ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„რა ბადებს ნამდვილი კაცების დარდს? ბევრი რამ - ყველაფერს ვერც ჩამოთვლი.
ისეთ დარდს ვამბობ - წუხილზე მეტად პასუხისმგებლობა რომ არის.
შეიძლება იმ ფრაზამ გადარდოს: „ღმერთი მოკვდაო“.
შეიძლება იმან - რაღაც ღირსეულის გაკეთება რომ გინდოდა და ვერ შეძელი.
შეიძლება კარგი კაცების დუმილმა დაგადარდიანოს.
დილას ჩიტის გალობამაც შეიძლება მოგგვაროს ის დარდი, გაფრენილი სრულყოფილება რომ დაგიტოვებს.
შეურაცხყოფილი სილამაზეც გადარდებს სხვასა და საკუთარ თავს. ეს ლექსი მურმან ლებანიძემ 40 წლის წინ დაწერა.
ოთხი და ოცდაოთხი საუკუნის წინაც შეეძლო პატიოსან პოეტს ეთქვა:
„დილის ხუთზე გამოვიღებ არყის ბოცას,
(ხალხი მყავს და მიგზავნიან ჭაჭას...),
სადღეგრძელოდ - საიქიოს ხალხი მოჩანს,
სააქაოს - რა ვუყოთ, რომ არ ჩანს...
კაცს, შეწირულს, - ერი სცნობს და ჩანგი ლოცავს,
შეაჩვენებს - სისხლცივსა და ლაჩარს...
დილის ხუთზე გამოიღებს არყის ბოცას -
ღვთის წყალობით მიგზავნიან ჭაჭას!“.
დარდი მოგივა, აბა, რა იქნება, სადღეგრძელოს ღირსი „იქით“ თუ უფრო გეგულება, ვიდრე „აქეთ“.
ეს ლექსი უიმედობის წუხილს არ ჰგავს. უფრო შეძახილია - გამოჩნდით, სად ხართო?!
განა ისინი, თქვენი ჭკვიანი, გამბედავი და თავგანწირული წინაპრები ამ მიწამ, ამ ცამ, ამ მდინარემ, ამ ხალხმა და ამ ისტორიამ არ დაბადესო?!
„რა ვუყოთ, რომ არ ჩანსო"...
უნდა ვუყოთ!
იმ ჭაჭას თავისი მწარე სიმართლით მარტო წარსული კი არა, აწმყო და მომავალიც ეძვირფასება!
ჰოდა, ქართველო, დაალევინე მურმან ლებანიძეს ახლანდელი ღირსების სადღეგრძელო!
დილის ხუთ საათზე არყის ბოცის გამოღება და კაი კაცების სადღეგრძელოს თქმა რომ მოგინდება, ის დღეა ძვირფასი და კარგი.
ამას თანხმდებიან „აქეთაც“ და, თუ სამართალია - „იქითაც“. ჭაჭას კი გამოგიგზავნიან, მაგრამ დალევას - ხანდახან მაინც - კარგი მიზეზი სჭირდება.
აი, ისეთი - ცას რომ დედამიწას ასტუმრებს“, - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი