ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში მისი კოლეგა, გოგა ჩანადირი ეხმაურება:
„ძალიან დამწყვიტე გული ბადრი!
რა დროს შენი წასვლა იყო?
როგორ გიყვარდა სიცოცხლე, ცხოვრება, ადამიანები...
სიტყვებს ვერ ვპოულობ...
რამდენი ადგილი შემოგვივლია, რომ ძვირფასი კადრები აღგებეჭდა, ადამიანები გაგეხარებინა.
შენ წახვედი, მაგრამ დარჩა შენი გასაოცარი ფოტოები, ამბები, ალბომები და უამრავი ადამიანის სიყვარული...
ბადრი, ნათელში იყავი...
სულ მემახსოვრები კარგო ადამიანო“, - წერს გოგა ჩანადირი.
ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად 1971 წლიდან მუშაობდა. იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი.
1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იყო საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
ასევე იგი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).
ბადრი ვადაჭკორია იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
⭕ რა უნდა ვიცოდეთ „ზაფხულის დაავადებების“ თავიდან ასარიდებლად