ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც შოთა რუსთაველის შემოქმედებაზე წერს:
„რუსთველმა შექმნა ფიქრისა და ნაფიქრის გამოხატვის ისეთი სტანდარტი, რომელიც რვა საუკუნეა საქართველოსთვის შემოქმედებითი გამოწვევაა.
ქართველთათვის მასზე უკეთ მხოლოდ ღმერთი დაწერდა.
როგორც ფსევდო-ლონგინე თავის ტრაქტატში „ამაღლებულისათვის“ წერს:
„მისი ზემოქმედება სავსებით დამოუკიდებელია ჩვენი ნება-სურვილისგან“.
როგორი იქნებოდა საქართველო რუსთველის გარეშე? - ნაკლებად ავთანდილური, ნაკლებად ბრძენი, ნაკლებად მშვენიერი და ნაკლებად საინტერესო.
თუმცა ამას ვერც ვიგრძნობდით, რადგან ძნელია ის მოინატრო და მოისაკლისო, რაც თუ ვინც არც გინახავს და არც გაგიცნობიერებია.
რუსთაველზე რომ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ სიტყვები ახასიათებენ მას, არამედ ის აძლევს ამ სიტყვებს აღმატებულ მნიშვნელობას.
ეს სიტყვებია:
გონიერება, ზნეობა, სიყვარული, ჭეშმარიტება, ნიჭიერება, გემოვნება, გამარჯვება, მშვენიერება, ძალმოსილება...
ნეტავ, როგორ გაისმებოდა რუსთველის ხმით ეს სტრიქონები:
„ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“;
„კაცმან საქმე მოიგვაროს „ვეჭვ, ჭმუნვასა ესრე სჯობდეს“;
„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“,
„ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს“;
„რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია“.
ეს ხმა მოუსმენლადაც საქართველოს დაუსრულებელი ბედნიერებაა.
რუსთველი არის ქართველობის უნაკლო ნიმუში, მაგალითი, განსახიერება და „ჩვენად ყოფნის“ სიხარული.
მასთან ერთად ჩვენ ფიქრის კონკურენციის არ გვეშინია.
სრულყოფილების გზაზე მის სახესა და ზურგს ერთდროულად ვხედავთ.
ის მოგვიწოდებს, ის მიგვიძღვის, ის გვიჩვენებს, ის გვაფასებს.
კარგია თუ ცუდი ერთი ადამიანის ასეთი აღზევება?
ვიღაცამ ამ კაცის ფრესკა გამოსახა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სხვა ვიღაცამ კი მისი სახელი საერთოდ გააქრო და ამოძირკვა „ქართლის ცხოვრებიდან“ (იქნებ ამიტომაც თქვა თავისი პოემის პროლოგში: „საქმე ვქმენ საჭოჭმანები“).
ორივე კანონზომიერია (თუმც მეორე გაუმართლებელია!) - სულისა და გონების იდეალური ჰარმონია ერთდროულად ამაღლებს ადამიანს და ძირსაც დასცემს - მნიშვნელობა იმას აქვს, საით მიგეჩქარება.
რუსთველის არც დაბადების დღე ვიცით და არც გარდაცვალების.
სამაგიეროდ ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია მისი უკვდავების დღე.
ეს დღე მარადისობაა.
სწორედ მას გვიწილადებს რუსთველი, როდესაც „ვეფხიტყაოსანს“ ვკითხულობთ და ვფიქრობთ იმაზე, ვინ არის ღმერთი, როგორია სამყარო, რას ნიშნავს იყო ადამიანი“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: