ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთი შეხედვით უბრალო ფრაზებზე საუბრობს, რაც ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მისი თქმით, პარტნიორის აღიარება და გულწრფელი შექება არა მხოლოდ კარგ განწყობას იწვევს, არამედ პირდაპირ უკავშირდება ურთიერთობის ხარისხს, ნდობასა და ერთმანეთთან სიახლოვის სურვილის გაძლიერებას:
„როგორ გიხდება ეს ფერი“, „შენთან საუბარი ყოველთვის მსიამოვნებს“, „ვამაყობ შენით“... ასეთი ერთი შეხედვით უბრალო ფრაზები ურთიერთობაში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე ხშირად გვგონია.
პარტნიორის აღიარება და გულწრფელი შექება არა მხოლოდ კარგ განწყობას იწვევს, არამედ პირდაპირ უკავშირდება ურთიერთობის ხარისხს, ნდობასა და ერთმანეთთან სიახლოვის სურვილის გაძლიერებას.
ადამიანის ტვინი სოციალური აღიარების მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. როდესაც ვიღებთ დადებით შეფასებას, ტვინში აქტიურდება ჯილდოსთან დაკავშირებული სისტემები და გამოიყოფა ისეთი ნეირომედიატორები, როგორიცაა დოფამინი. სწორედ ამიტომ, გულწრფელი შექება სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება, თუმცა ურთიერთობაში ეს პროცესი უფრო ღრმაა, რადგან პარტნიორისგან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი არა მხოლოდ ჩვენს განწყობაზე მოქმედებს, არამედ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად სასურველად, დაფასებულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს.
ამერიკელი ფსიქოლოგი ჯონ გოტმანი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში შეისწავლა ოჯახური ურთიერთობები, აღნიშნავდა, რომ წარმატებულ და ხანგრძლივ ურთიერთობებში პოზიტიური ინტერაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ნეგატიურს. მისი კვლევების მიხედვით, ბედნიერ წყვილებში დადებითი და უარყოფითი ურთიერთქმედებების თანაფარდობა დაახლოებით 5:1-ს შეადგენს.
ეს ნიშნავს, რომ კრიტიკის, შენიშვნის ან კონფლიქტის ფონზე ურთიერთობას სჭირდება გაცილებით მეტი პოზიტიური ემოციური გამოცდილება, მათ შორის შექება, მადლიერების გამოხატვა და მხარდაჭერა. ჩვენ ყველას გვჭირდება იმის განცდა, რომ მნიშვნელოვანი ვართ იმ ადამიანისთვის, ვინც გვიყვარს. როდესაც პარტნიორი გვაქებს არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ პიროვნული თვისებების, მიღწევებისა და ძალისხმევის გამო, ეს ქმნის ემოციურ უსაფრთხოებას. ადამიანი იწყებს იმის დაჯერებას რომ დანახულია და სწორედ ეს განცდა წარმოადგენს ინტიმურობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს.
შექებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ფიზიკურ მიზიდულობაზეც. ემოციური კავშირი და სექსუალური ლტოლვა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როდესაც ადამიანი პარტნიორის გვერდით თავს დაფასებულად და სასურველად გრძნობს, ხშირად იზრდება სიახლოვის, შეხებისა და ინტიმური ურთიერთობის სურვილიც. სხვა სიტყვებით, ემოციური თბილი სიტყვები შესაძლოა იქცეს იმ ხიდად, რომელიც პარტნიორებს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურადაც აახლოებს.
თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პირობა არსებობს: შექება უნდა იყოს გულწრფელი. ადამიანები საკმაოდ კარგად ამჩნევენ ხელოვნურ კომპლიმენტებს. თუ სიტყვები მხოლოდ მანიპულაციის ან სასურველი შედეგის მისაღწევად გამოიყენება, მათი ეფექტი სწრაფად ქრება. პირიქით, კონკრეტული და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული შექება გაცილებით ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. მაგალითად, ფრაზა „ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ, როგორ პოულობ გამოსავალს რთულ სიტუაციებში“ უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ზოგადი „შენ საუკეთესო ხარ“.
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად გამოხატავენ მადლიერებას ერთმანეთის მიმართ, უფრო მეტად აფასებენ ურთიერთობის ხარისხს, უფრო იშვიათად განიცდიან გაუცხოებას და კონფლიქტის დროსაც უფრო ადვილად ახერხებენ ემოციური კავშირის შენარჩუნებას. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ შექება ურთიერთობის ერთგვარი „ემოციური საკვებია“. ის აძლიერებს კავშირის განცდას, ზრდის თვითშეფასებას, ამცირებს თავდაცვითობას და ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას. შედეგად, პარტნიორები ერთმანეთს არა მხოლოდ სიყვარულით, არამედ უსაფრთხოების, სითბოსა და სიახლოვის განცდით უკავშირდებიან.
ამიტომ კითხვაზე - „გაქებს და ბედნიერდები?“ - მეცნიერების პასუხი საკმაოდ მარტივია: დიახ, ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ხდება. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უყვართ, აფასებენ და მის დადებით მხარეებს ამჩნევენ, მისი ემოციური კეთილდღეობა იზრდება. ხოლო როდესაც ეს პროცესი ორმხრივია, შექება აღარ არის მხოლოდ სასიამოვნო სიტყვები ის ურთიერთობის ძალად გარდაიქმნება, რომელიც პარტნიორებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბარბარა სამხარაძე პრაღაში მოგზაურობს - „პატარა ბარბარა შენი მადლიერია ჩემო თავო“