Digest Logo

„შვილის ყოლა მშობლების ეგოისტური აქტია“ - ზღვარი უპირობო სიყვარულსა და საკუთარი ოცნებების მოხვევას შორის: რას წერს ლევან შელეგია

1790706732
ლევან შელეგია

ქართულ საზოგადოებაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და აქტუალურ თემაზე  მშობლისა და შვილის ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სოციალურ ქსელში პოსტს გერმანიაში მოღვაწე ექიმი ლევან შელეგია ავრცელებს.

ლევან შელეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშობლის უპირველესი და უპირობო მოვალეობა შვილის მიღება, მისი ინდივიდუალურობის პატივისცემა და მისთვის უპირობო საყრდენის შექმნაა, ნაცვლად ზრდასრული შვილის პირად ცხოვრებაში, პროფესიულ არჩევანსა თუ მსოფლმხედველობაში უხეში ჩარევისა:

„ერთ-ერთი ყველაზე არსებითი და ამავდროულად ცხელი თემა ქართულ და სხვა სამხრეთულ საზოგადოებებში.
არსებითი იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების, როგორც თითოეული ადამიანის პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ აქ იღებს სათავეს.

შვილი არ ითხოვს საკუთარ გაჩენას!

კარგად დაუფიქრდით ამ წინადადებას!

შვილი არ ითხოვს საკუთარ გაჩენას.

შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი.

და ამაში, აპრიორი, არაფერია ცუდი.

მშობლებს უნდათ შვილი მრავალი მიზეზის გამო და ყველა ეს მიზეზი უკავშირდება მათ ნებას, სურვილს, წარმოდგენებს, ტრადიციებს, ნორმებს.

მაგრამ შვილი როგორც კი ჩნდება, ის არის მესამე, დამოუკიდებელი, ავტონომიური პიროვნება და არავითარ შემთხვევაში მშობლების საკუთრება, მათი არ თუ ვერ რეალიზებული სურვილების და ოცნებების ახდენის ვალდებული, ან ამის გარანტი!

ძალიან ხშირია, როცა შვილი დაჰყავთ მუსიკაზე იმიტომ, რომ დედის ან მამის ვერ მიღწეული მსოფლიო პიანისტობა შვილმა შეძლოს. არადა ამ შვილს არავინ ეკითხება, უნდა თუ არა ან მუსიკა, ან სცენა ან მსოფლიო კარიერა. და ამის მაგალითები ულევია, საუბედუროდ.

ეს არის შვილის ინსტრუმენტალიზება, პრივატიზაცია, მისი დათრგუნვა, მისი დაავადებაც კი.

ეს არ არის შვილის უპირობო სიყვარული, რაც მშობლების უპირველესი, ასევე უპირობო მოვალეობაა.

შვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუდამ იმის შეგრძნება, რომ არის ადგილი (აუცილებლად გეოგრაფიული არა), სადაც ის ყოველთვის ისეთი უყვართ, როგორიც ის არის, ანუ უპირობოდ.

ეს შეიძლება სხვა ადამიანებისთვის თქვენი შვილის გარემოში ნებაყოფლობითი, არჩევითი იყოს. თქვენ კი, როგორც მშობელს, ამ უპირობო სიყვარულის და ზურგის გამაგრების 100% ვალდებულება გაქვთ, რადგან ეს ვალდებულება შვილის ყოლის უფლების მედლის მეორე მხარეა.

ძალიან გთხოვთ, მოისმინეთ და პატივი ეცით თქვენი შვილების ინდივიდუალობას!


იამაყეთ, რომ ისინი ყველაფერში ბრმად არ არიან თქვენი აზრის, რომ არიან განსხვავებული შეხედულებების, მსოფლმხედველობის, გემოვნების, მგრძნობელობის, ჰორიზონტის, სიყვარულის. და საკუთარი გზის გავლა სურთ, რომ იყვნენ ის, რაც და ვინც მათ უნდათ და არა მშობლების არაფრის მთქმელი, შავ-თეთრი, უსიცოცხლო და უბედური ასლები.

მშობელი არ უნდა ჩაერიოს ზრდასრული შვილის:

- პირად ცხოვრებაში
- განათლების და პროფესიულ საკითხებში
- რწმენასა თუ აღმსარებლობაში
- ზოგად მსოფლმხედველობაში (პოლიტიკური, სოციალური, ეთიკური, სულიერი…)

ვიცი, ეს ხშირად ძნელი და რთულია. მაგრამ დაახლოებით სკოლის ბოლოს ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს იდენტობის კრიზისი, რომ იპოვოს საკუთარი, ნაღდად მისი იდენტობა, მისი ჭეშმარიტი მე, რომელიც გახდება მისი ცხოვრების ღერძი. და ამაში ხელის შეშლა უბრალოდ დანაშაულია.


მე არ ვამბობ, რომ შვილებს არ უნდათ აღზრდა, მითითებები, აკრძალვები, ზღვრის დაწესება
ბავშვობის პერიოდში. რა თქმა უნდა, მშობელმა უნდა მისცეს ბევრი მითითება.

ეს პოსტი ზოგადად მშობლების შინაგან, ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზეა შვილების მიმართ და არა კონკრეტულ „შეიძლება-არშეიძლებაზე”.

დარწმუნებული ვარ, ყველას ერთი გვინდა: ბედნიერი, თვით რეალიზებული, „მრავალცხვირგატეხილი” და თვითნაპოვნი, თვითმყოფადი, ბედნიერი შვილები, მომავალი თაობა, იმედი, წინსვლა.

გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ემოციურ პასუხს მოერიდეთ...“ - რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს უახლოეს დღეებში: თაკო მელიქიშვილი ასახელებს

⭕ „საოცარ ფორმაში ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს მაკა ზამბახიძე

⭕ „წარმოსახვა ხშირად რეალობაზე საშიშია“ - გიორგი ლობჯანიძის ეგზისტენციალური და ფსიქოლოგიური დაკვირვებები ცხოვრების გაკვეთილებზე

✕