნეფროლოგთან.
11. ოზემპიკი და სხვა მსგავსი მედიკამენტები ძალიან ეფექტურია წონის დაკლებისთვის. წონის დაკლების მიღმა მათ აქვთ ძალიან კარგი ეფექტი გულის უკმარისობაზე, მაღალ წნევაზე და ასე შემდეგ. მათ ასევე აქვთ გვერდითი მოვლენები, ასე რომ მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!
12. სექსუალური ცხოვრება, ლიბიდო არ არის მარტო ახალგაზრდების მონოპოლია. სრულიად ბუნებრივია და ძალიან სასარგებლო სექსი მაღალ ასაკში, 60-70 წლის მიღმა. ასეთ დროს შეიძლება დამხმარე რაღაცების გამოყენება, მამაკაცისთვის ვიაგრა ან მსგავსი პრეპარატი ერექციისთვის, ქალისთვის ლუბრიკანტი ვაგინალური გამოყენებისთვის.
13. ასევე სრულიად ბუნებრივია, პარტნიორის გარდა სხვა ადამიანებიც მოგწონდეს, გიზიდავდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან რამე გექნება. ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვრები.
14. შვილს სანამ გააჩენთ, ბოლომდე იყავით დარწმუნებული, რომ არ ქმნით საკუთრებას, ან ასაკში წყლის მომწოდებელს, სიბერის პატრონს, არამედ ახალ ადამიანს თავისი, ხშირად მშობლებისგან განსხვავებული გემოვნებით, წარმოდგენით, მსოფლმხედველობით, იდეოლოგიით...
15. რაც უფრო მეტი ბიჭი ჰყავს დედას უკვე გაჩენილი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ შემდეგი ბიჭი იყოს ჰომოსექსუალური ორიენტაციის. ამას დედის იმუნური სისტემა „აჩალიჩებს“.
16. ჭარბი ოფლიანობა, იგივე ჰიპერჰიდროზი, არის ჩვეულებრივი დაავადება და არა რაღაც სისუსტე თუ განაჩენი.
არსებობს მკურნალობის ბევრი ხერხი. ფარმაკოლოგიურად ე.წ. ანტიქოლინერგული პრეპარატებით, ასევე ბოტოქსის ინექციით ოფლიანობის არეალში.
არსებობს ასევე ქირურგიული ოპერაციაც ETS - ენდოსკოპიური ტრანსთორაკალური სიმპათექტომია. ეს ბოლო გულ-მკერდის ქირურგიის პრეროგატივაა.
17. ჯანმრთელობაზე მუდმივი ღელვა არ არის „ნორმალური“. ეს აშლილობაა და საჭიროებს ფსიქოთერაპიას.
18. სოლარიუმში ხშირი სიარული გარდა იმისა, რომ კანს ნაადრევად დააბერებს და დაამახინჯებს, მაღლა წევს მელანომის რისკსაც.
19. ჰიგიენა ეხება ორივე სქესს/გენდერს. აღარ არის დღესდღეობით აუცილებელი, მამაკაცმა თავისი კაცურობა ჰიპერბანჯგვლიანი ყურებით, მკლავებით თუ ინტიმური უღრანით დაამტკიცოს.
20. თან რაც უფრო დაბალია გალავანი, მით უფრო მაღალი ჩანს სასახლე, ძმებო!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შორენა ბეგაშვილი ახალი ნარინჯისფერი Iphone-ის მფლობელია - რა ვიდეოს გვიზიარებს მოდელი
🎥 „მე ვარ მძღოლი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს...“ - რას ჰყვება გიორგი გასვიანი