
მწერალი ლია ლიქოკელი ადამიანების მიმართ ურთიერთობებში სოციუმის მიერ პასიურ ძალადობაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორ აძლევენ თავს უფლებას ადამიანები, დაწყებული ნათესავებითა და მეზობლებით, დამთავრებული სრულიად უცხოებით - კომენტარები აკეთონ ისეთ ინტიმურ რამეზე, როგორიცაა შენი სხეული, წონა, ფორმა თუ ჯანმრთელობა და ვერც კი ხვდებიან, რამდენად უზრდელები, სულელები და ზოგჯერ უბრალოდ ბოროტები არიან.
მთელი ცხოვრება ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ამ გაუთავებელი კომენტარებით და რეალურად, სასტიკი ბულინგით ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს ჭარბი წონის გამო და როგორ მოესპო ამის შედეგად ყველანაირი ჯანმრთელობა - ფსიქიკური თუ ფიზიკური, მუდმივი თავის გვემით თუ გულის წასვლამდე შიმშილობებითა და დიეტებით.
მთელი ცხოვრებაა ვუყურებ მახინჯი დიეტების კულტურისა და სასტიკი სილამაზის სტანდარტების შედეგებს როგორც სხვებზე, ისე საკუთარ თავზე: ჩემი ფსიქიკა ჯერ კიდევ მოზარდობისას გატყდა, დაიმსხვრა ამ ნიადაგზე და უბრალოდ გაწყვიტა კავშირი სხეულთან. მას შემდეგ სხეულის დისმორფიით ვიტანჯები და მთელი რიგი კვებითი აშლილობებიც მერგო. ამაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ მრცხვენია და მოკლედ ვიტყვი - ეს არის ჯოჯოხეთი.
მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორ იწამებენ თავს სრულიად "ჯანსაღი" წონის მქონე ადამიანები შიმშილობითა და ჯანმრთელობის შემარყეველი კვების რეჟიმებით იმის გამო, რომ რაღაც სტანდარტებში ვერ ჯდებიან, ან უბრალოდ, ეჩვენებათ, რომ ვერ ჯდებიან - ამ სიგიჟეში რაღაც მომენტში უბრალოდ კარგავ საკუთარი სხეულის აღქმას.
სიტყვა "ჯანსაღი" შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში. მე არ ვიცი, რა არის ჯანსაღი: რეალურ ცხოვრებაში BMI - სხეულის მასის ინდექსი - უბრალოდ არ მუშაობს. მაშინაც კი, როცა წონის დეფიციტის ზღვარზე ხარ, მაგრამ ორიოდე კილოგრამი მოიმატე, გამოჩნდება ვინმე, ვინც შეიცხადებს: „უი, როგორ მოსუქებულხარ, რატოოომ?“
და პასუხად რას შვრები? - კი. თავს იმართლებ. იმიტომ, რომ ასე ჩაგეტენა თავში: ყველა დამატებითი გრამი შენს სხეულზე არის სირცხვილი - შენ დამნაშავე ხარ და პასუხს გაგებინებენ.
ყველაზე უარესი კი მაინც ჯანმრთელობით მანიპულირება მგონია - აი, შენი ჯანმრთელობა ადარდებთ, სხვა კი არაფერი. არ დაიჯეროთ - ყველაზე ახლობლების გარდა, ჩვენი ჯანმრთელობა სრულიად ჰკიდიათ ადამიანებს: გააჩერეთ ვინმე და ელაპარაკეთ თქვენს თირკმელებზე - მაშინვე დარწმუნდებით ამაში.
ამიტომ, ჩვენს გამრუდებულ, უკუღმართ რეალობაში სხეულის წონა (ჯერჯერობით) პირველ რიგში ესთეტიკური საკითხია. სამწუხაროდ, სილამაზის სტანდარტები კონკრეტული სხეულის მოდელს გვთავაზობს და გვგონია, მას თუ არ მოვერგებით, ვერ ვიქნებით მისაღებები. და სწორედ ესაა უბედურება. რეალურად ამ კუთხით გვზომავენ და გვწონიან ზუსტად, და ამ ასპექტის გათვალისწინების გარეშე საერთოდ არ ღირს წონაზე ლაპარაკი. მხოლოდ მედიცინას აქვს ამის უფლება, და აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი მხოლოდ სხეული არაა - ფსიქიკა აქვს და ფსიქიკური ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი.
"ფსიქიკური ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ" ხალხის გასაგონად კი ვიტყვი, რომ სხეულზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. მიბმულია ნებისყოფაზე, მონდომებასა და მოტივაციაზე, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. და ბულინგი, ადამიანის შერცხვენა და დამუნათება არცთუ კარგი მოტივაციაა. უბედური, დანაშაულის გრძნობით გატანჯული ადამიანი ვერასოდესაა ისეთი ყოჩაღი, თუნდაც საკუთარ თავზე ზრუნვაში, როგორც ბედნიერი, თავდაჯერებული, მიღებული და საკუთარ მშვენიერებაში დარწმუნებული.
ჰოდა, კარგად დაფიქრდით, სანამ ადამიანებს ხორცის ნაჭრებივით გაზომავთ და აწონით. ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ვინმე იტანჯება ჩვენ გარშემო კვებითი აშლილობებით (ბევრმა თავადაც არ იცის, რა ჭირს, ბევრი არც აღიარებს), როგორ იტანჯებიან საკუთარი სხეულის მიუღებლობითა და გაუთავებელი ბრძოლით საკუთარ თავთან მხოლოდ იმიტომ, რომ ვერაფრით შევიგნეთ - სხეული ეკუთვნის სხეულის პატრონს. მისი ჯანმრთელობაც. ფორმაც. წონაც. და არავინ იცის ჩვენზე უკეთ, რა უჭირს და რა სჭირდება ჩვენს სხეულებს.
რაც შეეხება იმას, რა არის ლამაზი და რა არა - მინდა იმ დღეს მოვესწრო, როცა ადამიანის, კონკრეტულად კი ქალის, ღირებულება ამ აბსტრაქტული საზომით არ გაიზომება, განსაკუთრებით კი წონასთან მიმართებაში (ეს სიგამხდრესაც ეხება - „ვაიმე, როგორ გახდი, ავად ხარ? არ გაჭმევენ? ძვლები არავის უყვარს“ - ასევე ბოროტებაა). ბოლოს და ბოლოს, ის ბავშვები მაინც შეიბრალეთ, ვინც ახლა იზრდება, ნუ აყურებინებთ და ასმენინებთ ამას და როცა მსგავსი კომენტარების გაკეთება მოგინდებათ - უბრალოდ გაჩუმდით“, - წერს ლია ლიქოკელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვის რას მოუტანს 19 მაისის ახალმთვარეობა
🔵„აბა მამაკაცებო, რაღად გინდათ ცოლი, მისი ტვინის ჭამა, მისგან სალონის, ბოტოქს/ფილერების შმოტკების, რესტორნების ფულების თხოვა“ - თამარ ივერი
🔵„დღეს ახალმთვარეობაა - მოერიდეთ ფულის გასესხება-სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის“ - თამაზ ლომიძე