Digest Logo

„როდესაც 14-წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დავბრუნდი, მიმიღო თავის რეზიდენციაში, დიდხანს ვისაუბრეთ, ღიად გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა“ - რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია

1773816888
კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია გამოეხმაურა და ილია მეორესთან შეხვედრის დეტალები, ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა გაიხსენა:

„პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა - ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად გაგონილი მქონდა, რომ ზვიადი და მისი მომხრეები ყველანაირად უჭერდნენ მხარს ცხუმ-აფხაზეთის ახალგაზრდა მიტროპოლიტს, ილია შიოლაშვილს და წინააღმდეგნი იყვნენ მისი კონკურენტის პატრიარქობისა. როდესაც მამაჩემი დაბრუნდა გადასახლებიდან 1980 წელს, მასთან ერთად ვესწრებოდი ყველა წირვას; იმჟამად ჩართულნი ვიყავით ეკლესიის საიდუმლოებში, ზეთს ვიცხებდით პატრიარქის ხელიდან. სიონის საკათედრო ტაძარი იმავდროულად გახდა ერთგვარი იატაკქვეშა კოხტასთავის შეთქმულების ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ პატრიოტები და დისიდენტი ინტელექტუალები, ისინი, ვისაც არ ეშინოდათ ციხის და გადასახლების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა.

გვახსოვს, როგორ იწყებდა ქართული ეკლესია თავის აღმავლობას 1977 წლიდან. სულ რაღაც 50-მდე მოქმედი ტაძარი, 70-მდე მღვდელმსახური მთელს საქართველოში. ყველგან შეზღუდვა, შევიწროება, ათეიზმი, კომუნისტური იდეოლოგია, კგბ-სუკის თვალთვალი და კონტროლი; სხვისი დროშები და სხვისი ისტორია, სუვერენიტეტი ცხადია, იმაზე მეტი, ვიდრე ცარიზმის დროს იყო, მაგრამ მაინც ძალიან შეზღუდული. პატრიარქის დიდი მეცადინეობით ეკლესია ამ წლებში გაიზარდა, წარმოიქმნა დიდი სინერგია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეკლესიისა; როდესაც „ზღვა საგუბრის კედელი“ დაიბზარა და დამხობა იწყო, გაიხსნა ახალი ტაძრები, ეკურთხა ბევრი სამღვდელო პირი. მახსოვს, ჯერ კიდევ საბჭოთა რესპუბლიკაში როგორ მატულობდა ხალხი აღდგომის ღამეს - ლიტანიობაზე, მორწმუნეთა რაოდენობა ყოველ წელს მეტი და მეტი ხდებოდა.

აჰა, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანამ უმძიმეს ქარტეხილებში გამოიარა. როდესაც 14 წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დავბრუნდი, მიმიღო კათოლიკოს-პატრიარქმა თავის რეზიდენციაში, დიდხანს ვისაუბრეთ, შემდეგ ღიად გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა ტელევიზიებთან. დაუვიწყარია მისი საჭირო და დროული მედიატორობა 2007-2009 წლის ანტისახელისუფლებო პროტესტის მიმდინარეობისას, სადაც მან უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ არ დაიღვარა სისხლი: გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში. არ დავკლებივარ პრაქტიკულად არც ერთ შეხვედრას იმდროინდელ ოპოზიციასთან, რომელიც საპატრიარქოში მისი ინიციატივით გამართულა, სადაც მიზანი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება იყო. ხოლო როდესაც ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევების შემდეგ, მან მიმიღო და დიდხანს ვისაუბრეთ - ეს იყო მისი მხრიდან ნუგეშისცემა.

როდესაც გროზნოში ზვიადის დაკარგული საფლავი მოიძიეს და მისი ნეშტი სვეტიცხოველში იქნა დასვენებული, კათალიკოს-პატრიარქმა პირადად აუგო წესი. დაკრძალვისას ამოვიდა მთაწმინდის პანთეონშიც, ლოცვები წაიკითხა მიწით ახლადდაფარულ საფლავთან. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ცოტნე პირველად დააპატიმრეს, მახსოვს, გულთან როგორ ახლოს მიიტანა, პირდაპირ ჩაერთო და მოხერხდა ცოტნეს გამოხსნა საპატიმროდან. როდესაც იგი მეორეჯერ დააპატიმრეს, არც ამჯერად დაუკლია მცდელობა პატრიარქს. ამ ბოლო დროსაც წუხდა, განიცდიდა ცოტნეს მძიმე მდგომარეობის გამო.

48 წლიანი ეპოქა დასრულდა, მისი მოღვაწეობა განაწილებულია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში, თითქმის თანაბრად. იგი მონუმენტური პანოსავითაა, რომელზედაც კარგად მოჩანს დასრულებული თუ დაუსრულებელი შტრიხები. მალე შეემატება საქართველოს მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს საფლავი მისი, ვინც ამდენი განსხვავებული შეხედულების და სულისკვეთების, პოლიტიკური გემოვნების და აღმსარებლობის ადამიანს უყვარდა. ხშირად მსმენია მისგან, მომიტევეთ, თუ რამეში არასწორი ვიყავიო. მიუტევოს უფალმა მასაც და ჩვენც. მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა, ჩემი სამძიმარი საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია. 

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

 ასევე დაგაინტერესებთ: 

ეპოქის დასასრული: როგორ გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას

„აღარ შეიძლება ოცნებების სამყაროში დარჩენა... დგება დრო, როდესაც შინაგანი ენერგია უნდა იქცეს მოქმედებად“ - ასტროლოგი ახალმთვარეობაზე

⭕ ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს