Digest Logo

„საკუთარი სიკვდილის სამი სასურველი სცენა მაქვს გამზადებული, სამივე განსხვავებულ ადგილას“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1770111067
გიორგი კეკელიძე

გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.

გიორგი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარი რომანიდან ამონარიდს გვიზიარებს:

„რაც ფიქრი მახსოვს - საკუთარი სიკვდილის სამი სასურველი სცენა მაქვს გამზადებული. სამივე განსხვავებულ ადგილას. ფრანგული კინოს მოყვარულებს არცერთი მოეწონებათ. იტალიურისას - სამივე.

პირველი: ალბათ ადრეული გაზაფხულია. მზე მხოლოდ კალენდრიდან ანათებს. დანარჩენი - ზამთარია. ვზივარ ოთახში მარტო. შემოდის მამაჩემი. შემოაქვს შეშა მკლავში ჩაწყობილი და საშეშეში აწყობს. დავანთოთ ცეცხლი, სიცივეა! - ამბობს მამაჩემი. დავანთოთ! - ვამბობ მე. მამაჩემი შეშას ღუმელში აწყობს და კვარს ცეცხლს უკიდებს. კვარი იწვის, მაგრამ შეშას ცეცხლი არ ეკიდება. შეიძლება ნედლია. კვარი ქრება. მამაჩემი ისევ უკიდებს და შეშა ისევ ჯიუტია. კვარი ქრება. ასე გრძელდება სამუდამოდ.

მეორე: ზაფხულის შუა. შუა აზია. იურტა. ირგვლივ მხოლოდ ცხენის სუნია და სიცხის სუნი. ცხენის ცხელი რძე შემოაქვს თურქმენ ქალს. თურქმენი ქალი გადის. ასე მგონია, რძეში მზეა. შეიძლება კვერცხია და მეშლება. სისხლი მისველებს - იღლიებს, კეფას, ხელებს. შეიძლება ოფლია და მეშლება. ვსვამ რძეს. თუ დავლევ, თუ დავცლი თასს - მოვრჩები. ვსვამ, პირში ვიგუბებ და ნელა ვყლაპავ - თვალებში რომ დილის წითელი ხაზებია, ეგ ნაპრალებად იქცევა და ორთქლი შემდის. ვსვამ, არ მთავრდება რძე, არ იცლება თასი. ასე გრძელდება სამუდამოდ.

მესამე: თოვლი. დიდი და ჰორიზონტის წამშლელი. ყინვა. დაბალჭერიანი სახლი, გაკვამლული თეთრი კედლებით და ოთახის ცენტრში გამორთული ტელევიზორით. ცოლად ყველაზე ლამაზი ჩუქჩა მყავს. ის დილით გავიდა მეზობელ ქალაქში, აფთიაქიდან წამლების მოსატანად. ლოგინიდან ვდგები, კარს ვაღებ და იქვე ვეცემი. თავს წამოვწევ. ვხედავ: ბავშვი უზარმაზარი ირმის ფიტულს გუნდებს ესვრის. მინდა დავუძახო - ძალა არ მყოფნის. კაცმა რომ თქვას, უკვე აღარც მინდა. ირმის ფიტულს გრძელი, ბევრტოტიანი რქები აქვს. ერთზე გაზის გადასახადის ქვითარია წამოცმული. გუნდა ხან ხვდება ამ ფურცელს. ხან არა. შემთრევი ამბავია. გასართობი. ასე გრძელდება სამუდამოდ“, - წერს გიორგი კეკელიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა - „დღესასწაული იყო ყველასთვის, უზომოდ მენატრება ჩვენი ღმერთ-კაცი“

„სწორედ ამიტომ აჭიანურებს ან საერთოდაც ვერ აგვარებს ამ პრობლემას...“ - რატომ ვურთიერთობთ ტოქსიკურ ადამიანებთან?

⭕„როცა იცვლება სიხშირე, იცვლება ის აზრებიც, რომლებსაც ჩვენი გონება იჭერს, შესაბამისად ჩვენი ცხოვრებაც, გარემოც“ - რას წერს ხათუნა ნოელი