ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო ჯანაშია გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„სიტყვები არ მყოფნის...
რატომ ხდება ასე, რომ შვილი უფრო ადრე კვდება მშობელზე? იქ ხომ მშობელიც მკვდარია უკვე. შვილის დაღუპვით გამოწვეულმა ტრაგედიამ გაანადგურა და საბოლოოდ მოუღო ბოლო.
ახლა ალბათ იმაზე ბედნიერია, ვიდრე შვილის დაღუპვის მერე, ამ ცხოვრებაში.
ამაზე ლაპარაკს მის სიცოცხლეში ვერიდებოდი, რადგან ერთხელ შეხვედრისას როცა წამოვიწყე, თავად ჩაკეტა თემა, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ სისტემის კორუმპირებულობას და უგუნურობას - პატრულის არასწორად დაგეგმილ ოპერაციას ემსხვერპლა მისი 24 წლის შვილი.
ვიღაცების კორუმპირებულობის და ნეპოტიზმის შედეგში არ უნდა ვიხდიდეთ ფასს ახალგაზრდების სიცოცხლით. ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს!
ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ოჯახს.
P.S.მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამიკრიტიკებია, არ ყოფილა შემთხვევა მას ჩემთვის ტელეფონზე არ ეპასუხა, ან შეხვედრა თუ მითხოვია, არ შემხვედრია. ყოველთვის გავუოცებივარ მის პროგრესულ მიდგომებს საკითხისადმი და ღირსეულ ოპონირებას“, - წერს ელისო ჯანაშია.
ცნობისთვის, ხახუბიას ოჯახში წლების წინ დიდი ტრაგედია მოხდა. როგორც ცნობილია, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა.
მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა.
ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: