ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ამ ამბავს ბერი ლეონე ჰყვება:
ერთხელ, ზამთრის პირს, თხელ ძონძებში გამოწყობილ ფრანცისკე ასიზელს ძველი მეგობარი შეხვდა - ადრე ერთად ატარებდნენ დროს ღვინის სმასა და ათასგვარ გართობაში, ახლა კი იმ მეგობარს ძალიან გაუკვირდა, ფრანცისკეში ღვთის გლახა რომ დაინახა (ნიკოს კაზანძაკისი, „ღვთის გლახა“, ახალი ბერძნულიდან თარგმნა მაია კაკაშვილმა, „ინტელექტი“, 2021, გვ. 105):
- საიდან მოდიხარ, ჩემო ფრანცისკე, - ჰკითხა, ბოლოს უსაზღვრო თანაგრძნობით.
- სხვა სამყაროდან, - უპასუხა ფრანცისკემ.
- სად მიდიხარ?
- სხვა სამყაროში.
- რატომღა მღერი?
- გზა რომ არ ამებნეს.
სასოწარკვეთილმა მეგობარმა თავი გაიქნია. ეს ჭაბუკი გულკეთილი ჩანდა, რადგან ფრანცისკეს ხელი ხელში ჩაავლო და მეც მანიშნა, უკან მივყოლოდი.
- ფრანცისკე, ჩემო ძველო მეგობარო, კარგად თუ გაგიგე, სამყაროს ხსნა გინდა, მაგრამ მეც მომისმინე: ზამთარია, სახლში შემოდი. თბილ ტანსაცმელს მოგცემ, რომ სიცივისგან არ მოკვდე, თორემ სამყაროს როგორღა გადაარჩენ?
- ღმერთი მაცვია, - უთხრა ფრანცისკემ, - არ მცივა.
ამ შესანიშნავ რომანში მანამდეც და ამის შემდეგაც რაც ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ ეს „ღმერთი მაცვია, არ მცივა“ თავისთავად დასამახსოვრებელი ტექსტია - პატარა ნოველა ერთ ფრაზაში.
დიახ, არსებობენ ასეთი ფრაზა-ნოველები - კარგ პროზას უყვარს მცირეთი დიდის გადმოცემა.
როდესაც ცხოვრება მოგთხოვს ძნელად გადასატან სირთულეს გაუმკლავდე, გაიხსენე ღვთის გლახა და, ამასთან, ყველა დროის ერთი გამორჩეული წმინდანი - ფრანცისკე ასიზელი, რომელსაც წუთისოფლის ცივ გზებზე ხეტიალისას ღმერთი ათბობდა და შენს გულში წარმოთქვი მისი სიტყვები (შორეული წარსულიდან ნიკოს კაზანძაკისმა რომ გაიგონა).
სულ ოთხი სიტყვაა და სულის მთაზე აღმართული ჯვრის ოთხ მხარეს ჰგავს:
„ღმერთი მაცვია, არ მცივა“, - წერს გია მურღულია.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„აღნიშნული მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“: რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი?