საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.
დასძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.
შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.
ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ბუნებრივი ტუჩის ფორმა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე